საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი რუსულ ინტერესებს ეფუძნება. ამის შესახებ რობინსონმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად სასტუმრო "რედისონში", სადაც საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
"ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულ ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციულ მისწრაფებებში და ეს კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს წაადგება და, რაც უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებიც ასე ფიქრობენ, რომ არ არის ეს სწორი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავრწმუნდეთ, თუ რა არის მათი პრიორიტეტი, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - თქვა ტოდ რობინსონმა.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სესიაზე.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მოძრაობა "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში და მას მხარს უმრავლესობის დანარჩენი წარმომადგენლებიც უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.