ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღება ნიშნავს, რომ პარლამენტი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს რუსეთისკენ მაშინ, როდესაც ხალხის არჩევანია ევროპა.
"მე ვიცნობდი სამოქალაქო აქტივისტებს რუსეთიდან, ბელარუსიდან, სხვა ქვეყნებიდან, სადაც ასეთი კანონები მოქმედებს. 10 წლის წინ ვნახე ისინი და დღეს მე არ ვიცი, სად არიან - ზოგი ქვეყნიდან წასულია, ზოგი დაიჭირეს, ზოგი მოკლეს, ზოგს გული გაუსკდა, ვერ აიტანა აგენტის იარლიყის მიწებება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ახლა აქ დგახართ და ერთმანეთს, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა. ერთად დგომით უნდა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, არა მხოლოდ ისტორიული იდენტობა. მეგობრებო, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს - ამით ვიამაყებთ, შთამომავლობას მოვუყვებით. მოვუწოდებ პარლამენტს, არ დაუშვან ეს ისტორიული შეცდომა...
ყველას გთხოვთ, გამოდით, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, ეს არაა ვინმეს პოლიტიკური აქცია, ეს არის გამოხატვის საშუალება. ჩვენ ყველა აქ ვდგავართ ერთად, შეგვიძლია ერთად დგომა, როცა ამ ქვეყნისთვის დგება გადამწყვეტი მომენტი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტია და ამ კანონპროექტების ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.