Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ საზოგადოებას მოუწოდა, "აგენტების" კანონპროექტის განხილვა გააპროტესტონ


აქცია პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 2023 წლის 6 მარტი
აქცია პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. 2023 წლის 6 მარტი

ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, ოპოზიციონერი დეპუტატები მოსახლეობას პარლამენტიდან მიმართავენ და საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

"მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც გარეთ არიან შეკრებილნი და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა ხართ სახლში. აქ ამ პარლამენტში დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი, რომ იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. ამიტომ მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც შეიყუჟნენ აქ პარლამენტში და ცდილობენ, რომ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა და რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს ჩაუკეტონ დარბაზი", - თქვა პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

"საქართველოს მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა: აი, ეს არის ამათი ლუსტრაცია, აი, ასე აპირებენ, რომ თქვენი მომავალი ჩააგდონ ნაგვის ყუთში. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩვენ აქ ვაპირებთ ბრძოლას, მოდით პარლამენტთან. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთიანობით ამ მავნებელი, მოძალადე, მატყუარა ადამიანების წინააღმდეგ", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

პლენარული სხდომის დარბაზში განხილვას ოპოზიციის ნაწილი ესწრება. მათ შორის დარბაზში არაა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა უმრავლესობა. ხატია დეკანოიძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ საზოგადოებას ამცირებენ, როდესაც სიტყვას გადადიან და დაჩქარებულად გამოაქვთ კანონპროექტები განხილვაზე.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად მზად იყო, თუმცა "ქართული ოცნების" განცხადებით, მათი განხილვა 9 მარტის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG