Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აქციის მონაწილეებს: უზრუნველყავით, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი


აქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. შსს-ს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის -"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტია და ამ კანონპროექტების ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG