„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის კანონად ქცევამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ უკვე იქცა კანონპროექტის დისკრიმინაციული შინაარსის გავლენის სამიზნედ. საქმე ისაა, რომ ამ ორგანიზაციას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედია საშუალებებისგან განსხვავებით, „აგენტის“ იარლიყი კანონპროექტის მომხრეებმა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში მიაკერეს, არამედ სულ ცოტა ხნის წინ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წევრები კანონპროექტის დისკრიმინაციული და დამამცირებელი გავლენის ქვეშ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, სასამართლოს დარბაზში მოექცნენ.
28 თებერვალს, ანა აბაშიძემ, ორგანიზაციის იურისტმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამონარიდი ოპონენტი კოლეგის შუამდგომლობიდან, რომლითაც ადვოკატმა ზურაბ ჯანაშიამ, ორი დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მიმართა:
"არასამთავრობოების დარიგებულია მოსარჩელე და თან იმ არასამთავრობოების, რომლებსაც ახლო მომავალში შესაძლებელია უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოთ, მათი საქმიანობის ნამდვილი და დაფარული ბუნებიდან გამომდინარე", - წერს ზურაბ ჯანაშია მოსამართლეს და ამ „დაღით“ ცდილობს გაამყაროს მის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ერთ-ერთ საქმეზე, რომლის განხილვაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სასამართლოში.
საქმე არასრულწლოვნებს ეხება. სხდომები დახურულია და ამიტომ ანა აბაშიძე საქმის დეტალებზე ვერ გველაპარაკება. თუმცა, ამბობს, რომ ორგანიზაცია ამ საქმეში იცავს რამდენიმე ბავშვსა და ახალგაზრდა ქალს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები და მშობლების ზრუნვას მოკლებულნი:
„ეს საქმე თავისი შინაარსით უკიდურესად დამთრგუნველი და მძიმეა ბავშვებისთვის. ამ საქმის განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მძიმე ემოციების, ტკივილების ფონზე. აი ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეზე, მოპაექრე მხარე, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა მაღალი ეთიკით, გადის ყოველგვარ საზღვრებს და საქმეში შემოაქვს აბსურდული დეტალი, რასაც, რეალურად, პირდაპირი კავშირი აქვს სახელმწიფოს მიერ წარმოებულ დამაზიანებელ პოლიტიკასთან. ჩვენ აქამდე თეორიულად განვიხილავდით რუსული კანონის სამომავლო ნეგატიურ ეფექტებს, ვაანალიზებდით, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ამ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს, თუმცა, აი, უკვე დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ქცეულა კანონად, უკვე შემოიჭრა ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში. და ამის მიზანი ზუსტად ის არის, რასაც ვშიშობდით, ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ჩემი ორგანიზაციის, რომელიც ბავშვებს იცავს, ძალადობა გამოვლილ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებს, დისკრედიტაცია და დაკნინება. ეს კანონპროექტი სამართლებრივი დავის ფარგლებში უკვე გამოყენებულია ინსტრუმენტად. შუამდგომლობაში ნახსენები საკითხის მხარდასაჭერად ადვოკატს უკვე მოჰყავს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი, როგორც არგუმენტი“.
„ვიხუმრე“ - როგორ განმარტა შუამდგომლობის შინაარსი ადვოკატმა სასამართლოში
პირველ მარტს, არასრულწლოვნების საქმეზე მიმდინარე მორიგი სხდომისას, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა, მოსამართლე მანანა ნიკაჭაძეს ზურაბ ჯანაშიას დაჯარიმების შუამდგომლობით მიმართეს. მათ სხდომის მსვლელობისას წაიკითხეს ადვოკატის მიერ შუამდგომლობაში ნახსენები ციტატა „აგენტების“ შესახებ. მოსამართლემ ადვოკატის დაჯარიმებაზე უარი განაცხადა. ადვოკატმა კი თქვა, რომ მართალია, ტექსტი ნამდვილად მან დაწერა, თუმცა, მისი შინაარსი სხდომაზე „ხუმრობად“ გაასაღა:
„როგორც კი ადვოკატის დაჯარიმების შუამდგომლობა დავაყენეთ, მოსამართლემ დაიწყო კარნახი, პრაქტიკულად ეხმარებოდა ადვოკატს, რომ თავი ემართლებინა. მაგალითად, ეუბნებოდა, იქნებ, თქვენ არ დაგიწერიათ ეს შუამდგომლობა? იქნებ თანაშემწემ დაწერა და თქვენ ავტომატურად მოაწერეთ ხელი? იქნებ, სხდომათა დარბაზში განუდგეთ ამ წინადადებას და თქვათ, რომ არ ეთანხმებით. ცდილობდა, რომ რამენაირად გამოეძვრინა ადვოკატი ამ სიტუაციიდან. თუმცა, ადვოკატმა თქვა, რომ დიახ, მისი შედგენილია შუამდგომლობა, თუმცა, განმარტა, რომ მან მხოლოდ იხუმრა. რა თქმა უნდა, ამ ხუმრობის არავის სჯერა. სულელი უნდა იყო, რომ ამ შუამდგომლობაში, სადაც საქმე ეხება უმძიმესი ძალადობის საქმეს ბავშვების წინააღმდეგ, იხუმრო“, - მეუბნება ანა აბაშიძე.
მისივე შეფასებით, ზურაბ ჯანაშია სხდომათა დარბაზში „დათრგუნულად“ გამოიყურებოდა. ანა აბაშიძე ვარაუდობს, რომ ადვოკატს, სავარაუდოდ, შენიშვნა მისცეს მმართველი გუნდიდან:
„მას, როგორც ჩანს, დიდი საყვედური აქვს მიღებული. და ამ დროს თუკი ვინმე უსაყვედურებდა მას, ეს ალბათ ისევ „ქართული ოცნება“ იქნებოდა. არგუმენტიც მოიფიქრეს, რომ ეს იყო ხუმრობა“.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებმა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ადვოკატის დაჯარიმების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ამ საკითხზე მოსამართლე სათათბიროდაა გასული და მისი გადაწყვეტილება ადვოკატებს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ეცნობებათ.
როგორ განმარტავს ადვოკატი „აგენტების“ შესახებ ფრაზას რადიო თავისუფლებასთან
რადიო თავისუფლება ესაუბრა ადვოკატ ზურაბ ჯანაშიას, რომელიც ამბობს, რომ ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა, „კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი“. მისი მტკიცებით, ეს ტექსტი მას არ გამოუყენებია წერილობითი შუამდგომლობის განსამტკიცებლად. მისივე თქმით, ეს ფრაზა მას არც კონკრეტული პირების დისკრედიტაციისთვის გამოუყენებია, თუმცა, ამბობს, რომ დაცვის მეთოდი, რა მეთოდითაც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ საქმეებზე მუშაობს, შესაძლოა, არ ემსახურებოდეს "ქართულ ინტერესებს" და ამის წინააღმდეგ ის „ყოველთვის გაილაშქრებს“:
„არავინ არ მომიხსენიებია აგენტად და არავის მიმართ არ გამიჟღერებია ბრალდება. მე, გამოვთქვი ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციების მხრიდან მუშაობა მიდის არა ისე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დარღვეული უფლებები აღადგინონ, არამედ ისინი ადამიანებს იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით, რაც შესაძლოა, არ იყოს ქართული ინტერესი და შესაძლოა, არ იყოს ზოგადად გამართლებული ინტერესი. ნათლად ჩანს, რომ როდესაც სასამართლოში ამ საქმეზე სარჩელი შემოდიოდა, ვიღაცამ მოსარჩელეებს უთხრა, რომ თქვენ მიიღებთ კომპენსაციას და ამით ისინი იყვნენ პროვოცირებული და მოხიბლულები და მათი ინტერესი იყო თანხის მიღება და არა დარღვეული უფლების აღდგენა. თუ ადამიანის უფლება დაირღვევა, ცხადია, მას აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია, მაგრამ ჩემი პროტესტი არის ის, რომ ანა აბაშიძის ორგანიზაცია, ასევე სხვა ორგანიზაციები, ისინი არ ცდილობენ მტკიცებულებით დაამტკიცონ რაიმე, არამედ, ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ სტანდარტი, სადაც თავად იტყვიან რაღაცას და შემდეგ ამას აქცევენ ე.წ. მტკიცებულებად. ვიმეორებ, სოციალურ ქსელში გასაჯაროებული ფრაზა იყო ფრჩხილებში მოყვანილი ფრაზა, რომელიც შუამდგომლობის კონტექსტთან არ იყო დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩემი პროტესტი იყო ამ საქმიდან გამომდინარე. ამ საქმეში როგორ იქცევიან ორგანიზაციები, რა მეთოდებით ცდილობენ შედეგის მიღწევას, ეს ჩემში ძალიან მძიმე ემოციებს იწვევს. აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძველი, რომ მქონდეს ამ ორგანიზაციების მისამართით გარკვეული პროტესტი. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს რაიმე ბრალდებას ვუყენებ, ან აგენტად ვაცხადებ, ან ვპირდები, რომ მომავალში გამოცხადდებიან აგენტად“.
რაც შეეხება პირველ მარტს, სასამართლოში გაკეთებულ განმარტებას, რომ მან „იხუმრა“, ადვოკატი ამბობს:
„მათი მოთხოვნა იყო, რომ გამეჟღერებინა ის სიტყვები, რაც შუამდგომლობაში მეწერა, რისი მოტივაციაც ნამდვილად არ მქონდა. და ამის შემდეგ, მოსამართლე აიძულეს, რომ აუცილებლად დამეფიქსირებინა პოზიცია, თუ რა ეწერა წინა დღით წარდგენილ წერილობით შუამდგომლობაში, რაზეც განვმარტე, რომ არავის მიმართ შეურაცხყოფის მიზანი არ მქონია, არც წარსულში, არც მომავალში მექნება და ეს უბრალოდ ჩემი ემოცია იყო იმ ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც ცდილობენ ადამიანები მოატყუონ, დაარწმუნონ, რომ მიიღებენ კომპენსაციას მალე და ამით დაიყოლიონ სარჩელის შეტანაზე და ეს ჰქონდეთ მათ სასაუბრო თემად“.
აპირებს თუ არა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ზურაბ ჯანაშიას წერილობით შუამდგომლობაში მოყვანილი ფრაზის გამო მის მიმართ დისციპლინარული საკითხის განხილვას, ასოციაციაში გვითხრეს:
„ადვოკატის ქცევაზე, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს მის მიმართ დისციპლინარული წარმოების საგანი, ადვოკატთა ასოციაცია წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს“.
რატომ ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითლიკვიდაციის საფრთხე?
„ხალხის ძალას“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქმნის, პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით უკვე ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული. პირველი კანონპროექტი, რომელსაც ისინი კანონპროექტის ქართულ ვარიანტს უწოდებენ, დეპუტატებმა 14 თებერვალს წარადგინეს, მეორე, ე.წ. ამერიკული ვარიანტის „ზუსტი ანალოგი“ (ასე მოიხსენიებენ ავტორები ამ კანონპროექტს), ორი კვირის თავზე, 27 თებერვალს. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით, ერთდროულად იქნება დამტკიცებული. ამის შემდეგ კი კანონპროექტებს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაში გაამწესებენ შეფასებების მისაღებად.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე.
„ქართული“ და „ამერიკული“ კანონპროექტები, პირველივე დღეებიდან მოექცა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მათ შორის, დიპლომატების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის არეალში. სხვადასხვა განცხადებაში, ისინი კანონპროექტებს „შემაშფოთებელს“, „დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას“, „ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან შეუთავსებელს“ უწოდებენ.
კანონპროექტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არ წერია, რომ „უცხო ქვეყნის“ თუ „უცხო ძალის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან „აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირების თავიდან აცილების გამო, ორგანიზაცია გაუქმდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანა აბაშიძე, საკუთარი ორგანიზაციის მაგალითზე მიხსნის, რატომ ემუქრება მათ ორგანიზაციას, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დონორების მიერ ფინანსდებიან, თვითლიკვიდაცია.
პირველ რიგში, ანა აბაშიძე ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მათი ორგანიზაცია არ გეგმავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას ის ასე ხსნის:
„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ღირსებაშელახული ადამიანი სხვის ღირსებას და უფლებას ვერ დაიცავს. მთელი ცხოვრება, ჩემს მეგობრებთან ერთად ვშრომობ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული უფლებები და გარანტიები იყოს დაცული დაუცველი ადამიანებისთვის და ამას ვაკეთებ ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრების მთავარ იდეას არქმევენ არა კონსტიტუციური უფლებების დაცვისთვის მუშაობას, არამედ რომელიმე ქვეყნის, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის, გავლენის გამტარებელს, მე კი აგენტს მიწოდებენ. ეს კანონი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს დემოკრატიას, რომლის ფარგლებშიც არსებობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. როდის ვარქმევთ რაღაც კონკრეტულ საქმეს სხვა ქვეყნის ინტერესებს? მაშინ, როდესაც ამ სხვა ქვეყნის ინტერესები არ ემთხვევა შენი ქვეყნის ინტერესებს. და რა გამოდის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებს არ ემთხვევა, მაგალითად, ბავშვების, ქალების, შშმ პირების უფლებების დაცვა?“.
გარდა ამისა, ანა აბაშიძე ამბობს, რომ, მაგალითად, მათი ორგანიზაციისთვის, „აგენტად“ დარეგისტრირებას, „მეორადი ნეგატიური ეფექტიც“ ექნება მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებსა და მიმდინარე საქმეებზე:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, წარვადგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ასევე არის უაღრესად პერსონალური შინაარსის. მათ შორის, ეს ინფორმაცია მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ისეთი საქმეებში, სადაც ჩვენ სახელმწიფოს ვედავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რუსული კანონის ძალით შეიარაღებული, ავტორიზირებული პირი, გააღებს კარს, შემოვა ჩვენს ოფისში, და ძალიან ბევრ მკაცრად დაცულ პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, მოიძიებს იმ ინფორმაციასაც, რომელსაც აუცილებლად გადასცემს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩემი კლიენტის წინააღმდეგ, რომ შემდგომ დამარცხდნენ დავებში“.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თუ რატომ ემუქრება მათ ორგანიზაციას ლიკვიდაციის საფრთხე, ანა აბაშიძე ამბობს, რომ ისინი ვერ გადაიხდიან ჯარიმას, რომელიც კანონპროექტის თანახმად, „აგენტების“ რეესტრში თავის არიდების შემთხვევაში დაწესდება.
კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. თუმცა, კანონპროექტი მხოლოდ 25-ათასლარიანი ჯარიმით არ შემოიფარგლება:
„კანონპროექტში წერია, რომ როგორც კი არ დავრეგისტრირდები დანიშნულ ვადამდე, ჩვენ ავტომატურად დავჯარიმდებით 25 ათასი ლარით. ამის შემდეგ, ავტომატურად ხდება ჩვენი დარეგისტრირება და შემდგომში ვალდებული ხდები, განაახლო მონაცემი და თუკი არ განაახლებ, კიდევ 10 ათასი ლარით დაჯარიმდები, ანუ საბოლოოდ, შედეგი იქნება ის, რომ შენ აუცილებლად იქნები რეგისტრირებული რეესტრში და პლიუს შენს ორგანიზაციას დაეწერება 35 000 ლარიანი ჯარიმა და თუ არ გადაიხდი, ავტომატურად დაყადაღდება შენი ანგარიშები. პირველი, ჩვენ არანაირი რესურსი არ გვაქვს რაიმე ტიპის ჯარიმა გადავიხადოთ. პირდაპირ გეტყვით, საკუთარი ხარჯებით დავდივართ, საქმეების დაახლოებით 40%-ის განხილვებზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია სამოქალაქო სექტორისთვის. და მეორე, თუკი მე ამ რეესტრში იძულებით დამარეგისტრირებენ, ერთადერთი გზა, რომ გავქრე ამ რეესტრიდან, არის ორგანიზაციის ლიკვიდაცია. ამიტომ ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენ გაიძულებენ, შენივე ხელით გაუკეთო ლიკვიდაცია შენს ორგანიზაციას. აი, ეს მოხდება“.
ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება სავალდებულო იქნება კანონის მიღებისთანავე - ჯარიმების დაკისრება კი, ორ თვეში, 60 დღეში დაიწყება.
მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკისა, მიუხედავად საპროტესტო განცხადებებისა, რომლებსაც ასობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს, დაგეგმილია, რომ ორიდან ერთ-ერთი პროექტი ივნისის ბოლომდე, სამივე მოსმენით დამტკიცდება.
კანონპროექტების განხილვა 2 მარტიდან იწყება. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.