Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის "დაუბრუნებლობის წერტილები“ - "საქართველოს აგრესია" და "ყირიმის რეფერენდუმი"


დმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიაში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დასავლეთი დაადანაშაულა საბჭოთა კავშირის დაშლასა და დღეს უკვე რუსეთის დაშლის მცდელობაში და კვლავ მიუთითა ბირთვული იარაღის გამოყენების პოტენციურ საფრთხეზე.

როგორც მედვედევი წერს, „საბჭოთა კავშირის შექმნის შარშანდელმა 100 წლის იუბილემ ჩაიარა ტექტონიკური პროცესის ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ სამი ათწლეულის წინ ჩაისახა და 2022 წელს გამოიწვია ძლიერი, დამანგრეველი რყევების პროვოცირება“. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ასე მოიხსენიებს რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. მედვედევის თანახმად, ჩამოინგრა "არა საუკეთესო", მაგრამ "მეტ-ნაკლებად ჩვეული პოსტსაბჭოთა პერიოდის მსოფლიო წესრიგის საფუძვლები“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ დასავლეთი „გამარჯვებულის ქედმაღლური თვალის მოჭუტვით“ უყურებდა საბჭოთა კავშირის დაშლას, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდა, რუსეთს ისევ უფსკრულისკენ უბიძგებდა და საუბარი პარტნიორობის შესახებ მხოლოდ შენიღბვა იყო. მედვედევი იმასაც წერს, რომ 90-იან წლებში რუსი პოლიტიკოსები საფრთხეს ვერ გაუმკლავდნენ და რუსეთი აღმოჩნდა სრულფასოვანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე, მაგრამ "ხალხმა სიბრძნე გამოიჩინა", არ დაუშვა სიტუაციის შერყევა, ხოლო ქვეყნის ხელმძღვანელობამ არ დაუშვა მთავარი შეცდომა - "უძლიერესი ბირთვული პოტენციალის დატაცება". მედვედევის შეფასებით, რუსეთმა შეძლო ყველაზე რთული დრო გადაელახა, ეკონომიკა და სოციალური სფერო აღედგინა და სხვა ქვეყნები აიძულა მისთვის ანგარიში გაეწიათ.

სტატიაში, სათაურით „დაუბრუნებლობის წერტილები“, მედვედევი ასახელებს ორ ასეთ წერტილს - „2008 შემოდგომას, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი“, რომელიც მოგვიანებით მოიშორა არა მხოლოდ საკუთარმა, არამედ უცხო ქვეყანამაც, სადაც „ლაჩრულად გაიქცა“. მედვედევის ეს შეურაცხმყოფელი ეპითეტები ეხება საქართველოს ექსპრეზიდენტს, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ამასთან, 2008 წლის „შემოდგომაში“ მედვედევი, სავარაუდოდ, გულისხმობს 2008 წლის ომს, რომელიც ზაფხულში, აგვისტოში იყო.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მეორე წერტილად ასახელებს 2014 წლის გაზაფხულს, როცა „კანონიერ რეფერენდუმზე თავისი ნება გამოხატა ყირიმის ხალხმა, რომელიც სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში“ და დასავლეთში ამანაც გამოიწვია „ცოფიანი ისტერიკა“, რომელიც დღემდე გრძელდება და ეს „კონვულსიები“ იკვებება „გამოქვაბულის რუსოფობიით და სურვილით შექმნან ახალი ფრანკენშტეინი უკრაინის სახით - განსაკუთრებული ანტი-რუსეთი“.

მედვედევის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გამოიწვია სწორედ ასეთმა „გიჟურმა ისტერიკამ“ და რუსეთის „დაგლეჯის სურვილმა“. მედვედევის თანახმად, ვისაც დღეს რუსეთის ფედერაციის განადგურება სურს, არ ესმის, რომ „ნებისმიერ ჩამონგრეულ იმპერიას ნანგრევებში დამარხული ჰყავს ნახევარი მსოფლიო და შეიძლება მეტიც“ და ჰგონიათ, რომ დღევანდელ რუსეთს არსებითი პრობლემების გარეშე დამარხავენ ისე, როგორც თავის დროზე "საიქიოში ერთი გასროლის გარეშე გაუშვეს საბჭოთა კავშირი":

„საბჭოთა კავშირივით არ გამოვა. თუ სერიოზულად დადგება თავად რუსეთის არსებობის საკითხი, ის სულაც არ გადაწყდება უკრაინის ფრონტზე და გადაწყდება მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად. აქ არ უნდა იყოს არანაირი ორაზროვნება. მსოფლიო რუსეთის გარეშე ჩვენ არ გვჭირდება“.

მედვედევის განცხადებითვე, დასავლეთს შეუძლია გააგრძელოს „კიევის ნეოფაშისტური რეჟიმის იარაღით გაბერვა“ და მოლაპარაკებების განახლებისთვის ხელის შეშლა, რასაც სიტუაცია მიჰყავს „ტოტალურ ფიასკომდე. ყველას მარცხამდე. კრახამდე. აპოკალიფსამდე. როცა მოგიწევს საუკუნეებით დაივიწყო ადრინდელი ცხოვრება, სანამ კვამლიანი ნანგრევებიდან არ შეწყდება რადიაციის ამოსვლა“.

ამასთან, მედვედევი წერს, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს და ამ მისწრაფებაში მარტო არ არის, რადგან დასავლეთის ქვეყნები და მათი სატელიტები შეადგენენ პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს, რუსეთი და მისი მხარდამჭერები კი, გაცილებით მეტი და ძლიერი არიან.

XS
SM
MD
LG