Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება ცნო უკანონოდ


ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომლის, გიორგი ჯამბურიას გათავისუფლება. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს, 23 თებერვალს გამოცხადდა, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აფასებს, როგორც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწყებული მასობრივი საკადრო წმენდის დადასტურებად.

ეროვნულ მუზეუმს 2000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა.

"ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა", - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს ასამდე ადამიანი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის სახელით - მათ დიდ ნაწილს მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.

XS
SM
MD
LG