Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დავა მოიგო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა


ეროვნული მუზეუმი
ეროვნული მუზეუმი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ დააკმაყოფილა ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი და მუზეუმს დააკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას - თანამშრომლების კომპეტენციის შემფასებელმა კომისიამ, რომელიც რეორგანიზაციისას საკადრო გადაწყვეტილებებს იღებდა, ნანა გაბრიჩიძესთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

"ქალბატონი ნანა მუზეუმში მუშაობდა 52 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე. გათავისუფლების მომენტში ის იკავებდა პედაგოგების მენეჯერის პოზიციას. 14 იანვარს გამოუშვეს ისე, როგორც ყველა სხვა თანამშრომელი. გათავისუფლების ბრძანება სასამართლომ უკანონოდ ცნო და ახსენა, რომ გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. სამსახურში მისი აღდგენა ვერ მოხერხდება, იმის გამო, რომ მუზეუმს ჰქონდა წარმოდგენილი ცნობა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შესახებ" - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის უფლებადამცველმა, მარიამ გეგუჩაძემ.

ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია Justice League [ჯასთის ლიგ] იცავდა. ეს კომპანია კულტურის სფეროდან რეორგანიზაციისას გათავისუფლებული კიდევ ორი ადამიანის, ირმა მანაგაძისა და ნანა მაჭარაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში. ირმა მანაგაძის საქმის განხილვა სასამართლოში უკვე დასრულებულია და მისი სარჩელი დაკმაყოფილებულია, ნანა მაჭარაშვილის საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს ასამდე ადამიანი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის სახელით - მათ დიდ ნაწილს მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.

XS
SM
MD
LG