Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას აპირებს


მოლდოვის მთავრობის შენობა
მოლდოვის მთავრობის შენობა

მოლდოვის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უახლოეს ხანში, უკრაინა „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ.

მოლდოვის სამთავრობო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ინფორმაცია მიიღონ გადამოწმებული და ოფიციალური წყაროებით. ნათქვამია ისიც, რომ მოლდოვის სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი“ დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ამზადებს „შეიარაღებულ პროვოკაციას, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის ნაციონალისტური ფორმირება აზოვი“. რუსეთის მტკიცებით, შეჭრის საბაბად გამოყენებული იქნება დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის ინსცენირება, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის არმიის სამხედროებად გადაცმული „უკრაინელი დივერსანტები“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან „რეაგირებისთვის ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე“. უკრაინას მოსკოვის ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

13 თებერვალს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინისგან მიიღეს მასალები კრემლის გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვაში დესტაბილიზაციას, ხელისუფლების შეცვლას პრორუსული მთავრობით, ევროპული ინტეგრაციის შეჩერებას და უკრაინის წინააღმდეგ ომში მოლდოვის გამოყენებას.

სანდუს თანახმად, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული და კიშინიოვისთვის გადაცემული რუსული გეგმა მოიცავს მოლდოვაში სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას, რაც შენიღბული უნდა იყოს, როგორც ოპოზიციის საპროტესტო აქციები.

მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 90-იანი წლებიდან დისლოცირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთი. მოლდოვის ხელისუფლება უშედეგოდ მოითხოვს რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას.

XS
SM
MD
LG