საქართველოს პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ევროპარლამენტის უნგრელ დეპუტატებს. მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ისინი არ ერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ საერთო კოორდინაციაში.
"უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია. რაც არის ძალიან მისასალმებელი და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა ამასთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ", - თქვა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროპარლამენტის 15 დეკემბრის რეზოლუციას, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, აბსურდი უწოდა.
"აბსურდულ ჩანაწერებს ვერ ექნება ვერანაირი ფასი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი უკვე მესამე შემთხვევაა... არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაუზიარებია არც ევროპულ საბჭოს და ევროპულ კომისიას...
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა. ეს არის მხოლოდ პასუხი. რა თქმა უნდა თავდასხვმაა, როდესაც ასეთ სიცრუეებზეა აგებული..." - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
15 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.
ევროპარლამენტარები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.