Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან


უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში. 2023 წლის 14 თებერვალი
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში. 2023 წლის 14 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასთან და დონეცკის ოლქის ქალაქებთან, უგლედარსა და ბახმუტთან.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საწყობი.

XS
SM
MD
LG