Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის საქმეზე შსს-მ გამოძიება შეწყვიტა


4 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე წარწერა დატოვა: ხელოვნება ცოცხალი და დამუკიდებელია!
4 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე წარწერა დატოვა: ხელოვნება ცოცხალი და დამუკიდებელია!

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ სანდრო სულაბერიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა.

„4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძის გადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა. ის ამბობდა, რომ კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

მოგვიანებით, ეროვნულ გალერეაში გახსნილი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ხელოვანებმა, ანდრო დადიანმა და შოთიკო აფციაურმა საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG