ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილ მფრინავ ობიექტს, რომელიც 12 თებერვალს ჩამოაგდეს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ობიექტი მიჩიგანის შტატში, ჰურონის ტბის თავზე ჩამოადგეს.
საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლობის ცნობით, მფრინავი ობიექტი იმყოფებოდა დაახლოებით 20 000 ფუტის(6.1 კმ) სიმაღლეზე, რასაც მის ტრაექტორიასთან ერთად, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა სამოქალაქო ავიაციისთვის.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, რომელიც თავდაცვის მინისტრ ოსტინისა და სამხედრო სარდლობის რეკომენდაციას ეფუძნებოდა, თვითმფრინავმა F-16-მა ობიექტი წარმატებით ჩამოაგდო რაკეტით AIM9x. სარდლობის ინფორმაციით, ადგილი შერჩეული იყო იმგვარად, რომ ხმელეთზე თავიდან იქნა აცილებული ადამიანებისთვის ზიანის მიყენება და ამასთან, შესაძლებელი ყოფილიყო ჩამოგდებული ობიექტის ფრაგმენტების იოლად შეგროვება. სპეციალისტები მფრინავი ობიექტის აღსადგენად მუშაობენ მის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მისაღებად.
თებერვლის დასაწყისიდან, ამერიკელმა სამხედროებმა უკვე 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. 4 თებერვალს, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ჩამოაგდეს სავარაუდოდ, ჩინეთის მზვერავი საჰაერო ბურთი, ხოლო 10 თებერვალს - კიდევ ერთი ობიექტი ალასკის ჩრდილოეთში. 11 თებერვალს, ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა F-22-მა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო კანადის საჰაერო სივრცეში.