უკრაინა აცხადებს, რომ რუსული რაკეტები ნატოს წევრი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:18 საათზე, რუსეთის ორმა ფრთოსანმა რაკეტა „კალიბრმა“ გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი.
ზალუჟნის თანახმად, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, რუსულმა რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში.
უკრაინის არმიის მთავარსარდლის ცნობით, რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები "კალიბრი" შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების შესვლა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი. რუმინეთს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდება შეეძლოთ, მაგრამ თავი შეიკავეს უცხო სახელმწიფოების მოსახლეობისთვის საფრთხის და რისკების თავიდან ასაცილებლად.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა დღეს დილით განაახლეს.