აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას. ეს ცნობილი გახდა შეერთებული შტატების და საქართველოს თავდაცვის მინისტრების, ლოიდ ოსტინის და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრისას, რომელიც 9 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართა.
პენტაგონის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს დახმარება შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
შეხვედრის დაწყებამდე, პრესისთვის საჯარო გამოსვლისას ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და აშშ-ის და ნატოს სამხედროების მხარდამხარ ქართველი სამხედროების სამსახურს და მსხვერპლს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. ოსტინის განცხადებით, აშშ დიდად აფასებს როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თქმით, 2021 წელს, თბილისში მისი ვიზიტისას გამოცხადდა ახალი ინიციატივა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების პოტენციალის გასაძლიერებლად და ცოტა ხნის წინ, 2023 წლის იანვარში პენტაგონმა კონგრესს აცნობა ამ პროგრამისთვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.
ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ვაშინგტონში შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, რამშტაინში გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა.
„საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი და განამტკიცოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა განაგრძობს ბრძოლას და მამაცურად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როცა მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევის წინაშეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს მიმართა, რომ საქართველო აფასებს პირადად მის და ამერიკის მთავრობის შესანიშნავ ლიდერობას და საქართველო შეერთებული შტატების გვერდით დგას უკრაინის მხარდასაჭერად, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ხალხი და მთავრობა უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებენ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვის და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირე და მთავარი პარტნიორია როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.