Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იჩქერიას დამოუკიდებლობის პერსპექტივა აქვს" - გადამდგარი უკრაინელი გენერალი "კადიროველებსა" და ჩეჩნეთის მომავალზე


იგორ რომანენკო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. კიევი, 2018 წლის 17 სექტემბერი
იგორ რომანენკო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. კიევი, 2018 წლის 17 სექტემბერი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, არაერთხელ დაიმუქრა კიევის დაპყრობით და ბირთვული იარაღის გამოყენებასაც უშვებდა.

ამერიკული გამოცემის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე უბრძანა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თავიდან მოშორება.

2022 წლის აგვისტოში, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ჩეჩნეთის მეთაურის საქმეზე. იგი ეჭვმიტანილია აგრესიული ომის წარმოებაში, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, შეჭრის დასაწყისში, კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა ცალკეული ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, ხოლო მისი დაქვემდებარებული ქვედანაყოფები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

Кавказ.Реалии-სთან ინტერვიუში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ (2006-2010 წწ.), სამხედრო ექსპერტმა, იგორ რომანენკომ ისაუბრა "კადიროველების" როლზე რუსეთის მიერ დაწყებულ ომში, თავად კადიროვის კონფლიქტზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და პარალელები გაავლო ჩეჩნეთისა და უკრაინის ომებს შორის.

- თქვენი აზრით, როდის დამთავრდება ომი?

- ბევრი რამ გაირკვევა რუსული მხარის მიერ 300-ათასკაციანი სტრატეგიული რეზერვის გამოყენების შემდეგ, რომელიც ახლა მზადდება და იწყებს მოქმედებას. მობილიზაცია [რუსეთში] გრძელდება. უკვე 200 ათასამდე გაიყვანეს ფრონტზე და ეს უკვე იგრძნობა. ფრონტის ხაზზე - ეს 1100 კილომეტრია - რუსეთის ფედერაციის ჯარები ოთხი მიმართულებით უტევენ.

„კადიროველები" - ერთგვარი ეროვნული კერძო სამხედრო კომპანიაა“...

რუსეთი მოლაპარაკებების საკითხს არ აყენებს, რადგან სურს დაპყრობილი ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უკრაინა კი ამას არ დათანხმდება. ვინაიდან აქ ორივე მხარეს უკიდურესი პოზიციები უკავია, კონფლიქტი მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა რუსეთი თავის რეზერვს ამოწურავს ან უკრაინა თავის პოზიციებს მიაღწევს. შესაძლოა, შარშან მიტაცებული მიწები ეტაპობრივად გათავისუფლდეს. მაგრამ მიზანია - მივაღწიოთ 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

- მთლიანობაში, როგორ აფასებთ რუსების დანაკარგებს?

- [უკრაინის არმიის] გენერალური შტაბის მიხედვით - 125 ათასი მხოლოდ მოკლულია (იანვრის ბოლო მონაცემებით, 8 თებერვლის მდგომარეობით - 134 ათასზე მეტი - რედაქციის შენიშვნა). UtyBl. ომის წარმოების მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დანაკარგების რაოდენობა სამზე უნდა გაამრავლოთ.

დასავლეთი ოდნავ განსხვავებულ რიცხვებს ასახელებს. მაგრამ დასავლეთის ცალკეული მონაცემებითაც, რუსეთს 100 ათასზე მეტი დანაკარგი აქვს. და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

- შემოდგომიდან მოყოლებული, რუსულ ნეკროლოგებში ყოველდღე ახსენებენ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებს. რას იტყოდით მათი მომზადების შესახებ?

- ეს ნაწილები ომის დასაწყისში სხვა მდგომარეობაში იყვნენ და ახლა სხვა მდგომარეობაში არიან. მათ სერიოზული დანაკარგები განიცადეს სტრატეგიულ შეტევით ოპერაციაში, "ბლიცკრიგში", უკრაინის ჩრდილოეთში, რის შემდეგაც ისინი გაიყვანეს და დაიწყო მეორე შეტევითი ოპერაცია აღმოსავლეთსა და სამხრეთში. ჩემი ვარაუდით, ახლა უკვე მესამე იქნება.

თუმცა, [კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელს, ევგენი] პრიგოჟინს საკმარისი ფული აქვს და გარკვეულ ეტაპზე მან შეიარაღების მნიშვნელოვანი მარაგი მოიპოვა, ეს საკმარისი მაინც არ იყო. ცნობილია ეპიზოდი, როცა "ვაგნერმა" [რუსეთის არმიის] გენერალური შტაბის უფროსს შესჩივლა საბრძოლო მასალის ნაკლებობის შესახებ.

ეს უკვე "ვაგნერის" სხვა მდგომარეობა იყო. ამავე დროს, რუსეთის არმიის საკადრო სამხედრო ნაწილებთან შედარებით, ისინი უკეთ გამოიყურებოდნენ - უკეთ იყვნენ აღჭურვილნი და მათ მეტს უხდიდნენ. ამასთან, მოქმედებდა პრიგოჟინის მიერ დადგენილი ციხის კანონები: თუ ვინმე უკან იხევს ან მიდის, ხვრეტენ.

სხვა შემთხვევაში უროს მეთოდს იყენებენ. იქმნება საბრძოლო დისციპლინის საგანგებო პირობები. მაგრამ, ამის მიუხედავად, კოლოსალური დანაკარგების გამო, მწვავდება დაპირისპირება იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციებშია ჩართული: ეს არის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ის ნაწილები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის, ეს არიან "კადიროველები" და "ვაგნერელები".

"კერძო სამხედრო კომპანიის"ფორმირება დაიწყო [სერგეი] შოიგუმაც - [რუსეთის] თავდაცვის მინისტრმა. ეს საერთოდ ნონსენსია. არსებობს ინფორმაცია რამდენიმე ათეული კერძო სამხედრო კომპანიის შესახებ. ყველა ემზადება პერსპექტივისთვის. კერძო სამხედრო კომპანიებმა პირველ რიგში თავიანთ შემქმნელთა ინტერესები უნდა დაიცვან.

- რით აიხსნება ის, რომ "ვაგნერელები" უკეთესად არიან აღჭურვილი, ვიდრე რეგულარული რუსული არმია?

- მას უფრო მეტი ფული ხმარდება, რადგან პრიგოჟინმა მოიპოვა იარაღისა და აღჭურვილობის უცხოელ მომწოდებლებთან მუშაობის უფლება - აშკარაა მისი სიახლოვე პუტინთან.

მან ბევრი შეღავათი მოიპოვა. მაგრამ მას, ისევე, როგორც კადიროვს, ძველი საკადრო სამხედროები უცხო სხეულად აღიქვამდნენ რუსეთის უშიშროების სისტემაში. საბოლოოდ, [რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი] გერასიმოვმა და შოიგუმ მიაღწიეს იმას, რომ ყველაფერი ცენტრალიზებულად პოლიტიკურად ექვემდებარება შოიგუს, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით - გერასიმოვს.

- ლაპინი, სუროვიკინი, გერასიმოვი... რუსული სარდლობა იცვლება, და რა იცვლება მათთან ერთად?

- ესენი სხვადასხვა დაჯგუფების წარმომადგენლები არიან. [გენერალი სერგეი] სუროვიკინი შედის კადიროვის და პრიგოჟინის დაჯგუფებებში და ახლა მათ საკადრო სამხედრო ხელმძღვანელობასთან - შოიგუსა და გერასიმოვთან - კლანური მარცხი განიცადეს, რის შედეგადაც სუროვიკინი გადაიყვანეს მოადგილის როლში - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, ხოლო დავიწყებული ალექსანდრ ლაპინი დააბრუნეს მას შემდეგ, რაც მას მიაწერეს მთელი პასუხისმგებლობა [უკრაინის] შემოდგომაზე განხორციელებულ კონტრშეტევით ოპერაციებზე ხარკოვსა და ხერსონში.

სამხედრო თვალსაზრისით "კადიროველებს" დიდად არ გამოუჩენიათ თავი...

შოიგუ და გერასიმოვი ბოლო 10 წლის განმავლობაში ქმნიდნენ შეიარაღებული ძალების უმაღლეს შემადგენლობას. მათ თავიანთ ხალხი განათავსეს გენერალიტეტში. ბოლო ხანს აშკარა გახდა, რომ ისინი არ დანებდნენ, გაუძლეს მათზე შეტევას და ახლა "ვალებს უბრუნებენ" პრიგოჟინსა და პრიგოჟინის მომხრეებს

მაგრამ მათზე ზეწოლას ახდენს ამოცანის შესრულების აუცილებლობა: ჩვენი ვარაუდით, პუტინმა მარტამდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევა დაისახა მიზნად.

24 თებერვალი - ერთი წლისთავია [რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან], პუტინს კი მსგავსი თარიღების საკრალური აღქმა აქვს. ამიტომაც ვხედავთ, რომ 300 ათასი სტრატეგიული რეზერვის მომზადებას აღარ დაელოდნენ და დაიწყო ჯარების შევსება და შემოდგომის ოპერაციებში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების მიერ დაკარგული ინიციატივის დაბრუნების მცდელობა.

- თქვენ კადიროვი ახსენეთ. როგორ იქცა რუსეთის რეგიონის მეთაური ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ამ ომში?

- როგორც ცნობილია, "კადიროველები" სამხედრო თვალსაზრისით, ერთგვარი ეროვნული კერძო სამხედრო კომპანიაა. უმეტესწილად, ეს არის მსუბუქი ქვეითი ჯარი, რომელიც მოქმედებს [რუსეთის ფედერაციის] ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. ხშირად მისი ფუნქციაა - შეასრულოს დამსჯელი რაზმების როლი, რომლებიც არ აძლევენ უკან დახევის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში მათი ამოცანა ისევ თავისიანების განადგურებაა.

ის, რომ ჩეჩნეთში არ არის მობილიზაცია, კადიროვმა ასე ახსნა: მობილიზაცია უკვე დიდი ხნის წინ ჩაატარა და შესაბამისი რიცხვებიც აჩვენა. "კადიროველები" - ეს ერთგვარი კერძო არმიაა.

კადიროვი, პუტინთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებით, საკმაოდ თავისუფლად იქცევა და აჩვენებს, რა შესაძლებლობებს ფლობს შინაგანი მოხმარებისთვისაც, ჩეჩნეთში და რუსეთის ფედერაციაშიც. ამით ის და პრიგოჟინი ერთმანეთს ჰგვანან. უბრალოდ, კადიროვი ამას ეროვნულ ნიადაგზე აკეთებს.

- "კადიროველების" სამხედრო დანაშაულების შესახებ თუ არის თქვენთვის რამე ცნობილი?

- სამხედრო თვალსაზრისით, "კადიროველებს" დიდად არ გამოუჩენიათ თავი, ხოლო სამხედრო დანაშაულების თვალსაზრისით - თავი საკმარისზე მეტად გამოიჩინეს. თანაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც, არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროების მიმართ.

ამას გარდა, ["კადიროველებმა"] საკმაოდ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკადრო ნაწილების სამხედროების მიმართაც. ეს არის იარაღის გამოყენების შემთხვევები - მომზადების ცენტრებშიც და ფრონტზეც.

- ჩეჩნეთის მკვიდრნი უკრაინის მხარესაც იბრძვიან. რამდენად შესამჩნევია მათგან სარგებელი?

- ნამდვილად შესამჩნევია. ჩვენ არა მხოლოდ ჩეჩნური, არამედ ბელარუსული და სხვა ეროვნული ფორმირებებიც გვყავს, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ბრძოლისუნარიანები არიან სამხედრო მოქმედებებისას. ისინი მოტივირებული სამხედროები არიან, იციან, რისთვის იბრძვიან, ბევრი რუსი - განსაკუთრებით, "ნაწილობრივ მობილიზებული" - სამხედროსგან განსხვავებით.

- ყველა ეს ეროვნული ბატალიონი არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი. რატომ?

- როგორც წესი, ეს მსუბუქი ქვეითი ჯარია, რომელიც არ შედის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ის შეიძლება ეროვნულ გვარდიასა და სხვა სტრუქტურებში იყოს გაერთიანებული.

- შეიცვალა თუ არა ახლა დამოკიდებულება უკრაინაში მუსლიმების მიმართ? ერთი მხრივ, ბევრმა იცის "კადიროველების" დანაშაულების შესახებ, მეორე მხრივ, მუსლიმები, საკუთრივ უკრაინელებთან ერთად, იცავენ თავიანთ ქვეყანას - უკრაინას.

- ჩვენ გვაქვს მრავალკონფესიური სახელმწიფო, არიან მუსლიმებიც, ებრაელებიც, კათოლიკეებიც. ამ სახის პლურალიზმი შეიძლება და უნდა არსებობდეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რამდენადაც ის შეიძლება გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში და ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტებისგან განთავისუფლებისთვის ბრძოლის ინტერესებში.

- ბევრი სამხედრო ტყვეა უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან?

- ზუსტი რიცხვი არ მაქვს. ვიცი, რომ არიან. გაცვლით უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვაა დაკავებული. მეტი ეფექტურობისთვის ეს ინფორმაცია ბოლო მომენტამდე დახურულია.

ჩეჩნეთში ძირითადად პარტიზანულ რაზმებს ებრძოდნენ, მაგრამ აქ სახელმწიფო ომობს...

სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ჯერ კიდევ ბევრია ტყვეობაში. მაგრამ ჩვენ ყველას ვაჩვენებთ პირობებს, რომლებშიც რუსი სამხედრო ტყვეები იმყოფებიან. ეს არის კანონის მიხედვით გამოყოფილი დაწესებულებები, სადაც დაშვებულია „წითელი ჯვარი“ და სხვა [საერთაშორისო] ორგანიზაციები. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ეპყრობიან ჩვენს სამხედრო ტყვეებს რუსეთში, რადგან იქ „წითელ ჯვარს“ წვდომა არ აქვს.

რუსეთის მხრიდან სერიოზულად ირღვევა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. მოსკოვმა დაადგინა საერთაშორისო სამართლის მიმართ რუსეთის უმაღლესი კანონის უპირატესობა.

ეს ხელს აძლევს პუტინსა და მის ავტორიტარულ რეჟიმს და უგულებელყოფს ომის საერთაშორისო წესების დიდ ნაწილს.

- ჩეჩნეთის ომების დროს დედები ომის ზონაში ჩადიოდნენ და დატყვევებულ ვაჟებს ეძებდნენ. ჩამოდიან ახლა რუსი სამხედროების ნათესავები უკრაინაში?

- ომის დასაწყისში იყო ცალკეული ასეთი შემთხვევები. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს (ტყეების დაბრუნება - რედ. შენიშვნა) უნდა იყოს ოფიციალური, განცხადებებით, რეგისტრაციით და ა.შ.

- რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავთ ჩეჩნურ კამპანიასა და უკრაინის ომს შორის?

- მსგავსება რუსეთის ფედერაციის იმპერიული პოზიციის გამოვლინებაა, რომლის უკან "რუსეთის იმპერატორი" პუტინი დგას. და განსხვავება ისაა, რომ ჩეჩნეთი, ამა თუ იმ ხარისხით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.

თავისი მასშტაბებით, ჯარებისა და იარაღის გამოყენების თვალსაზრისით, უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის დონეზეა, ამაშია თავისებურება. ჩეჩნეთში ძირითადად პარტიზანულ რაზმებს ებრძოდნენ, მაგრამ აქ სახელმწიფო ომობს. ეს ნათლად უნდა გავიგოთ.

პუტინმა ჩამოაყალიბა ამ ომის ამოცანები, როგორც დენაციფიკაცია - უკრაინელი ხალხის, როგორც ერის განადგურება - და დემილიტარიზაცია - უკრაინის თავდაცვის ძალების და, შესაბამისად, მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ეგზისტენციალური ომი ყველა გამომდინარე შედეგით.

- რუსეთში მოსახლეობის დახმარებით ფრონტისთვის ფულს აგროვებენ. ყველაფერს ყიდულობენ - ტრუსებიდან დაწყებული კვადროკოპტერებამდე. რატომ დაიწყო რუსეთმა ომი, ამისთვის მზად თუ არ იყო?

- იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა სწრაფი გამარჯვების და ეს არ მოხდა. ვარაუდობდნენ, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში „ბლიცკრიგისთვის“ საკმარისი რესურსი იყო, მაგრამ დამარცხდა.

მეორე მხრივ, ბევრს იპარავენ. ვიცით, რომ ზოგიერთმა სამხედრო მეთაურმა თავი მოიკლა, როდესაც უბრძანეს იმ აღჭურვილობის და მასალების გამოყენება, რომლისთვის გაცემული თანხებიც მოიპარეს.

- უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩენი ხალხის გენოციდი აღიარა, ჩეჩნეთი კი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნო. რას ფიქრობთ ამაზე?

- ვფიქრობ, რომ იჩქერიის დამოუკიდებლობას გარკვეული პერსპექტივა აქვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის ხალხებს აქვთ უფლება მოიქცნენ ასე და, მიუხედავად მრავალწლიანი კოლონიზაციისა, განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და დღევანდელი მდგომარეობა. მაგრამ ამის მისაღწევად საჭიროა უკრაინის გამარჯვება, რომელიც ამ ხალხებს მისცემს შესაძლებლობას გააცნობიერონ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლება.

• 28 იანვარს, უდიდეს ფრანგულ საკაბელო ტელეარხ LCI-თან ინტერვიუში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ჩეჩნეთს შეეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება.

• ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მორავიეცკის განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა. მან ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა, რომ ორი ომის დროს იჩქერიას საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადეს. კადიროვის მტკივნეული რეაქცია დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინის ომის ფონზე ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება - ფიქრობენ ვებსაიტის Кавказ.Реалии. თანამოსაუბრეები.

• 2022 წლის 20 ივნისს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოჩნდა დეპუტატთა ჯგუფი: „თავისუფალი კავკასიისთვის“. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდა ათი დეპუტატი როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან.

• ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეები უკრაინის მხარეზე იბრძვიან 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და თვითგამოცხადებული რეგიონები დაარსდა დონბასში. 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, იჩქერიელების რაოდენობა უკრაინის არმიის რიგებში საგრძნობლად გაიზარდა. ახლა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონი მოიცავს ჩეჩნების სამ ბატალიონს, კიდევ ერთი იბრძვის, როგორც მოხალისე ქვედანაყოფი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG