კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, ქვეყანაში მომხდარით გამოწვეული „სულის ტკივილით“ ახსნა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი სპონსორის ევგენი პროგოჟინის მხრიდან პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრ ბეგლოვის მისამართით გამოთქმული მძიმე ბრალდება, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბატონი პრიგოჟინი - რუსეთის მოქალაქეა. ეს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. არის მეწარმე, და თქვენ იცით, რომ მას სული სტკივა ყველაფერზე, რაც ხდება, შეძლებისდაგვარად დიდი წვლილი შეაქვს, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის სხვა მეწარმეები აკეთებენ“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
მაგრამ ხელისუფლებას შეზრდილი ბიზნესმენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის მზარეულსაც“ უწოდებენ, ჯერჯერობით ერთადერთი რუსი მეწარმეა, რომელმაც რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის გუბერნატორი „ვაგნერის“ მებრძოლებისათვის ზიანის მიყენებასა და „უკრაინის არმიის მხარდაჭერაში“ საჯაროდ დაადანაშაულა.
თანაც ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა არაორაზროვნად დაუჭირა მხარი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს, რომელმაც დონეცკის ქალაქ ლიმანის დაკარგვაში ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, რუსეთის გმირს, გენერალ ალექსანდრ ლაპინს დააკისრა პასუხისმგებლობა.
პრიგოჟინისა და კადიროვის მხრიდან ხელისუფლების ვერტიკალში მყოფი გავლენიანი პირების დაუფარავი კრიტიკა ბლოგერებსა და ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლების შიგნით ან სერიოზული ამბოხი მზადდება, ან თავად პუტინი ცდილობს სხვების ხელით ხელისუფლებისგან თავისთვის არასასურველი პირების ჩამოშორებას.
„კლანების ბრძოლა ზედაპირზე ამოდის“
საბაბი, რის გამოც ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს დაუპირისპირდა, - ძალიან ბანალურია.
4 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კინოთეატრში უნდა ეჩვენებინათ ევგენი პრიგოჟინის პროპაგანდისტული ფილმი უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეთა შესახებ. მაგრამ ჩვენება არ მოეწყო გუბერნატორის პირადი მითითებით. ამის შემდეგ პრიგოჟინმა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი სპონსორია, ბრალდების კორიანტელი დაატეხა თავს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს, განაცხადა, რომ ის და „ვაგნერის“ მებრძოლები გუბერნატორისგან ზიანის მეტს ვერაფერს ხედავენ და ბეგლოვი „დე ფაქტო კოლოსალურ მხარდაჭერას უწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ და „სხვა მტრულ სტრუქტურებს“.
პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის მხარდაჭერას გულისხმობდა. წესით, ამით უკვე სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. მაგრამ, როგორც გენერალ ლაპინის შემთხვევაში იყო, კრემლი არ აპირებს „ჩხუბის ქოხიდან გარეთ გატანას“. 5 ოქტომბერს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კი პრიგოჟინის ბრალდება მის „სულის ტკივილს“ მიაწერა.
„დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბატონ პრიგოჟინს სული სტკივაო. ვინაიდან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ბატონ პრიგოჟინს სული ან არ აქვს, ან თუ ჰქონდა, ის უკვე დიდი ხნის წინ მიჰყიდა ეშმაკს, - ვვარაუდობ, რომ ეს არის ასეთი სახის ამბოხი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები, ისეთები, როგორებიც არიან პრიგოჟინი, კადიროვი ან თავისი გავლენით „ძალოვნების“ ზემოთ მდგარი ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორები, - საკუთარ თამაშს იწყებენ, ბოლომდე არ ემორჩილებიან ფედერალურ ცენტრს. ხოლო კრემლი, როგორც დმიტრი პესკოვის კომენტარებიდან ჩანს, მათ გაჩუმებას ვეღარ აიძულებს. შესაძლოა, რომ კრემლშიც იყოს გარკვეული შიდა წინააღმდეგობა ვლადიმირ პუტინის ცალკეულ თანამებრძოლებს შორის და ჩვენ ვხედავთ, რომ ზედაპირზე ამოდის კლანების ბრძოლა, რომელიც მანამდე მოკრძალებულად და უხმაუროდ მიდიოდა“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჩეხეთში მცხოვრებმა პოლიტოლოგმა, ივან პრეობრაჟენსკიმ.
გამოცემა „მედუზა“ კი კრემლის ორ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვისა და პრიგოჟინის სინქრონული გამოსვლები სრულიად კანონზომიერი ამბავია. მათი თქმით, როგორც კადიროვი, ისე პრიგოჟინი წარმოადგენენ „ომის პარტიის“, ანუ იმ მაღალჩინოსანი რუსი პოლიტიკოსებისა და გავლენიანი ბიზნესმენების ყველაზე რადიკალურ ფრთას, რომელიც საომარი კამპანიის შემდგომ ესკალაციას უჭერს მხარს.
„პრიგოჟინს დიდი ხნის დაპირისპირება აქვს სერგეი შოიგუსთან. პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ მისი სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ სუპერეფექტიანი და თანამედროვე ფორმირებაა. შოიგუ და გენერლები კი ფიქრობენ, რომ კერძო სამხედრო კომპანიები მხოლოდ ფეხებში ებლანდებიან“, - ეუბნება „მედუზას“ ერთ-ერთი კომენტატორი.
რა კავშირი აქვს ბახმუტის ოპერაციასთან „ვაგნერს“?
ევგენი პრიგოჟინის სახელთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ჯერ კიდევ დონბასში გამოუცხადებელ ომსა და სირიის სამხედრო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ პრიგოჟინი თავს არიდებდა „ვაგნერთან“ თავისი კავშირების აღიარებას.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის ნახევარი წლის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს აღიარა, რომ სწორედ მან დააარსა კერძო გასამხედროებული რაზმი „ვაგნერი“.
არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ სწორედ „ვაგნერი“ უნდა იმყოფებოდეს რუსეთის ჯარების ავანგარდში ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც ქალაქისათვის ბრძოლები მაისის შემდეგ გრძელდება.
„თუ ცნობებს დავაკვირდებით, სწორედ ბახმუტში აქვს რუსეთის არმიას ყველაზე დიდი დანაკარგი. იქ ძირითად პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი დგას. იმ პრიგოჟინისა, რომლისთვისაც ბახმუტის არაღება ნიშნავს რუსეთში თავისი პოლიტიკური რენომეს დაკარგვას. ვფიქრობ, რომ ამიტომაც ზრდის დაფინანსებას და ახდენს იქ ახალ-ახალი ძალების გადასროლას“, - განაცხადა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში სამხედრო ექსპერტმა, რომან სვიტანმა.
შესაბამისად, იმით, რომ წაახალისა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და რამზან კადიროვის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სახელობითი ქვედანაყოფების შექმნა, კრემლმა, როგორც ერთ-ერთი ბლოგერი წერს თავად შეუწყო ხელი სახელისუფლებო შტოებს შორის გათიშულობასა და ძმათამკვლელ დაპირისპირებას.
„ესაა კერძო არმიები, განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ადამიანები, რეგიონული მოხალისეთა ბატალიონები, პროფესიონალ სამხედროთა უტილიზაცია... 2022 წლის ომში დამარცხება რუსეთის ელიტას აიძულებს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და წამოიწყოს გადარჩენისათვის თამაში, რომელშიც ყველა თავის თავზე ფიქრობს, ყველა კავშირი კი დროებითია“, - წერს პოლიტოლოგი დმიტრი მიხაილიჩენკო.
ვითარება, რომელიც ამჟამად არის შექმნილი რუსეთის ხელისუფლების ვერტიკალში, გვიანი საბჭოთა კავშირის დროინდელ, დაახლოებით 1980-იანი წლების ტენდენციას ახსენებს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის, რომელიც ფიქრობს, რომ ელიტებს შორის ამბოხი შეიძლება დასრულდეს ან რუსეთის დაშლით, ან, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვის შემთხვევაში იყო, სასახლის კარის შიდა გადატრიალებით.
„მაგრამ ეს ჯერჯერობით არის მხოლოდ ვერბალური კონფლიქტი და არ არსებობს ჯერჯერობით საფუძველი იმის სათქმელად, რომ ის გარდაუვალად სერიოზული შედეგებით დასრულდება. ამისთვის უფრო სერიოზული მიზეზის არსებობაა საჭირო, ვიდრე მხოლოდ საჯარო განცხადებაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივან პრეობრაჟენსკი.
და რადგან რუსეთის პრეზიდენტი ამ ვერბალურ კონფლიქტზე რეაგირებას არ ჩქარობს, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების შიგნით დაწყებული დაპირისპირა შესაძლოა ინიცირებული იყოს თავად პუტინის მიერ, რომელსაც კადიროვისა და პრიგოჟინის ხელით სურს ძალაუფლების ვერტიკალს ჩამოაცილოს მისთვის არასასურველი პირები, პირველ რიგში სამხედროები, რომლებმაც ხორცი ვერ შეასხეს უკრაინის „ბლიცკრიგით“ დაპყრობის პუტინისეულ განზრახვას.
„როგორც ჩანს, საუბარია თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე, რომლის თანამდებობიდან გადაყენება პუტინისთვის ძალიან ძნელია, რადგან შოიგუ რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრე იმყოფება და სარგებლობს დიდი გავლენით, მათ შორის არაფორმალური გავლენითაც ხელისუფლების შიგნით. შესაძლოა, საუბარი იყოს ასევე არმიის გენერალური შტაბის უფროსზე, გენერალ ვალერი გერასიმოვზე, რომელსაც პირდაპირ აკრიტიკებს რამზან კადიროვი. მაგრამ მე მეჩვენება, რომ აქ ვერ იქნება ასეთი სწორხაზოვანი თამაში. ერთი მხრივ, პუტინს შეუძლია წაახალისოს ასეთი ქმედება და მათი (კადიროვისა და პრიგოჟინის) ხელით დაასუსტოს არა ოპონენტები, არამედ ის ადამიანები, რომელთა არმიის შიგნით საქმიანობითაც ის უკმაყოფილოა და რომლებსაც საკუთარი მოსაზრებები აქვთ. მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი აკრიტიკებენ ამ მობილიზაციას და მხარს უჭერენ ალტერნატიულ ვარიანტს, რადგან მზად არ არიან, რომ ის შეიარაღებული ძალა, რომელიც პერსონალურად მათ ექვემდებარება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაემორჩილოს, ხოლო მათი ხალხი მობილიზაციის ქვეშ მოხვდეს. შესაბამისად, სახეზეა აშკარად ინტერესთა კონფლიქტი და თანაც კონფლიქტი პუტინის ინტერესებთან, რაც მას შესაძლოა ჯერ არც კი ჰქონდეს გაცნობიერებული“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.
სხვათა შორის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. რადიო თავისუფლების პროექტ Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, კადიროვმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“.
საკუთაი „სამობილიზაციო გეგმით“ მუშაობს ევგენი პრიგოჟინიც. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლად და სპონსორად მიჩნეულმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის როსტოვის ოლქში მდებარე ორი კოლონიიდან ათასამდე პატიმარი დაიქირავა.
ხოლო პატიმართა გადაბირებას ზოგიერთ კოლონიაში კი უშუალოდ თავად პრიგოჟინი უძღვებოდა. მან პატიმრებს „ვაგნერთან“ ერთად უკრაინაში ბრძოლა და სანაცვლოდ, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება შესთავაზა.
წყაროს ინფორმაციით, პრიგოჟინმა პატიმრებს უთხრა, რომ „შეუძლიათ უკრაინელებს გაუკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ“ და ამისთვის არავინ დასჯით. გამოცემის თანახმად, პრიგოჟინის წინადადებას ბატაისკის კოლონიაში მყოფი 700-მდე პატიმარი დათანხმდა, კიდევ 300 კი - როსტოვის ოლქის მეორე კოლონიაში.