რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, რუსმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ მან დააარსა კერძო გასამხედროებული რაზმი "ვაგნერი."
ის წლების განმავლობაში უარყოფდა რაიმე კავშირს დაქირავებულ მებრძოლებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტებში სირიასა და აფრიკაში.
პრიგოჟინმა 26 სექტემბერს თავის განცხადებაში VKontakte-ს ანგარიშზე, რომელიც მის კომპანია Konkord-ს ეკუთვნის, თქვა, რომ მან შექმნა გასამხედროებული კერძო ჯგუფი 2014 წელს "სამხედრო საცდელ პოლიგონზე" მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ომში აპირებდნენ მონაწილეობას უკრაინის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, პროფესიულად ცუდად იყვნენ მომზადებული.
პრიგოჟინს, რომელიც კრემლის კვების ორგანიზებასთან თავისი კონტრაქტების გამო ცნობილია, როგორც "პუტინის შეფმზარეული", შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა უკვე დაუწესეს სანქციები "ვაგნერში" მისი როლისთვის.
კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს "ვაგნერის" ჯგუფთან, რადგან რუსეთის კანონებით არ არის ნებადართული მსგავსი გასამხედროებული ჯგუფების არსებობა.
პრიგოჟინმა თქვა, რომ თავს არიდებდა "ვაგნერთან" თავისი კავშირების აღიარებას, რათა "კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ არ მოექცია ეს ბიჭები, რომლებიც რუსული პატრიოტიზმის საფუძველს წარმოადგენენ".
მედიის ბოლოდროინდელ ცნობებში ნათქვამია, რომ პრიგოჟინი და მისი ჯგუფი მონაწილეობდნენ პატიმრების გადაბირებაში მთელი რუსეთის მასშტაბით, რათა მხარში დასდგომოდნენ უკრაინაში აგრესიულ შეჭრას.