უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებისა და რუსული ჯარების უკან დახევის (ე.წ. „ტაქტიკური გადაჯგუფების“) ფონზე, ბევრი ელოდა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა, თუმცა, ამის ნაცვლად, პატიმრების რეკრუტირების პროცესი გააქტიურა. რუსეთის ფედერაციის კოლონიებსა და ციხეებში, სადაც სასჯელს 600 ათასამდე ადამიანი იხდის, დადიან კერძო სამხედრო კომპანიების, მათ შორის ცნობილი „ვაგნერის“ წარმომადგენლები და პატიმრებს, უკრაინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ, თავისუფლებასა და მაღალ ანაზღაურებას (100 000 რუბლს, დაახლოებით 1 600 $-ს) სთავაზობენ. ამავე დღეებში ნორილსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიას ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე I, რომელიც პატიმრებს სინდისსა და სწორი არჩევანის მნიშვნელობაზე ელაპარაკა.
რუსეთის ციხეებში პატიმრების რეკრუტირების შესახებ ცნობები 2-3 თვეა ვრცელდება. ინფორმაციას ადასტურებდნენ როგორც პატიმართა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პატიმართა ოჯახის წევრები, 14 სექტემბერს კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც მამაკაცი, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი პირადად ცდილობს პატიმრების გადაბირებას.
ვიდეო ჩაწერილია მარი-ელის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე კოლონია ИК-6-ში, რაც დადგინდა ფონზე გამოსახული ეკლესიის მწვანე სახურავისა და სამრეწველო ზონის მილების საშუალებით.
რუსეთის პატრიარქი პატიმრების სინდისზე
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ რუსეთის ციხეებში მყოფი პატიმრების რეკრუტირების სკანდალის ფონზე ნორილსკის N15 კოლონიას ესტუმრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე I, რომელიც პატიმრებს სინდისის მოშლაზე ესაუბრა.
„ჩვენ სულ გვახსოვს, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი ვართ. შეუძლებელია, კიევი გამოაცალკეო ჩვენი ქვეყნიდან, რადგან ეს არის ადგილი, სადაც რუსეთის ისტორია დაიწყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ეროვნულ ცნობიერებას“, - თქვა ომის პირველ დღეებში კირილე I-მა, რომელმაც 2022 წლის 13 მარტს მოსკოვში ღვთისმშობლის ხატი გადასცა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმულ როსგვარდიის მეთაურს, არმიის გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მინდა ეს ხატი გადმოგცეთ ჩვენი სამხედრო ტაძრისათვის, რათა ახალგაზრდა მეომრებს, რომლებიც ფიცს დებენ სამშობლოს წინაშე, რწმენა და სულისკვეთება აუმაღლდეთ“.
კირილემ ნორილსკის N15 კოლონიაში ყოფნისას თქვა, რომ პატიმრებს მოშლილი და დაზიანებული აქვთ სინდისი, რაც ხელს უშლის სიკეთის ბოროტისგან გარჩევაში, - ეს ინფორმაცია თვითონ მოსკოვის საპატრიარქომ გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე მაშინ, როცა წინა დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ციხეებში მყოფ პატიმრებს იძულებით აგზავნიან უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
პატრიარქი ნორილსკის ეპარქიაში ვიზიტისას მკაცრი რეჟიმის კოლონიას 17 სექტემბერს ეწვია. კოლონიაში სასჯელს იხდიან მამაკაცები, რომლებსაც პირველად მიესაჯათ პატიმრობა. კირილემ დაათვალიერა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კლუბი და კრასნოიარსკის ეპარქიისა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომლობით მოწყობილი გამოფენა.
„პატიმრები არიან ადამიანები, რომლებმაც გადაუხვიეს ზნეობრივ ნორმებს, დაკარგეს იმის გაგება, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ზოგს უკვირს და კითხულობს: „როგორ ხდება, რომ ახლახან ციხიდან გამოსული ადამიანი, ისევ არღვევს კანონს? რატომ ხდება ასე?“ იმიტომ ხდება, რომ ადამიანს დარღვეული აქვს წარმოდგენა სიკეთისა და ბოროტების შესახებ. ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება სწორედ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარით, ხოლო ძალა, რომელიც გვეხმარება სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში, ჩვენი სინდისია. რატომ ხვდებიან ადამიანები ციხეში რამდენჯერმე? იმიტომ, რომ მოშლილი აქვთ სინდისი - სასიგნალო სისტემა, რომელიც აყალიბებს ადამიანს და, რომელიც ეხმარება მას, არ იქცეს მხეცად“, - განაცხადა კირილე I-მა, რომელმაც არ დააზუსტა, ეხება თუ არა მისი ნათქვამი იმ პატიმრებს, რომელთა გადაბირებას თუ იძულებით გაწვევას კერძო სამხედრო კომპანიები ცდილობენ.
პატიმრები ომში - ნებაყოფლობით და იძულებით
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომამდე საერთოდ უარყოფდა კერძო სამხედრო კომპანიების არსებობას. 2022 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ არ არის დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და, რომ ის არ იბრძვის უკრაინაში, თუმცა, მალევე, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის მთავრობის მხარდამჭერმა მედიაორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს რეპორტაჟი „ლეგენდარული ვაგნერის“ უკრაინის ომში მონაწილეობისა და საბრძოლო ძლიერების შესახებ.
პატიმართა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „სიდიაშჩაია რუსის“ („პატიმრობაში მყოფი რუსეთის”) ხელმძღვანელი, ოლგა რომანოვა დარწმუნებულია, რომ ვიდეო, რომელზეც პრიგოჟინისა და პატიმრების შეხვედრაა ასახული, ამჯერადაც „ვაგნერის“ პრესსამსახურის ძალისხმევითა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოქვეყნდა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ვაგნერის" პრესსამსახური კომენტარებს აკეთებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ტვირთავს ვიდეოებს, რომლებზეც პატიმართა ერთი ნაწილი მოუწოდებს სხვებს, გახდნენ დაქირავებული ჯარისკაცები“.
რომანოვას თქმით, დღევანდელ რუსეთში სამხედროები აღარავის სჭირდება, არც მათთვის განკუთვნილი მედლები და ორდენები უნდა ვინმეს:
„ქალაქებისა და რაიონების „დიდების ხეივნებშიც“, სადაც, როგორც წესი, სამშობლოსათვის თავდადებულთა სამუდამო განსასვენებელია მოწყობილი, სწორედ პატიმრებს დაკრძალავენ და არა სამხედროებს. პოლიცია ნადირობდა მათზე, იჭერდა, იძიებდა, პროკურორები ბრალს სდებდნენ, მოსამართლეებს განაჩენი გამოჰქონდათ, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური დარაჯობდა მათ, ახლა კი... ეს ნიშნავს ქვეყნის სამართლებრივი სისტემის კოლაფსს“.
ოლგა რომანოვას თქმით, რეკრუტირებულია დაახლოებით ათი ათასი პატიმარი. ბევრი მათგანი უკვე იბრძვის ფრონტზე, ბევრი დაიღუპა. მასშტაბურია გადაბირების გეოგრაფიაც: ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი არის ვორკუტა, სიქტივკარი; ყველაზე სამხრეთი - ადიღეა; დასავლეთი - ფსკოვი, სმოლენსკის რეგიონები და აღმოსავლეთი - თათრეთი.
„სამწუხაროდ, პატიმრებს შორის ბევრია მოხალისეც. პატიმრებთან საუბრისას ვხედავ, რომ მათთვის ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, ისინი უბრალოდ ცდილობენ გაქცევას დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილიდან, რასაც რუსული ციხე ჰქვია, - ამბობს ოლგა რომანოვა, - ნოვგოროდის ერთ-ერთ კოლონიაში შეიქმნა 70-კაციანი რაზმი ციხის ყველაზე დაბალი კასტის - ე.წ. გაფუჭებულების, „პეტუხების“ რიგებიდან. მოვახერხეთ ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება. გვითხრა, რომ მისთვის სულერთია სად წავა, აქ ყოფნას სიკვდილი მირჩევნიაო. თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს მტკიცებულებები „ვაგნერში“ ადამიანების იძულებით გაწევრიანების შესახებ. ერთი შემთხვევა იყო ტულის ოლქში: 28 წლის მამაკაცი, კარგად გაწვრთნილი, სპორტსმენი, ყოფილი მაშველი, ცოლითა და სამი შვილით. მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი განზრახ მკვლელობისთვის. მეუღლეს დაურეკა და უთხრა: "მოვიდნენ გასაწვევად, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი". მეორე დილით პატიმრის მეუღლეს დაურეკეს თანასაკნელებმა და უთხრეს, რომ მისი ქმარი უკრაინაში წაიყვანეს. არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ადამიანი დათანხმდა, წავიდა ომში და მერე ადგილზე ჩასულმა გადაიფიქრა, უკან დაბრუნება მოითხოვა. ასეთებს ეუბნებიან: „ახლა ან დაგხვრეტთ, ან ჩაწერ ვიდეოს, რომ ნებაყოფლობით იმყოფები აქ“.
ახალ-ახალი კერძო სამხედრო კომპანიები?
რუსეთის ხელისუფლებამ სწორედ კერძო სამხედრო კომპანიების დახმარებით მიაღწია მეტ-ნაკლებ წარმატებას მოზამბიკში, სუდანში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბანსა და სირიაში, სადაც ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ევროკავშირმა „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 8 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. უკრაინასთან ომში „ვაგნერელების“ მთავარ მიღწევად ითვლება პოპასნაიასა და ლისიჩანსკის აღება.
როგორც ჩანს, კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთის მხარეს მებრძოლი ყველაზე ქმედითუნარიანი დანაყოფებია უკრაინაში. მობილიზაციის შიში და რეგულარული ჯარების უუნარობა, რუსეთის ხელისუფლებას ახალი კერძო სამხედრო კომპანიების შექმნისკენ უბიძგებს. როგორც Bellingcat-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ამბობს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელებსა და რუს ოლიგარქებს დაევალათ, შექმნან საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიები.
„წყარო „ვაგნერიდან“ მეუბნება, რომ ყველაფერი (რუსეთის ფედერაციის ჩავარდნა ომში) გამოწვეულია ჯარში კორუფციით და არაკომპეტენტურობით („დაქირავებულებიც მოატყუეს ხელფასებში“), თუმცა, მისივე თქმით, ძალიან დამაიმედებლად მიაჩნია ის, რომ ყველა ოლიგარქსა და სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვნელს დაევალა შექმნას საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია "ოქტომბრის ახალი ეტაპისთვის", - დაწერა ხრისტო გროზევმა.
სამართლებრივი განუკითხაობა
პატიმრების რეკრუტირება ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებმა მიმართეს ქვეყნის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, განმარტოს მისმა უწყებამ იმ პატიმრების გათავისუფლების საფუძველი, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინასთან ომში.
მიმართვის ტექსტი სანქტ-პეტერბურგის ადამიანის უფლებათა საბჭოს ვებსაიტმა გამოაქვეყნა. წერილში რუსი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ კანონის თანახმად, პატიმრის გათავისუფლება, რომელსაც სასჯელი არ მოუხდია, შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონით, პრეზიდენტის შეწყალებით ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების წესით, რომელიც, თავის მხრივ, სავალდებულოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.
როგორც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრები აღნიშნავენ, ბოლო დროს პროსამთავრობო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე პატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ.
„გთხოვთ, განმარტოთ, თუ რის საფუძველზე ათავისუფლებენ ამ პირებს სასჯელის მოხდისაგან, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ალექსანდრ ვერხოვსკი, ნატალია ევდოკიმოვა, იგორ კალიაპინი, ევა მერკაჩევა, ვლადიმირ რიახოვსკი და ნიკოლაი სვანიძე.
კომბატანტები და დაქირავებულები
ქვეყნებს შორის ომში, მეომარი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების გარდა, როგორც წესი, ასევე მონაწილეობენ სხვებიც: კომბატანტები და დაქირავებულები.
კომბატანტი (Combattant) - კონფლიქტში ჩაბმულ მხარეთა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირია, რომელსაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებაში უშუალო მონაწილეობის უფლება აქვს. კომბატანტები იმყოფებიან "პასუხისმგებლიანი მეთაურობის" ქვეშ (შედიან სახელმწიფოს დაქვემდებარებულ სტრუქტურაში და პასუხისმგებელნი არიან მის წინაშე), აქვთ სამოქალაქო მოსახლეობისგან განმასხვავებელი ნიშნები, ღიად ატარებენ იარაღს და იცავენ ომის კანონებსა და წესებს.
კომბატანტები არ შეიძლება დაისაჯონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. თუ არღვევენ ომის კანონებსა და წეს-ჩვეულებებს, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებს, მაშინ ისინი შეიძლება გასამართლდნენ კონკრეტული სამხედრო დანაშაულისთვის.
სამხედრო პერსონალის გარდა, მეომარი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ასევე შეიძლება შედიოდნენ მილიციის არარეგულარული შენაერთები, მოხალისეთა ფორმირებების წევრები. თუ სახელმწიფო აღიარებს მათ თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილად, ისინი ასევე განიხილებიან კომბატანტებად, მაგრამ თუ ასეთი ჯგუფები (გასამხედროებული ფორმირებები) იბრძვიან ჯარისგან „იზოლირებულად“, მაშინ ისინი ვერ ჩაითვლებიან კომბატანტებად.
დაქირავებულები - ჟენევის კონვენციების მიხედვით, არალეგალურად მონაწილეობენ შეიარაღებულ კონფლიქტში და მათი გასამართლება შესაძლებელია თუნდაც მხოლოდ მონაწილეობის ფაქტის გამო. დაქირავებულები არც მეომარი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და არც სამხედრო მოსამსახურეები. ამით განსხვავდებიან ისინი კომბატანტებისგან.
ჟენევის კონვენციებს აქვს მკაფიო კრიტერიუმები, რომლებითაც შეიძლება დაქირავებულის ამოცნობა:
დაქირავებული არის უცხოელი, რომელიც იბრძვის იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც თვითონ არ ცხოვრობს და სპეციალურად არის რეკრუტირებული ომში მონაწილეობის მისაღებად.
დაქირავებული იბრძვის რეგულარული ჯარისგან მოწყვეტით, არ მიეკუთვნება მის პერსონალს.
დაქირავებულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია მოტივაცია: დაქირავებული იბრძვის უცხო ქვეყანაში მოგებისთვის და არა პოლიტიკური, იდეოლოგიური ან რელიგიური მიზეზების გამო. დაქირავებულისთვის გადახდილი ან დაპირებული ანაზღაურების ოდენობა არსებითად აღემატება იმავე რანგისა და ფუნქციის მქონე კომბატანტის ანაზღაურებას.