Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა პატიმრების გადაბირების ამსახველი ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი ჩანს


ევგენი პრიგოჟინი, პეტერბურგელი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სავარაუდო სპონსორი
ევგენი პრიგოჟინი, პეტერბურგელი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სავარაუდო სპონსორი

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი პირადად ახდენს მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთი კოლონიის პატიმრების საომრად გადაბირებას.

ვიდეოჩანაწერი, როგორც ჩანს, მობილური ტელეფონით არის გაკეთებული. უცნობია, თუ ვინ არის მისი ავტორი და როგორ მოხვდა იგი ნავალნის მომხრეებთან. ასევე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ პრიგოჟინი ჩანს დაბალი ხარისხის კადრებში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების გადაბირებით დაკავებული პირის გარეგნობა და ხმა ყველა მახასიათებლით ძალიან ჰგავს რუსი ბიზნესმენის გარეგნობასა და ხმას.

ვიდეოზე მამაკაცი, რომელიც პრიგოჟინს ჩამოჰგავს, საპატიმროს ტანსაცმელში შემოსილი მამაკაცების მწკრივის წინაშე დგას და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სახელით უკრაინაში მიმდინარე ომში გამგზავრების პირობებს და უფლება-მოვალეობებს უხსნის. კერძოდ, მსჯავრდადებულები, რომლებიც დათანხმდებიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, წინა ხაზზე ნახევარი წლის განმავლობაში უნდა დარჩნენ. თუ ასეთი დაქირავებულის ასაკი 22 წელზე ნაკლებია, მაშინ ნათესავების წერილობით თანხმობაცაა საჭირო.

სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ყოფილ პატიმრებს ეკრძალებათ მაროდიორობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან "სექსუალურ კონტაქტში შესვლა" და ასევე "უკან დახევა და ტყვედ ჩაბარება", რისთვისაც თითოეულ დაქირავებულს ჰპირდებიან ორ ხელყუმბარას ჯერ ახლოს მოსული მტრის, შემდეგ კი საკუთარი თავის ასაფეთქებლად.
ხოლო დეზერტირობა, ვიდეოზე გამოსახული კაცის სიტყვებით, ადგილზე დახვრეტით ისჯება.

ბრძოლაში დაღუპვის შემთხვევაში, გადაბირებულ პატიმარს გადამბირებელი ჰპირდება იქ დამარხვას, სადაც ანდერძში მიუთითებს, ასევე რომელიმე რუსულ ქალაქში მოწყობილ "გმირთა ხეივანში" ან კრასნოდარის ქალაქ გორიაჩი კლიუჩში მდებარე "ვაგნერის" სამრეკლოს გვერდით.

გარდა ამისა, ევგენი პრიგოჟინს მიმსგავსებული პირი ჰყვება, რომ პირველი პატიმრები, რომლებიც "ვაგნერის" შემადგენლობაში იბრძოდნენ, ივნისის ბოლოს მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ქალაქ უგლედარსკის თბოელექტროცენტრალის შტურმში. "პიტერიდან იყო 40 კაცი, მკაცრი რეჟიმი, რეციდივისტები. მოწინააღმდეგის სანგრებში დანებით შევიდნენ, ყველას ყელები გამოჭრეს", - ამბობს, როგორც ნავალნის გუნდი ამტკიცებს, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ასევე ლაპარაკობს დანაკარგზე თავდამსხმელთა შორის: 3 დაღუპული და 7 დაჭრილი. დაღუპულებს შორის, მის სიტყვებით, იყო პატიმარი, რომელმაც სიცოცხლის 52 წლიდან 30 პატიმრობაში გაატარა.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ჟურნალისტების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა მედიაპროექტმა Vot-tak.tv-მ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლად და სპონსორად მიჩნეულმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის როსტოვის ოლქში მდებარე ორი კოლონიიდან ათასამდე პატიმარი დაიქირავა.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ აგვისტოს ბოლოს წერდა, რომ ევგენი პრიგოჟინმა უკრაინაში გასაგზავნად 650 პატიმარი დაიქირავა რუსეთის ივანოვოს ოლქში მდებარე სამ კოლონიაშიც.

რუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში საომრად. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

XS
SM
MD
LG