რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთმა სპონსორმა, ევგენი პრიგოჟინმა პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი დაადანაშაულა უკრაინის არმიის მხარდაჭერაში.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ის და „ვაგნერის“ მებრძოლები გუბერნატორისგან ზიანის მეტს ვერაფერს ხედავენ და ბეგლოვი „დე ფაქტო კოლოსალურ მხარდაჭერას უწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ და „სხვა მტრულ სტრუქტურებს“. კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას გულისხმობს, პრიგოჟინს არ უთქვამს.
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, 4 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კინოთეატრში უნდა ეჩვენებინათ ევგენი პრიგოჟინის პროპაგანდისტული ფილმი უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მონაწილეთა შესახებ, თუმცა, ჩვენება არ შედგა გუბერნატორის პირადი მითითებით.
"პუტინის პირად მზარეულად" წოდებულმა ევგენი პრიგოჟინმა პირველად მხოლოდ სექტემბრის ბოლოს დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" შემქმნელი და დამფინანსებელია. რუსეთი უკვე წლებია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში და აქტიურად ჰყავს ჩართული უკრაინასთან ომშიც.
ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, როგორც "ვაგნერში", ისე რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას რუსეთი ცდილობს პატიმრების დაქირავებითაც. მათ სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომრად წასვლას და ამ პროცესს პირადად პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.
ცოტა ხნის წინ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სახმელეთო ძალების ერთ-ერთი მეთაური, გენერალი ლაპინი ფაქტობრივად, დაადანაშაულა უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიების დაკარგვაში.