Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ "ვაგნერის" შემქმნელია


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მისი შექმნილია. პრიგოჟინის კომენტარი მისი კომპანიის, „კონკორდის“ პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

რუსული მედიის ნაწილის მიერ „პუტინის პირად მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინი აცხადებს, რომ 2014 წელს, როცა „დაიწყო დონბასის რუსი მოსახლეობის გენოციდი“ და "რუსების დასაცავად" მებრძოლთა დაქირავება არაეფექტურად მიმდინარეობდა, პირადად ჩავიდა ერთ-ერთ პოლიგონზე, მოიძია შეიარაღება, აღჭურვილობა და სპეციალისტები და 2014 წლის 1 მაისს „დაიბადა პატრიოტთა ჯგუფი“, რომელსაც შემდეგ ეწოდა „ვაგნერი“. პრიგოჟინის თანახმად, მხოლოდ "ვაგნერის გამბედაობის და მამაცობის წყალობით" გახდა შესაძლებელი ლუგანსკის აეროპორტის და ბევრი სხვა ტერიტორიის გათავისუფლება და ამან ძირეულად შეცვალა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ ბედი.

პრიგოჟინის განცხადებითვე, ამის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში „უსინდისო ნაძირალები“ ცდილობდნენ „ვაგნერზე“ ნეგატივის პოვნას და ამაყობს იმით, რომ დაიცვა ამ „მამაცი ბიჭების“ უფლება „დაიცვან საკუთარი ქვეყნის ინტერესები“. პროგოჟინი „ვაგნერის“ წევრებს უწოდებს „გმირებს", რომლებიც „იცავდნენ“ სირიელებს, სხვა არაბ ხალხს, აფრიკელებს და ლათინოამერიკელებს და იქცნენ რუსეთის „ერთ-ერთ საყრდენად".

რუსეთი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს". ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, როგორც "ვაგნერში", ისე რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას რუსეთი ცდილობს პატიმრების დაქირავებითაც. მათ სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომრად წასვლას და ამ პროცესს პირადად პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

რუსეთი უკვე წლებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. დღემდე, პრიგოჟინი არ ადასტურებდა, რომ "ვაგნერის" შემქმნელი და დამფინანსებელია.

XS
SM
MD
LG