Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნური ბატალიონის ლიდერი ადამ ოსმაევი უკრაინაში ომის შესახებ


ადამ ოსმაევი
ადამ ოსმაევი

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ უკრაინელთა მხარეს იბრძვის ორი ჩეჩნური ბატალიონი. ერთ-ერთის ლიდერია ადამ ოსმაევი. ის 2015 წელს ჩაუდგა სათავეში ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონს მას შემდეგ, რაც დებალცევოს ბრძოლებში დაიღუპა ქვედანაყოფის პირველი მეთაური - ისა მუნაევი.

ოსმაევი, რომელსაც ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში ედება ბრალი, გავლენიანი ჩეჩნური თემიდანაა. მამამისი რესპუბლიკაში ნავთობის მრეწველობას ხელმძღვანელობდა, ბიძა კი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე და ფედერაციის საბჭოს სენატორი იყო. ოსმაევის ცოლი, ამინა ოკუევა, 2017 წელს იქნა მოკლული მეთაურზე მეორე თავდასხმის დროს.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Kavkaz.realii-სთვის მიცემულ ინტერვიუში ადამ ოსმაევი ჰყვება, რატომ ებრძვის რუსეთის ჯარებს და რით ჰგავს უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჩეჩნეთის ომებს.

როგორც მესმის, თქვენ ახლა უკრაინაში იმყოფებით. რაზმთან ერთად ხართ?

დიახ, რა თქმა უნდა.

და რამდენი ხართ?

ამას არ ვახმაურებთ. ეს მგრძნობიარე ინფორმაციაა და ვცდილობთ, არ გავასაჯაროოთ.

თქვენი რაზმი საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებისგან შედგება? ეს მხოლოდ ჩეჩნები არიან თუ სხვა ეროვნების ხალხიც არის?

ჩვენი თავდაპირველი სახელწოდებაა ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონი. ანუ ჩვენ შორის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. თავდაპირველად ჩეჩნები უმრავლესობაშიც არ იყვნენ, უკრაინელი მეტი იყო, არიან მეომრები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან. ჩვენთან იყვნენ და არიან გამოცდილი მეომრები, რომლებმაც ჩეჩნეთის ომები გამოიარეს, ვინც ავღანეთი გამოიარა.

რა იცით მესამე რაზმის შესახებ, რომელიც ლვოვთან იქმნება?

დეტალები არა მაქვს, კონკრეტულად რომ გიპასუხოთ. ვიცი, რომ ახლა ბევრი ადამიანი ცდილობს აქ ჩამოსვლას სხვადასხვა არხით, რათა შეუერთდეს უკრაინის დაცვას.

თქვენთვის რითაა ეს ომი მნიშვნელოვანი? თქვენთვის ეს პირადი შურისძიებასავითაა?

ჩემთვის ეს არასოდეს ყოფილა პირადი. დანაკარგი, რომელიც მე განვიცადე, 2017 წელს მოხდა, როცა დაიღუპა ჩემი მეუღლე ამინა. ჩვენ ამ გზაზე ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გავედით, მე უკვე 20 წელზე მეტია, ამ გზას ვადგავარ. დავკარგე ოჯახი, ის, ასე ვთქვათ, პრორუსულია. ისინი ყოველთვის ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან. დავკარგე კავშირი ახლობლებთან, ნათესავებთან.

ჩემთვის ეს არის არა შურისძიება, არამედ მოვალეობა.

და ჩემთვის ეს არის არა შურისძიება, არამედ მოვალეობა. ჩემი მოვალეობაა როგორც მუსლიმის, როგორც მამაკაცის და როგორც უბრალოდ ადამიანის. საკუთარი სამშობლოს დაცვა ოკუპანტის თავდასხმის შემდეგ. მართალია, ჩვენ ახალგაზრდა რესპუბლიკა, ახალგაზრდა სახელმწიფო გვქონდა. [მაგრამ] რუსეთი ჩვენთან ხელშეკრულებასაც კი დებდა, ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვიყავით. ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ, ესაა და ეს.

დღეს თქვენთვის რა ხდება უკრაინაში?

ეს უბრალოდ იმ ომის გაგრძელებაა. ეს იგივე არმიაა, ეს იგივე სამხედრო დამნაშავეები არიან. ფრონტმა, უხეშად რომ ვთქვათ, კავკასიიდან 600 კილომეტრით გადაინაცვლა. იმავე მტერს ვებრძვით. და ჩვენი პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევიც კი ასე წინასწარმეტყველებდა, რომ იქნება ომი უკრაინასთან. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელია, ჩვენ უკრაინის ბუნებრივი მოკავშირეები ვართ.

ბევრი ჩვენგანი უკრაინის მოქალაქეა, არიან აქ დაბადებული ჩეჩნები. უკრაინაში თავისუფლებაა, რომელიც არ არის რუსეთში. მათ შორის რელიგიური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და სხვა და სხვა. თავისთავად ეს კმარა იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმარო. მაგრამ ჩვენთვის ეს იმ ომის გაგრძელებაა, რომელიც თითქმის 30 წლის წინ დაიწყო.

ვინაიდან ჩეჩნეთის ომს შეეხეთ, გვითხარით, ადამ, ახლა რუსეთის მოქმედება ჩეჩნეთში ფედერალური ჯარების მოქმედებას გახსენებთ?

ჩვენ ვიცით, რა მოელის ოკუპირებულ ტერიტორიებს. წმენდა, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა.

ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს არმია და ამ ქვეყნის ხელმძღვანელები. ამიტომ ჩვენთვის გასაგებია მათი ტაქტიკაც და ისიც, რასაც აკეთებენ. უკრაინელებისთვის ეს, რა თქმა უნდა, შოკი იყო, რომ ისინი მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. ჩვენ კი ეს ყველაფერი უკვე გამოვცადეთ და არაერთხელ. ჩვენ ვიცით, რა მოელის ოკუპირებულ ტერიტორიებს. წმენდა, წამება, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია, ისე გავწიოთ დახმარება, რათა ეს არ გაჭიანურდეს, რათა ბოლო მოვუღოთ ოკუპაციას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი უკრაინის მხარეს. ვფიქრობთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით შევძლებთ ამის მიღწევას. ჩეჩნეთში პრაქტიკულად არავინ გვეხმარებოდა, ამიტომაც გაჭიანურდა ყველაფერი და ასე სისხლიანი იყო.

თქვენ ამბობთ, რომ ომში მონაწილეობა მუსლიმის მოვალეობაა. აგვიხსენით, თუ შეიძლება, როგორ და რატომ არის უკრაინაში ომი მნიშვნელოვანი თქვენთვის როგორც მუსლიმისთვის?

მუსლიმებისთვის, რომლებიც აქ დაიბადნენ და ცხოვრობენ, ესენი კი ბევრნი არიან იმათ შორის, ვინც ახლა ჩვენთანაა, ისინი იცავენ საკუთარ სახლს, საკუთარ ოჯახებს, საკუთარ ქონებას, საკუთარ რელიგიურ თავისუფლებას. აქ მათ შეუძლიათ თავისუფლად მისდიონ თავის რელიგიას. რუსეთში არ არის ასე. ჩვენ ვიცით, რომ იქ არა მხოლოდ მუსლიმებს, არამედ ზოგ არატრადიციულ ქრისტიანსაც დევნიან, კრძალავენ ზოგ წიგნს. კლასიკურ მუსლიმურ ლიტერატურას. იმამებს ციხეში სვამენ და კლავენ.

ჩეჩნეთის მუფთი სალაჰ მეჟიევი ამ ომს ჯიჰადს უწოდებს, რითაც ხსნის რუსეთის მხარეს ჩეჩნების მონაწილეობას. მის სიტყვებზე რას ფიქრობთ?

ეს მუფთები კგბ-დან არიან, არაფერი ახალი ამაში არაა. იგივე აჰმად კადიროვი, როცა მუფთი იყო, თავიდან რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადის მოწოდებით გამოდიოდა, შემდეგ კი რუსეთის მხარეს იდგა. როგორ მოსდით თავში ყოველივე ეს? ვის წინააღმდეგაც უნდა იყვნენ, მათ ყოველთვის ჯიჰადი აქვთ. ეს ადამიანები გაიყიდნენ. ვერაფერს გააწყობ, ყოველ ქვეყანაში არიან ასეთი გაყიდულები, პარაზიტები, რომლებიც თავს იმით ირჩენენ, რომ ღალატობენ საკუთარ ხალხს, საკუთარ რელიგიას და კაცობრიობასაც კი. ნებისმიერი რელიგიის და საერო სამართლის პოზიციიდანაც ეს საკუთარი სახელმწიფოს ღალატია. ერთხელ ვინც ღალატობს, ხელახლა უღალატებს: ისინი რუსეთსაც უღალატებენ, თუკი კარგ ფასს შესთავაზებენ.

თქვენი აზრით, როგორია ამ ომში რამზან კადიროვის როლი?

კადიროვს სურს, პუტინი მოიმადლიეროს, მისი ფავორიტი გახდეს.

კადიროვს სურს, პუტინი მოიმადლიეროს, მისი ფავორიტი გახდეს. მას სურს მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების გაგზავნა პუტინის რაღაც დავალებების შესასრულებლად. ესაა და ეს, ყველაფერი ძალიან მარტივადაა.

როგორ მიიღეთ მისი განცხადებები, რომ ის თვითონ იმყოფება კიევთან, გოსტომელში?

მუდამ იღებენ ვიდეოებს, ისე, რომ რუსების უკან 30-40 კილომეტრზე იმალებიან. უკვე აღარ ვიცით, როგორ მივწვდეთ ამ ტიკტოკერებს, რამზანიც ერთ-ერთი მათგანია. პიარს იკეთებს. ყველამ იცის, რომ ისინი [კადიროველები] ფრონტის ხაზიდან შორს არიან და ხალხს ძარცვავენ, ქათმებს იპარავენ.

და რაში სჭირდება კადიროვს ეს პიარი?

იმაში, რომ პუტინს აჩვენოს თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან ეს რუსეთის ერთ-ერთი ძალოვანი უწყებაა და მათ შორის კონკურენცია მიდის. მედლებისთვის, წოდებისთვის, დაწინაურებისთვის და ა.შ. და ყოველ გენერალს სურს პირველმა დაიპყროს რაღაც. ამ ძალოვნებს შორის სურს გამოაჩინოს თავისი მნიშვნელობა, რომ სხვებზე უკეთესად ასრულებს მთავარსარდლის ბრძანებებს.

როგორ ხორციელდება თანამშრომლობა თქვენს რაზმსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის? რაზეა ის დამყარებული?

მთლიანად ვექვემდებარებით უმაღლეს სარდალს, ჩვენ სხვებსაც მოვუწოდებთ, ომის დროს ვერტიკალში დაიკავონ ადგილი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სანამ არსებობს ვერტიკალი და არის სამხედრო მმართველობა, აუცილებელია, რომ ამოცანები ყველამ ერთად შევასრულოთ. ცხადია, ყველა ჩვენს მოქმედებას ვათანხმებთ სხვადასხვა უწყებასთან. სანამ ის არსებობს, ეს ვერტიკალი, მას უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ.

თქვენი რაზმი უკვე მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში?

ჩვენ ახლა იქ ვეხმარებით, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება.

ანუ საბრძოლო კონტაქტი ჯერ არ გქონიათ?

ხომ გეუბნებით: იქ ვართ, სადაც ჩვენი ყოფნა სჭირდებათ. მაქსიმალურად. თუკი საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ საბრძოლო მოქმედებებში.

თქვენი აღქმით, ახლა უკრაინაში როგორია ჩეჩნების მიმართ დამოკიდებულება?

სამწუხაროდ, ამ, ასე ვთქვათ, ტიკტოკერების ანტირეკლამის გამო უკრაინაში ჩეჩნების მიმართ დამოკიდებულება ძალიან ცუდია. ვცდილობთ, როგორღაც გამოვასწოროთ ეს, ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ იმ მხარეს არიან ჩეჩნები.

ომთან დაკავშირებული შემდგომი მოვლენების თაობაზე რა პროგნოზები გაქვთ? როგორ დასრულდება ის ან როგორ გაგრძელდება? როგორი შეგრძნება გაქვთ?

მე ვფიქრობ, სამწუხაროდ, კიდევ ძალიან მწვავე ბრძოლები მოგველის.

მე ვფიქრობ, სამწუხაროდ, კიდევ ძალიან მწვავე ბრძოლები მოგველის. მათი მთავარი მიზანია კიევი. მართალია, ჯერჯერობით ძალები არ ჰყოფნით, მაგრამ გადაჯგუფებას ცდილობენ. როგორმე სხვანაირად შეეცდებიან კიევის აღებას. უცებ არ გამოუვათ ეს, ამიტომ, ვფიქრობ, გააფთრებული ბრძოლები გველის კიევისა და უკრაინის სამხრეთისთვის.

ადამ, თქვენ ჩეჩნეთში ნათესავები გყავთ, იცნობთ ვითარებას ჩეჩნეთში. როგორია იგი?

რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთში ნათესავებთან კავშირი არა მაქვს. მაგრამ სხვა წყაროებიდან ვიცი, რა ვითარებაა. ზოგადად ხალხი უკრაინის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. მოსახლეობას ვგულისხმობ. კი, არიან კადიროველები, რომლებიც [ომში] მონაწილეობენ და მათი ნათესავები, ცხადია, რუსეთის მხარეს არიან. მაგრამ ისინიც ხედავენ, რომ ეს უსამართლობაა და უკრაინელები მართლები არიან. ეს მათ ესმით და აცნობიერებენ ამას.

როგორ ფიქრობთ, ომის მთელი ეს ამბავი, რაც სანქციების გამო უთუოდ აისახება ჩვეულებრივ ადამიანებზე, იმოქმედებს ჩეჩნების ოპოზიციურობის დონეზე?

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი გარკვეული გამოცდების შემდეგ დასრულდება. დასრულდება რუსეთის დამარცხებით. და რუსეთის დამარცხებით კავკასიაში. გონიერ ჩეჩნებს უკვე ჩეჩნეთში მოუწევთ წესრიგის დამყარება, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიშლება. წესრიგის დამყარება, კავშირების მოგვარება მეზობლებთან. საქართველოსთან, უკრაინასთან. უნიტარული სახელმწიფოსთვის უფრო იოლი იქნება მთლიანობის შენარჩუნება. რუსეთი კი ასეთი სანქციებისა და უკრაინაში დამარცხების შემდეგ ალბათ ვერ გადარჩება. დიდი შრომა გველის! ამიტომ ჩვენ აქ ვაგვარებთ ურთიერთობებს უკრაინასთან, რათა შემდეგ კავკასიაში შევძლოთ წესრიგის დამყარება.

XS
SM
MD
LG