ბოლო 11 თვის განმავლობაში კვლავ და კვლავ ველაპარაკები პუტინს და კვლავ დაველაპარაკები, აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოცემა „ტაგესშპიგელთან“ ინტერვიუში.
„ბოლოს ეს დეკემბრის დასაწყისში მოხდა. და მე კვლავ დაველაპარაკები პუტინს, ვინაიდან საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თუმცა, ერთი რამ არის ნათელი: ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს შეუმცირებელი აგრესიით, არსებული ვითარება არ შეიცვლება“, - ამბობს ის.
შოლცის თქმით, სატელეფონო საუბრების ტონი არ არის არათავაზიანი, მაგრამ მხარეების მოსაზრებები სრულიად განსხვავებულია.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მე მკაფიოდ გამოვხატავ ამ საკითხზე ჩემს პოზიციას. ხანდახან ყოფილა სპეციფიკური შეკითხვები ტყვეთა გაცვლაზე, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საუბრები დაუბრუნდეს რეალურ თემას: როგორ გამოვა მსოფლიო ამ საშინელი ვითარებიდან? ამის წინაპირობა ნათელია: რუსეთის ჯარების გაყვანა“, - ამბობს ის.
29 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კანცლერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საჭიროა გეოპოლიტიკურად სუვერენული და ძლიერი ევროპა - მაგალითად, ძლიერი ევროპული შეიარაღების ინდუსტრია და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოქმედება. თუმცა აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით შორს ვართ ამისგან“.
საბრძოლო ტანკების, ლეოპარდების უკრაინისთვის გადაცემაზე კითხვის პასუხად, შოლცის ამბობს, რომ აშშ-ის გარეშე ძნელი იქნებოდა ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას გერმანია იღებს დიდი სიფრთხილით და მოქმედებს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან ერთად.
„თუკი ჩვენს გადაწყვეტილებებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყოველთვის სხვებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან ერთად ვმოქმედებთ. ეს არ არის სიახლე, არამედ პრინციპია, რომლის დაცვითაც ვმოქმედებთ [ომის] დაწყებიდან მოყოლებული“.
- „ტაგესშპიგელი: გამორიცხავთ, რომ საბოლოოდ იგივე მოხდება საბრძოლო თვითმფრინავებზე, რაც ტანკებზე მოხდა: იქნება მოთხოვნა, რომ გერმანიამ არ დააყოვნოს გადაწყვეტილება, ზეწოლა იზრდება და ბოლოს ჩვენ მათ მივაწვდით თვითმფრინავებს?
ერთი მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ უკრაინის საჭიროებებით, მეორე მხრივ, იმით, თუ რას აწვდიან ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები - უპირველესად აშშ, აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვები. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება საბრძოლო ტანკებზე ახლა.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ყირიმი? ისეთი ექსპერტები, როგორიცაა ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, მას ცენტრალურ როლს ანიჭებენ: სწორედ იქიდან დაიწყო ომი 2014 წელს და იქვე გადაწყდება, როგორ დასრულდება ის. უკრაინა ვერ იქნება უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს ყირიმი. თქვენ როგორ ხედავთ? უნდა დაიბრუნოს უკრაინამ ყირიმი?
ნებისმიერმა, ვისაც სურს უკრაინის მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში, თანმიმდევრულობა უნდა შეინარჩუნოს და არ უთხრას უკრაინას, რა არის მათი მიზანი. ჩვენ არ გადავახტებით უკრაინელებს. ამაზე ადრევე შევთანხმდით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის მშვიდობისთვის და ნოემბერში წარმოადგინა მშვიდობის გეგმა. პუტინის გადასაწყვეტია, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და დაასრულოს ეს საშინელი, უაზრო ომი, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ასობით ათასი სიცოცხლე.