Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამე პოლიციაში - მარიამმა დროებითი თავშესაფარი მოიპოვა


მარიამ შარიფაშვილი
მარიამ შარიფაშვილი

რა გზას გადიან ძალადობის მსხვერპლი ქალები საქართველოში, როგორ აღიქვამს მათ სისტემა?

26 წლის მარიამ შარიფაშვილი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა, ახლა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია.

მაგრამ ამ ამბავს წინ უძღოდა გამოკითხვის გრძელი ღამე თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც მარიამი და მისი ადვოკატი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი, დაახლოებით შვიდი საათი დააყოვნეს. გამოიცა შემაკავებელი ორდერიც მარიამის ძმის მიმართ.

"პირველი რამდენიმე საათი ამის იმედი არც გვქონდა. თუმცა მერე კიდევ დიდხანს არ იყო [პოლიციის] თავისუფალი მანქანა, რომ მარიამი თავშესაფარში წაეყვანათ. ამიტომ მოხვდა ის რამდენიმე საათით ჯერ ლილოს უსახლკაროთა თავშესაფარში", - ჰყვება ადვოკატი ანა არგანაშვილი.

მარიამმა, რომელიც ბოლო ერთი კვირაა სახლიდან არის გამოქცეული და ქუჩაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ გახდა ათი წლის წინ ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ძალადობის მსხვერპლი, წლების განმავლობაში როგორ უშედეგოდ ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას და დარღვეული უფლების აღდგენას. ოჯახის წევრებთან გაფუჭებული ურთიერთობის და კონფლიქტის გამო, არაერთხელ გამოქცეულა შინიდან.

ანა არგანაშვილმა გვიამბო, რომ პოლიციაში გატარებული ის ღამე ნათლად აჩვენებს, რა გზას გადიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ამ ქვეყანაში, როგორ აღიქვამს მათ სისტემა.

"პოლიციის განყოფილებაში იგრძნობა ასეთი დამოკიდებულება: ააა, შენ თავშესაფარი გინდა და ამიტომ გჭირდება, რომ შემაკავებელი ორდერი გამოგიწეროთ? პოლიციაში ყოფნის ეს შვიდი საათი იყო გამსჭვალული იმით, რომ გოგოსთვის ეთქმევინებინათ, რომ მას თავშესაფარი სჭირდება. არადა, თავშესაფარი ბუნებრივი საჭიროებაა, როცა ძალადობის მსხვერპლი ხარ. ქალს ამის თქმის არ უნდა რცხვენოდეს. ცალკე საკითხია, რა მტრული დამოკიდებულება იყო ადვოკატების მიმართ, განსაკუთრებით, ქალი ადვოკატების მიმართ და იქ სწორედ ქალები ვიყავით. როცა მსხვერპლი ამას ხედავს, ის კიდევ უფრო იძაბება და აბსოლუტური უსუსურობის განცდა ეუფლება".

ადვოკატის შეფასებით, პირველივე დღეს, როცა მარიამი ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უნდა გადაეყვანათ თავშესაფარში. მაგრამ მისი არაინფორმირებულობისა და ასევე, არასწორი რჩევების გამო, თავშესაფრის ნაცვლად, იგი ქუჩაში მოხვდა. ანა არგანაშვილს ვთხოვეთ გაეზიარებინა ჩვენთვის, როგორ მიდიოდა მარიამის გამოკითხვის პროცესი:

"ყოველ წუთში აწყვეტინებდნენ და ეუბნებოდნენ, არა, არა, ეგ ძალადობა არ არის. ძალადობა იქნებოდა... და ძალადობის რაღაც შაბლონური სცენარის მაგალითები მოჰყავდათ. ასე რომ დაერტყათ შენთვის ან ისე... ეს ნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის არსი არ ესმის სისტემას. არ შეიძლება ასწავლო ქალს, როგორ შეეშინდეს, რადგან ეს არის მისი ინდივიდუალური გამოცდილება... მარიამიც, იჯდა დაძაბული, ვაითუ, რამე კითხვისთვის ვერ ეპასუხა, ან არასწორად ეპასუხა".

ეს ფაქტი რადიო თავისუფლებას თავად მარიამმაც დაუდასტურა.

"არანაირი თანაგრძნობა. მხოლოდ გულგრილობა და მეტიც, აგრესია. ასე გექცევიან და პირველივე წუთიდან გაქვს განცდა, რომ შენი არ სჯერათ".

რამდენიმე დღის წინ, როცა მარიამი ჯერ კიდევ გარეთ ათენებდა ღამეებს, იგი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. კაცი, რომელიც მარიამის თვალწინ მასტურბირებდა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსა. გამოკითხვაზე ამ საკითხსაც კიდევ ერთხელ შეეხნენ.

"დაუჯერებელი რამ მოვისმინე მაგ ნაწილში. პოლიცია ფაქტობრივად ეუბნებოდა, ის კაცი შენ კი არ გერჩოდა, თავისთვის მასტურბირებდაო. მარიამისგან ვიცი, რომ იმ ღამით, როცა ეს ამბავი მოხდა, პოლიციამ ისიც კი უთხრა თურმე, გაგეხედა გვერდზეო. ეს იგივეა, ადამიანს უთხრა, ნუ მიხვალ სახლში, თუ შენზე ძალადობენ. აი, ასეთი პათოსი აქვს პოლიციას. და კიდევ ერთი: მარიამთან გასაუბრების დროს, პოლიციელი მუდმივად ტელეფონზე ვიღაცას „ეჩატავებოდა“ და იცინოდა. მარიამს ეგონა, რომ მის მონათხრობს დასცინოდნენ, როცა ძალადობის მომენტებზე ყვებოდა და ეკითხებოდა ხოლმე პოლიციელს: რაზე იცინით? რაზე იცინით? ის პასუხობდა, რომ მეგობართან ჰქონდა მიმოწერა", - გვითხრა ანა არგანაშვილმა.

თავშესაფარში დარჩენა მარიამს 30 დღის განმავლობაში შეუძლია. რა იქნება ამ 30 დღის შემდეგ?

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ის, რაც მარიამს სურს, უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა არაჰუმანური ფსიქიატრიული მკურნალობის წინააღმდეგ, ამიტომ, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება.

"ვეცდებით, მან მიიღოს შშმ პირის სტატუსი და დაენიშნოს კუთვნილი დახმარება. თავშესაფრიდან გამოსვლის მერეც მას უნდა ჰქონდეს თავისი საცხოვრისი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი იქნება ეს თუ სხვა. ჩვენ ამისთვისაც მივმართავთ სასამართლოს. და ცხადია, აუცილებლად ვიდავებთ იმ ზიანის გამო, რაც მარიამს მიადგა. ეს არ იქნება პატარა ბრძოლა, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ამ ბრძოლაში მარიამი არ გაიჭყლიტოს".

მარიამ შარიფაშვილს კიდევ ერთხელ უკვე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ ველაპარაკეთ. გვითხრა, რომ ამ ბრძოლისთვის ისიც მზადაა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG