პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ 22 იანვარს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გერმანიის მთავრობა საბოლოოდ მაინც არ მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემის შესახებ, ვარშავა შექმნის იმ ქვეყნების „მცირე კოალიციას“, რომლებიც უზრუნველყოფენ კიევისთვის „თანამედროვე ტექნიკისა“ და „თანამედროვე ტანკების“ გადაცემას საკუთარი არსენალებიდან.
მორავეცკიმ პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა გერმანიის პოზიცია ტანკების მიწოდების საკითხში და მიუღებელი უწოდა მას.
ბერლინს ჯერ არ გადაუწყვეტია უკრაინისთვის ტანკების მიწოდება ან ამის უფლების მინიჭება სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც მოეპოვებათ Leopard-ები.
„გერმანიის პოზიცია მიუღებელია. თითქმის ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან. ყოველდღე უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან“ - განაცხადა მორავეცკიმ.
შაბათს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს უკრაინას Leopard-ები. „ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად“, - დაწერა ტვიტერში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა.
კვირას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება ძირითადად გერმანიის პოზიციის გამო არ არის მიღებული. El Diario-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბორელმა თქვა, რომ პირადად ის ტანკების მიწოდებას ემხრობა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ ლონდონში მოხარული იქნებიან, უკრაინის შეიარაღებული ძალები თუ Leopard-ებს მიიღებს. ბრიტანეთმა ადრე გამოაცხადა, რომ უკრაინას მცირე რაოდენობის საკუთარ ტანკებს გადასცემს.
უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეიარაღების მიწოდების ზრდასთან დაკავშირებით რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკანასკნელ ხანებში მუქარას გამოთქვამენ, მათ შორის - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების თაობაზე.