უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები გერმანული Leopard 2-ის ტიპის ტანკების მართვას პოლონეთში შეისწავლიან. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის გარღვევა და პროცესი დაიწყება ტანკების გადაცემაზე მიღებული უარის მიუხედავად.
„ქვეყნებს, რომლებსაც უკვე აქვთ Leopard 2-ები, შეუძლიათ დაიწყონ ჩვენი სამხედროების სწავლება. ამით დავიწყებთ და უფრო წინაც წავალთ. ვიმედოვნებ, რომ გერმანია მიბაძავს მათ, გამართავს შიდა კონსულტაციებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ტანკების გადმოცემის შესახებ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ დავიწყებთ სატანკო ეკიპაჟების წვრთნას Leopard 2-ებზე“, - უთხრა მინისტრმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს.
20 იანვარს თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - "რამშტაინის ფორმატის" - მორიგ შეხვედრაზე გერმანიაში, არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის შესახებ. წინააღმდეგია თავად გერმანია და მისი თანხმობის გარეშე უკრაინას Leopard 2-ებს ვერც სხვა ქვეყნები აწვდიან. პოლონეთი მზად არის 14 ერთეული Leopard 2 გადასცეს კიევს, თუ მოკავშირეების თანხმობა ექნება. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად მზად არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გერმანიას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები.
დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინას გადასცეს ტანკები Challenger 2. წინასწარი ინფორმაციით, 14 ერთეულის გადაცემა იგეგმება. შესაბამისად გაიწვრთნებიან უკრაინული სატანკო ეკიპაჟები.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ „რამშტაინის ფორმატის“ მე-8 შეხვედრამ კმაყოფილი დატოვა, რადგან შეთანხმდა მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, რაც უკრაინას კონტრშეტევისთვის ესაჭიროება.
„დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა ახალი პაკეტებიც, მაგრამ მე ჯერჯერობით არ მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო მათ შესახებ. ეს შთამბეჭდავია. ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.
20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა რამშტაინში, გაიმართა მერვე საკონსულტაციო მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. გერმანიის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის გერმანია მოამზადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ევრო იქნება. მისი სიტყვებით, ბერლინი უკრაინას გაუგზავნის საზენიტო ანტისარაკეტო დანადგარებს, Patriot-ებს, ასევე შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Gepard-ს, სარაკეტო სისტემა Iris-T-ს და მისთვის განკუთვნილ რაკეტებს.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმის უზრუნველყოფისკენ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო [საბრძოლო] შესაძლებლობები წარმატებებისთვის მოცემულ მომენტში“, - თქვა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და დასძინა ასევე, რომ „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა დღევანდელ დღესა და გაზაფხულს შორის, როცა უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას, და ეს არც ისე დიდი დროა“. ამასთან, ოსტინის თქმით, უკრაინის დახმარება "რამშტაინის ფორმატის" მიღმაც არის შესაძლებელი.