გლობალური ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელთან, როლანდ ფროიდენშტაინთან რადიო თავისუფლებამ რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და შეუთანხმებელი გადაწყვეტილება შეაჯამა - რატომ არ აძლევს ბერლინი კიევს გერმანულ ტანკებს? გერმანელი პოლიტიკის მკვლევარი ვაჟა თავბერიძესთან კანცლერ შოლცის “ფეხის თრევის” ტაქტიკას განიხილავს, წუხს ბერლინის რეპუტაციულ “ფსკერზე” დაშვების გამო, თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლესაც ხედავს.
რადიო თავისუფლება: რამშტაინის შეხვედრაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე - რამდენად დიდია გერმანიის „წვლილი“ ამაში?
როლანდ ფროიდენშტაინი: ძალიან დიდი. გერმანიის უარი ახალი ფსკერია. და ეს არ არის დასავლური პოლიტიკის დამდაბლება, ეს უშუალოდ გერმანიის საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის უსუსურობაზე მიუთითებს. ეს კატასტროფაა ძალიან ბევრი კუთხით.
გერმანიის უარი ახალი ფსკერია… …აბსოლუტურ ფსკერზე დავეშვით. და კიდევ ვაგრძელებთ დაშვებას - რამდენჯერაც ვიფიქრებ, რომ ამაზე დაბლა დაშვება უკვე შეუძლებელია, იმდენჯერ ახალ ფსკერს ვპოულობთ.
რადიო თავისუფლება: რა ლოგიკით ხელმძღვანელობს გერმანია - რა დგას ამ უარის უკან?
როლანდ ფროიდენშტაინი: პირველ რიგში, ბუნდესკანცლერ შოლცის ფიგურა და ხასიათი - მისი ჰანზატური სიჯიუტე. რაც უფრო მეტად უბიძგებენ, მით უფრო უარზეა გააკეთოს ის, რასაც სხვები მისგან მოელიან. თავდაცვის ახალი მინისტრისგან დღეს მოვისმინეთ, რომ გერმანიის მთავრობა ფიქრობს Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე, მაგრამ უარზეა, მიიღოს გადაწყვეტილება - და ეს მაშინ, როცა დანარჩენები სწორედ ბერლინს ელოდებიან. მეორე და პოლიტიკურად ალბათ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ამ უარისა - ომის ესკალაციის შიშია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვხედავთ, კრემლის მუქარები მუქარებადვე რჩება. ჩემი აზრით, ამაზე ფიქრი იდიოტიზმია, მაგრამ ფაქტია, რომ „მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს“ სცენარი და ბირთვული ომის შიში ღრმადაა ჩაბუდებული იმ ხალხის გონებაში, ვისაც დღეს ბუნდესკანცლერის ოფისში სიტყვა ეთქმის, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატების პარტიაში. და მესამე - ზოგადი მიუღებლობა იმ ფაქტისა, რომ სამხედრო ძალით რაიმე კარგის მიღწევა შეიძლება, სამხედრო კონფრონტაციის შიში და ყოყმანი; მეორე მსოფლიო ომის მცდარი გაკვეთილები - რომ სამხედრო სიძლიერეს კარგი არაფერი მოაქვს, რომ სამხედრო სიძლიერე აპრიორი ბოროტებაა. ამის საპირისპიროდ, ის იდეა, რომ სამხედრო ძალა ბოროტებასთან დაპირისპირებისთვის შეიძლება გამოდგეს, გერმანელის მენტალობისთვის წარმოუდგენელ რამედ იქცა. მე არ ვიტყოდი, რომ ეს აბსოლუტურ უმრავლესობაზე ვრცელდება, მაგრამ საკმარის რაოდენობაზე კი - მათ შორის, მმართველ პარტიაში სწორედ ასე ფიქრობენ.
რადიო თავისუფლება: გერმანია არა მხოლოდ თვითონ აცხადებს უარს ტანკების გადაცემაზე, არამედ სხვებსაც უკრძალავს LEOPARD 2-ების მიწოდებას. საუბარია პოლონეთზე, ფინეთზე, ჩეხეთსა და სლოვაკეთზე - ყველა ამ ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინას ლეოპარდები მიაწოდონ, თუკი გერმანია რეექსპორტს მწვანე შუქს აუნთებს. გერმანია კი უარზეა. რატომ?
როლანდ ფროიდენშტაინი: რაც ამ საკითხის გარშემო ხდება, ეს პოლიტიკური კუკუმალულობაა. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ოფიციალურად მათთვის არავის მიუმართავს, არადა, ეს ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან, უკრაინას ტანკები მიაწოდონ, თუ გერმანია ამას დაჰყაბულდება. პოლონეთი, ფინეთი ყველამ ვიცით - მე ერთ, ნაკლებად ცნობილ მაგალითზე მოგიყვებით. რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ ზაფხულში, ესპანელებს უნდოდათ თავიანთი 14 „ლეოპარდ 2“, რომელიც საწყობში ეჟანგებოდათ და თან ზოგი დაზიანებულიც კი იყო, უკრაინელებისთვის გადაეცათ. არაფორმალურად მოიკითხეს ბერლინში - რას ფიქრობთ ამაზე? თანახმა იქნებითო? ბუნდესკანცლერის ოფისიდან დაუყოვნებლივ მოვიდა პასუხი - თუ ბერლინთან მეგობრობა გინდათ, არც კი იფიქროთ ამის ოფიციალურად თხოვნა. სოციალისტებმა სოციალისტებს უნდა გავუგოთ და მისთანები. და ესპანელებიც გაჩერდნენ. აი, ამას ვეძახი პოლიტიკურ კუკუმალულობანას. გერმანელები არაოფიციალურად ყველა მოკავშირეს ხელს უშლიან, რომ მათ ფორმალურად მოითხოვონ [ტანკების გადაცემის უფლება]. შემდეგ კი გერმანიის მთავრობა ტელეკამერებთან დგება და უცოდველი სახით ამბობს: ოჰ, ჩვენ ამაზე ოფიციალური მიმართვა არ მიგვიღია. უკრაინელების გადმოსახედიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი.
რადიო თავისუფლება: რასაც ჰყვებით, „დიახ, პრემიერ-მინისტროს“ [პოლიტიკური სატირის ჟანრის კლასიკად აღიარებული ბრიტანული სერიალი] სცენარს წააგავს, ერთგვარი „დიახ, ბუნდესკანცლერო“, გერმანული ვერსია რომ გადაეღო ვინმეს...
როლანდ ფროიდენშტაინი: [იცინის] აბსოლუტურად. დიახ, დიახ, დიახ! მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს, როდესაც ეს ომი მორჩება, ყველას „მოეკითხება“ და ამ „მოკითხვის” ერთ-ერთი ფორმა იქნება კომედიაც, მწარე, უკომპრომისო სატირა იმ ფსიქოზის შესახებ, რომელიც გაბატონებულია გერმანიის კანცლერის ოფისში. და ცირკი აქ არ მთავრდება - მე დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ეს ქვეყანა, მაგალითად, პოლონეთი, გერმანიის უარს არ შეუშინდება და მაინც გადასცემს „ლეოპარდებს“ უკრაინას. და რას იზამს მერე გერმანია? ვერც ვერაფერს, აბსოლუტურად ვერაფერს. პოლიტიკურად არანაირი ბერკეტები არ აქვთ პოლონეთის წინააღმდეგ. თუ ვინმე დაზარალდება, ისევ გერმანიის პოლიტიკური იმიჯი. გერმანია ისედაც რეკორდული სისწრაფით კარგავს პრესტიჟს ცენტრალურ ევროპაში. სკანდინავიაში გვიყურებენ და უკმაყოფილოდ აქნევენ თავს, ბრიტანეთში, ალბათ, საერთოდ ქირქილებენ - 14 „ჩელენჯერი“ გააგზავნეს უკრაინაში, რაც უკრაინისთვის ალბათ ზღვაში წვეთია, მაგრამ ჭეშმარიტ გმირებად გამოიყურებიან გერმანიის ფონზე. რეპუტაციით, ცენტრალურ ევროპაში აბსოლუტურ ფსკერზე დავეშვით. და კიდევ ვაგრძელებთ დაშვებას - რამდენჯერაც ვიფიქრებ, რომ ამაზე დაბლა დაშვება უკვე შეუძლებელია, იმდენჯერ ახალ ფსკერს ვპოულობთ. ის, რომ პოლონეთში გერმანიის კოლოსალური პოლიტიკური პრესტიჟი, ჯერ კიდევ ჰელმუტ კოლის კანცლერობის დროს დაგროვებული, ამ მთავრობამ წყალს გაატანა, საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა. და ბოლოს - ალბათ ყველაზე მთავარი: გერმანიის ეს ყოყმანი არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალის დაკარგვას - გერმანია, შესაძლოა, პოლიტიკურ წონას კარგავს, მაგრამ ამ ყოყმანის გამო უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს კარგავენ. იცით, პირველად როდის სთხოვა უკრაინამ გერმანიას „ლეოპარდ 1“-ები და „მარდერები“? 2022 წლის მარტში. წარმოგიდგენიათ? მარტში გვთხოვეს, ლამის ერთი წლის წინ და სულ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „მარდერებს“ მივაწვდით. დაუჯერებელი, მაგრამ სამწუხარო რეალობაა.
ცხადია, ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ დისკუსია მაინც დაიწყო ამაზე, იმედს მაძლევს, რომ ახლო მომავალში გერმანია არა მარტო სხვა ქვეყნებს მისცემს უფლებას, უკრაინას თავიანთი ლეოპარდები მიაწოდონ, არამედ თვითონაც გაიღებს 10 ან 20 ცალს, დასაწყისისთვის.
რადიო თავისუფლება: მინდა იმ „თვალი თვალის წილ“, უფრო სწორად, „ტანკი ტანკის წილ“ მიდგომაზეც გკითხოთ - რომ შოლცი მხოლოდ მაშინ დათანხმდება „ლეოპარდების“ მიცემას, თუ ამერიკელები „აბრამს 1“-ებს მისცემენ უკრაინას...
როლანდ ფროიდენშტაინი: ესეც იმავე კუკუმალულობის ნაწილია. ის ცინიკური რეალობა, რომლითაც ხელმძღვანელობს შოლცი და გერმანიის მთავრობის ნაწილი, საკმაოდ მარტივია: მათ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ამერიკელები თავს შეიკავებენ უკრაინისთვის „აბრამსების“ გადაცემისგან, რადგან ამასთან დაკავშირებული ლოგისტიკა კოშმარულად რთულია. სხვა რომ არაფერი, „აბრამსი“ კოლოსალური რაოდენობით საწვავს ნთქავს, ძირითადად ნავთის ვარიანტს, განსხვავებით „ლეოპარდისგან“, რომელიც ჩვეულებრივ დიზელზეა მორგებული. ასევე, ძალიან გრძელი წვრთნის პერიოდი აქვს ჯარისკაცებისთვის - ეს ძალიან კომპლექსური შეიარაღების სისტემაა. და, სავარაუდოდ, არ აქვს ხარისხის ისეთივე სიხისტე, როგორც „ლეოპარდს“. გერმანიაში ეს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ, მაგრამ ამბობენ: სულ არ გვადარდებს, რომ პოლონეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი - ვინც გინდა - მზად არიან „ლეოპარდები“ მისცენ უკრაინას, ჩვენ ამერიკას ვუყურებთ. და თუ ამერიკა არ მისცემს ტანკებს უკრაინას, ე.ი. ჩვენც გვექნება საბაბი, რომ არ მივცეთ. თითქოს მიანიშნებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასაც ბირთვული ომი აშინებს, თუ Abrams -ები უკრაინაში წავა; არადა, ცხადია, რომ ეს სრული სისულელეა. ისე, კარგი სეირი კი იქნება, ვაშინგტონმა დემონსტრაციულად 5 „აბრამსი“ რომ მისცეს უკრაინას, ხრეშჩატნიკზე დასაყენებლად, და ბერლინს „ხელები გაუხსნას“, მაგრამ ჩვენი მთავრობის შემხედვარეს, ეჭვი მაქვს, რომ არ შერცხვებათ და ისინიც 5 „ლეოპარდს“ გააგზავნიან...
რადიო თავისუფლება: რას ამბობს ეგრეთ წოდებულ Zeitenwende-სა (ეპოქის დასასრულსა) და ზოგადად გერმანიაზე ის ფაქტი, რომ მისი კანცლერის გვარი ზმნად იქცა - „შოლცობა - შოლცის გაკეთება“ - ანუ ვინმეს რამე კარგი დაჰპირდე, შემდეგ კი ყველანაირი საბაბი ეძიო და გამოიგონო იმისთვის, რომ ეს დაპირება არ შეასრულო...
როლანდ ფროიდენშტაინი: იცით, ცოტათი უსამართლოა ის ვერდიქტი, რომ გერმანია ცოტას აკეთებს. კონტინენტურ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაში - ზოგადად კი მხოლოდ აშშ და ბრიტანეთი გვისწრებს. ასე რომ, ისე არაა, რომ გერმანია არაფერს აკეთებს, ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი 5000 ჩაფხუტის გაგზავნით დავიწყეთ. ასე რომ, პროგრესი გვაქვს. მე ამ ყველაფერს ასე დავარქმევდი - ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან. ან კიდევ, წარმოიდგინეთ უზარმაზარი ტანკერი, რომელიც ტაატით ბრუნდება 180 გრადუსით. ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ის ნამდვილად დაიწყო. პრობლემა ისაა, რომ იმდენს არ ვაკეთებთ, რამდენსაც უნდა ვაკეთებდეთ და არ ვართ საკმარისად მტკიცე გადაწყვეტილებებში. მე მაინც ვეტყოდი, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს - როგორც აღვნიშნე, დღეს დილით ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გერმანია ფიქრობს „ლეოპარდ 2“-ის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რამდენი გვაქვს? რა მდგომარეობაში? რამდენის მიწოდება შეგვიძლია? ცხადია, ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ დისკუსია მაინც დაიწყო ამაზე, იმედს მაძლევს, რომ ახლო მომავალში გერმანია არა მარტო სხვა ქვეყნებს მისცემს უფლებას, უკრაინას თავიანთი „ლეოპარდები“ მიაწოდონ, არამედ თვითონაც გაიღებს 10 ან 20 ცალს, დასაწყისისთვის.
ეს უკვე აღარაა კომედია, ეს უკვე ტრაგედიაა.
რადიო თავისუფლება: ანუ მივადგებით ნაცნობ სცენარს: გერმანია ჯერ გადაცემაზე ითრევს ფეხს, შემდეგ თანხმდება, მერე ფეხს ითრევს რაოდენობაზე, იმაზე, რამდენად ოპერატიულად მოხდება მიწოდება და ა.შ.
როლანდ ფროიდენშტაინი: ზუსტად. და ეს მართლაც „დიახ, პრემიერ-მინისტროს“ ცნობილი სცენარია, სადაც საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ასე განმარტავს „ფეხის თრევის“ ტაქტიკას: 1. ჯერ უარს ვამბობთ იმის დანახვაზე, რომ პრობლემა არსებობს. მეორე: ვიტყვით, რომ ვერაფრით ვუშველით, ვერაფერს ვიღონებთ ამ პრობლემის გადასაჭრელად და მესამე: შეიძლება, კიდეც გვექნა რამე, მაგრამ ახლა უკვე გვიანია... სწორედ ესაა, რასაც დღეს გერმანიაში ვხედავთ. მაგრამ ეს აღარაა სასაცილო, როცა იცი, რომ ამას ყოველდღე ადამიანების სიცოცხლე ეწირება, შენი ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს უკვე აღარაა კომედია, ეს უკვე ტრაგედიაა.