„გილერმო დელ ტოროს პინოკიო“ (2022, აშშ, რეჟისორი გილერმო დელ ტორო)
კარლო კოლოდი, სახელგანთქმული „პინოკიოს“ ავტორი, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილი არასდროს ჰყოლია. ამას როცა გაიგებთ, სულ სხვანაირად წაიკითხავთ ხის ბიჭუნას თავგადასავალს. ვინ მოთვლის, რამდენჯერ უცდიათ ამ შესანიშნავი ტექსტის ეკრანიზაცია. თუმცა „უშვილობის“ ისტორიას პირველად მხოლოდ ჰოლივუდში დამკვიდრებულმა მექსიკელმა რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ მიაქცია ყურადღება. მისი „პინოკიო“, რომელიც საახალწლოდ გამოჩნდა „ნეტფლიქსის“ არხზე, მართლაც რომ ძვირფასი საჩუქარია ყველასთვის, ვისაც საყვარელი წიგნის თავისუფალი ინტერპრეტაცია ახარებს.
ბოლო 2 წელიწადში კინემატოგრაფისტები უკვე მესამედ შეეჭიდნენ კოლოდის ნაწარმოებს. „პინოკიო“ ჯერ იტალიელმა რეჟისორმა მატეო გარონემ გაიხსენა - შეეცადა ყურადღება უფრო გარემოზე გადაეტანა, რომელშიც ვითარდება წიგნის მოქმედება. ცოტა ხანში რობერტ ზემეკისმა გადაწყვიტა ტომ ჰენქსის „მოთავსება“ ანიმაციის სამყაროში... ექსპერიმენტი ცოტა არ იყოს ხელოვნური გამოვიდა, თავად ლიტერატურული პირველწყაროს ინტერპრეტაცია კი - გაუბედავი და მოსაწყენი. ამდენ „პინოკიოში“ გილერმო დელ ტორომ ახალი სახელი მოუგონა თავის ფილმს - „გილერმო დელ ტოროს პინოკიო“. თუმცა მხოლოდ იმიტომ არა, რომ მისი „პინოკიო“ სხვებში არ აგერიოთ. დიდი რეჟისორის ეს საშობაო საჩუქარი მართლაც ძალიან პირადულია.
სხვათა შორის, ჩემი დაკვირვებით, საყოველთაო აღფრთოვანება „პინოკიოს“ ახალი ვერსიით უფრო მეტად ფილმის სახვით გადაწყვეტას, დიზაინს, ტექნიკას უკავშირდება (ე.წ. Stop motion-ის ტექნიკას).
დიზაინერების ნამუშევარი აქ მართლაც ფილიგრანულია, გარემო სწორედაც რომ ფანტასტიკური (და არა იმდენად „ზღაპრული“). განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს თოჯინები მოძრაობის დროს. ფაქტობრივად მთელი ფილმი თოჯინების ბალეტია, ალექსანდრ დეპლას მუსიკის ფონზე (უნდა ვაღიარო, რომ ფილმის საუნდტრეკი უკეთესი რომ ყოფილიყო, „პინოკიოსგან“ მუსიკალური კინოს შედევრს მივიღებდით). მაგრამ ამ თვალსაზრისით ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ დელ ტორო ანიმატორი არ არის და მისი, როგორც ანიმატორის როლი ფილმზე მუშაობის დროს, მინიმუმამდე იყო დაყვანილი - მთელი ტექნიკური ნაწილი მან გადააბარა ამ საქმის, შესაძლებელია, ნომერ პირველ პროფესიონალს ჰოლივუდში, მარკ გუსტაფსონს.
ახალი „პინოკიოს“ მთავარი ღირსება ინტერპრეტაციის თავისუფლებაა. თანაც ისე, რომ ლიტერატურულ წყაროს ამით არაფერი დაუშავდა. პირიქით, უფრო გაღრმავდა და საინტერესო, რაც მთავარია, აქტუალური გახდა.
დელ ტორომ ფილმის მოქმედება მუსოლინის იტალიაში გადაიტანა, გასული საუკუნის 30-იან წლებში. ოსტატ ჯეპეტოს პირველი მსოფლიო ომის დროს, მორიგი დაბომბვისას, 10 წლის შვილი დაეღუპა. ამის შემდეგ სმას გადაჰყვა და სწორედ სიმთვრალეში გადაწყვიტა ბავშვის საფლავზე დარგული ხისგან თოჯინას გამოქანდაკება. „პინოკიოს“ კლასიკურ კინოვერსიაში, რომელიც უოლტ დისნეიმ სწორედ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გადაიღო, აქცენტი გადატანილია იმაზე, თუ როგორ გახდა უშნო თოჯინა „ნორმალური ბავშვი“. დელ ტოროს კი უყვარს პინოკიო ისეთი, როგორიც არის. და აქ ერთვება ისტორიული ფონი და მართლდება რეჟისორის არჩევანი მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმზე (მუსოლინი თოჯინების წარმოდგენასაც ესწრება ფილმში): „ნორმალურის“ მოთხოვნილება მხოლოდ ისეთ სისტემებში აქვთ, სადაც მუსოლინები მეფობენ, ანუ იქ, სადაც სისტემა ადამიანებისგან მარიონეტების თეატრს ქმნის. თანაც ზოგჯერ ისე, რომ „მეთოჯინე“ სადღაც კულისებში რჩება.
დელ ტორომ ჯერ კიდევ ფილმის გადაღებამდე აღიარა, რომ „პინოკიოს“ ბევრი რამ აკავშირებს „ფრანკენშტეინთან“. მან ხის თოჯინა გადააქცია „ურჩხულად“, რომელსაც ფაშიზმის ეპოქაში უხდება ცხოვრება. ამ თვალსაზრისით „პინოკიო“ სრულიად ორგანულია მექსიკელი ამერიკელის შემოქმედებისთვის - „უშნო“, „მახინჯი“ არსებების სიყვარული და მათი დაცვა ტოტალიტარულ სისტემაში ჩამწყვდეული ადამიანებისგან, გილერმო დელ ტოროს სტიქიაა. „ვინაა სინამდვილეში მარიონეტი ქვეყანაში, რომელსაც ფაშისტები მართავენ?“ - გვეკითხება რეჟისორი. კითხვას სვამს და არც მაყურებლის გაღიზიანების ეშინია. აბა, გაიხსენეთ, როგორ უკითხავდნენ მშობლები „პინოკიოს“ ბავშვებს? ამ წიგნით ასწავლიდნენ, რომ ტყუილი ცუდია, რომ თუ იცრუებ, ცხვირი გაგეზრდება, რომ სწავლა აუცილებელია, რომ უფროსებს უნდა დაუჯერონ... მოკლედ, მილიონი შეგონება, რასაც ბავშვები, როგორც წესი, ვერ იტანენ.
მაგრამ დელ ტორო ამასაც არ სჯერდება. პირველივე ეპიზოდში, როცა დაბომბვის დროს პატარა კარლო მამამისის მიერ გამოთლილი ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკების წინ იღუპება, ფილმის ავტორი კითხვებს გვაყრის: რატომ კლავენ ადამიანებს იქ, სადაც ჯვარცმულ ქრისტეზე (უკანასკნელ მსხვერპლზე ქრისტიანებისთვის) ლოცულობენ? რატომ ახლავს თან სხვისი დამორჩილების ვნება სიცოცხლეს... და არა უბრალოდ სიცოცხლეს, არამედ სიყვარულსაც კი?
ოღონდაც ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ დელ ტორო იმ კინემატოგრაფისტ-მიზანტროპებს ჰგავს, 2022 წელს რომ დაგვბომბეს თავიანთი ზიზღით და მორალიზმით. ამ რეჟისორის ძალა არა ზიზღი, არამედ სევდა და წუხილია. კომფორტს ის არა მარტო მაყურებელს არ უქმნის, უხერხულ კითხვებს საკუთარ თავს უსვამს პირველ რიგში.
„პინოკიო“ დელ ტოროს ყველაზე „პირადი ფილმია“. შეიძლება ითქვას - მისი ავტობიოგრაფია. ჯეპეტო, ხელოვანი, რომელიც ძერწავს თოჯინას, თავად ავტორია - სურს გამოძერწოს დახვეწილი და თანაც მორჩილი თოჯინა, სურს შექმნას ჰარმონია, მაგრამ შემოქმედების პროცესში ერთვება სიცოცხლე (რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი სწორედ სიცოცხლეა) და ჯეპეტოს შრომის შედეგი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდება - დაუმორჩილებელი პინოკიო იმ მოჩვენებით წესრიგს ანგრევს, რომელიც საფუძვლად უდევს სისტემას და თავად ხელოვნებასაც კი. სიცოცხლე იმარჯვებს გაყინულზე, მდგრადზე, უმოძრაოზე. პინოკიო არაა ჯეპეტოს მკვდარი შვილი. ის სიცოცხლის გზავნილია. ეს სრულიად გენიალური მიგნებაა ფაშისტური ნეკროფილიის დასახასიათებლად.
ეს რეჟიმი (თუ „სისტემა“) ხომ ყოველთვის ერთი კაცის („მამის“) მორჩილებას გამოხატავს. დაუოკებელი პინოკიოს სახით დელ ტორო მოძრაობის და ამბოხების ჰიმნს გვთავაზობს თავის ულამაზეს ფილმში - ჯორჯო დე კირიკოს მეტაფიზიკური ესთეტიკით და ჟიულ ვერნის პირდაპირი ციტირებით ფინალში.
კი, პინოკიო კვდება ფილმში. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ესაა სპოილერი და ესაა დასასრული - პინოკიო ბევრჯერ მოკვდება. თუმცა სიკვდილი უსუსურია სიცოცხლის წინაშე - დელ ტოროს მთავარი გზავნილი უპირველესად ამას გვახსენებს.
„სიკვდილი ერთადერთია, რაც სიცოცხლეს ძვირფასს ხდის“, - გვესმის ეკრანიდან... და აქ გვახსენდება ის კულტურა, რომლის შვილია დელ ტორო - მექსიკური. ამავე დროს, დელ ტოროს ფილმი არის კინო გლოვაზე, დატირებაზე, დაბომბვის შედეგად დაღუპულ ბავშვებზე. ჰოდა, რა უნდა იყოს ამაზე აქტუალური დღეს, რომელი რეჟისორი გამოეხმაურა დღევანდელობას ისე, როგორც დელ ტორო?