Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გოცირიძე" როდის გაიხსნება, ისევ უცნობია - მერი ამბობს, რომ დეფექტებია გამოსასწორებელი


ფოტო არქივიდან: მეტროსადგური "გოცირიძე" რეაბილიტაციის პროცესში
ფოტო არქივიდან: მეტროსადგური "გოცირიძე" რეაბილიტაციის პროცესში

თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა იმ კონტრაქტორი კომპანიის მუშაობით, რომელიც თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურს, "გოცირიძეს", რამდენიმე თვის განმავლობაში არემონტებდა. კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილეებს დაავალა, "გააკეთონ ყველაფერი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას".

"გოცირიძის" სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, თუმცა შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რამდენიმე პრობლემას, რომელიც გამოსასწორებელია...

კომპანია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის პრობლემური, უპასუხისმგებლო. შესაბამისად, არ ვთვლით საჭიროდ, რომ ამ კომპანიას [დავავალოთ] სამუშაოების გაგრძელება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ კომპანია დეფექტების გამოსწორებას შეძლებს...

ყველა ის სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და რაც არის გამოსასწორებელი, ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები, რაც დაიხარჯება, სასამართლოს გზით მოთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას", - თქვა კალაძემ.

ბოლო შეთანხმებით, რომელიც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და კომპანია "მამისონს" შორის დაიდო, ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

კომპანიას, რომელთან ურთიერთობის გაწყვეტაზეც ისაუბრა მერმა, მეტროსადგური "ვარკეთილიც" უნდა გაერემონტებინა. სამუშაოების დაგვიანების დაწყებისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მისი "შავ სიაში" შეყვანა სთხოვა, რაც კომპანიას შეუზღუდავდა ტენდერებში მონაწილეობის უფლებას.

სადგური "გოცირიძე" ორ წელზე მეტია, ვერ ემსახურება მგზავრებს.

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.

XS
SM
MD
LG