ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე". ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბოლო შეთანხმება 13 ოქტომბერს არის ატვირთული, თუმცა უშუალოდ დოკუმენტს გაფორმების თარიღი მითითებული არ აქვს. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის კომპანიას შესასრულებელი ჰქონდა შემდეგი სამუშაოები: "მოაჯირების ღებვა, ფასადის შეფუთვა კომპოზიციური პანელით, ფასადის შეფითხნა - შეღებვა, ბაქანზე და ვესტიბულებში შშმ პირებისთვის ტაქტილური ბილიკების მოწყობა, სადგურის ვესტიბიულის და კიბის უჯრედის შეღებვა, სამომსახურო სივრცეში განთავსებული ოთახებისა და დერეფნის კედლების ღებვა, ბურჯების დამუშავება ე.წ. მიუნხენის ფითხით და ღებვა, შშმ პირებისთვის დახრილი ლიფტის მოწყობა და მავთულბადიანი ფოლადის ჩარჩოების მოწყობა".
ხელშეკრულების ღირებულება 4,7 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31% - 1,4 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი.
პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.
სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.