თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციას აჩერებს. შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" ცალმხრივად უწყვეტს ხელშეკრულებას - ამ შინაარსის წერილი 3 ნოემბერს არის გაგზავნილი.
"ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი. დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი, შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება", - წერია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მიერ "სამშენებლო კომპანია მამისონის“ დირექტორისთვის მიწერილ წერილში.
ამ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ "მამისონმა" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" ავანსის სახით ჩარიცხული 3 828 000 ლარი უკან უნდა დაუბრუნოს.
დამატებით თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა წერილობით, რომ კომპანია "მამისონი" შავ სიაშიც შეიყვანოს.
რადიო თავისუფლება ცდილობდა კომპანია "მამისონთან" დაკავშირებას, თუმცა კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
იგივე კომპანია ატარებს მეტროსადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც. ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება სადგური.
თბილისის მერიამ კომპანია, რომელსაც მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაატარებინა, ტენდერით გამოავლინა. მასთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის მაისში დაიდო, სამუშაოების დასასრულებლად კი 18 თვე განისაზღვრა.
მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩასტარებია.