Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაკოევი, ვისზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული, ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა


დავით სანაკოევის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2022 წლის ივნისში გასცა
დავით სანაკოევის დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2022 წლის ივნისში გასცა

16 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმედ ხანმა გამოაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საქმის განხილვა დასრულებულია. მანამდე ჰააგის სასამართლომ ორდერები გასცა, სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი ჩინოვნიკის დასაპატიმრებლად

2008 წელს მათ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ: შს მინისტრი მიხაილ მინძაევი, საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი გამლეტ გუჩმაზოვი და პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი. პარლამენტის დეპუტატი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ ჰყვება, თუ რას ფიქრობს წარდგენილ ბრალდებებზე.

- საერთაშორისო სასამართლოს დასკვნას ეთანხმებით? პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაზე ვისაუბროთ, პოლიტიკის გარეშე.

- არა, არ ვეთანხმები. მე რაც მეხება, ყველა ბრალდება უსაფუძვლოა. არავის დაკავებასა და უკანონო გადაყვანაში არ ვმონაწილეობდი. მსგავსი არაფერი მომხდარა.

- იცით მაინც, რაზეა საუბარი?

- ვიცი რა ბრალდებებიც არის. მოდით, მივყვეთ, ცხინვალზე შეტევის წინ საქართველოს მთავრობამ უახლოესი ქართული სოფლებიდან, რომლებიც შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების არენად ქცეულიყო, მოსახლეობა გაიყვანა. მაგრამ ყველა არ წასულა, ნაწილი დარჩა. როდესაც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლები ქართველი მეომრებისგან გაათავისუფლა, ეს ხალხი იპოვა.

- რამდენი იყვნენ?

- 150-170 ადამიანი, ზუსტად არ მახსოვს.

- რა უყვეს მათ?

- შეკრიბეს ისეთ ადგილას, რომელიც დანგრეული არ იყო და ასე თუ ისე დაეტეოდნენ. მინდა გითხრათ, რომ სამხრეთ ოსეთში არსად დარჩა ადგილი, სადაც ნორმალური პირობები იქნებოდა მათ გასაჩერებლად. არ იყო წყალი, გაზი, ელექტროენერგია. ყველაფერი დაინგრა. ყველაზე ნაკლებად შსს-ს შენობა დაზიანდა და ისინიც იქ განათავსეს.

- ვიწროდ არ იყვნენ?

- რა თქმა უნდა, ვიწროდ იყვნენ, სული ეხუთებოდათ, მაგრამ იქ სახურავი და კედლები მაინც ჰქონდათ. ქართველები რომ ისროდნენ ამ შენობას დიდად არ მოხვედრია. ეს ერთადერთი ნაგებობა იყო, სადაც ამდენ ადამიანს განათავსებდი. თან 150 კაცი ყველა ერთად ხომ არ მოუყვანიათ - როგორც პოულობდნენ ისე მოჰყავდათ.

- თქვენი ინფორმაციით, მათთან რამე სახის გამოძიება ჩატარდა?

- რამდენადაც ვიცი, არა, არანაირი გამოძიება, დაკითხვა, დაკავება. ეს ყოველთვის ტერიტორიის გასუფთავების შედეგი არ იყო. ხშირად ისინი უბრალო ხალხს მოჰყავდა, ვისაც შემთხვევით გადაეყარნენ.

- შსს-ს შენობაში ძალით აჩერებდნენ?

- არავინ აპირებდა მათ დაკავებას ამ სიტყვის იურიდიული გაგებით. ხალხმა უბრალოდ არ იცოდა, სად წასულიყვნენ. მოჰყავდათ 3-5-10 კაცი, რომ ვიღაცას მათთვის ედარაჯა. იმ უკაცრიელ სოფლებში რომ დაეტოვებინათ, შეიძლება დაღუპულიყვნენ. იქ ათასი ვინმე დადიოდა. ბევრს ჰქონდა იარაღი, მათ შორის ქართველებიც ისროდნენ. ბევრი იყო გაბოროტებული.

- გამოდის, ერთი მხრივ, ისინი დააკავეს, მეორე მხრივ, იხსნეს? არავინ იცის მათთვის ეს როგორ დასრულდებოდა...

- ამიტომაც არ შემიძლია ამას ძალადობა ვუწოდო.

- ანუ ამბობთ, მათი უფლებები არ დარღვეულა?

- არა, რასაკვირველია. იყო შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მამაკაცები ქუჩების და ნანგრევების გასაწმენდად იძულებით გაჰყავდათ. ქუჩაში გასვლა შეუძლებელი იყო სახლების ნანგრევების, მანქანების, წაქცეული ხეების გამო. ყველაფერი ადგილობრივმა მოსახლეობამ გაასუფთავა და ეს ახალგაზრდა მამაკაცებიც გამოჰყავდათ გასაწმენდად. მათ ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. ხალხი გაბოროტებული იყო, ბევრს ახლობელი დაეღუპა, სახლი დაეწვა. ამიტომ მათ დანახვაზე სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდათ... რა თქმა უნდა, ქართველებს მილიციელები იცავდნენ, აგრესია რომ აღეკვეთათ, მაგრამ ეს ადვილი არ იყო და უცებ ვერ ხერხდებოდა.

- ამ ხალხთან დაკავშირებით რამე გადაწყვეტილება მიიღეთ?

- არა, მე უფლებამოსილი არ ვიყავი, მსგავსი გადაწყვეტილება მიმეღო.

- რა მომენტიდან გახდით ამ ისტორიის მონაწილე?

- რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დამავალა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე მეზრუნა, ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებების დროს აიყვანეს ტყვედ. ამაზე ვმუშაობდი. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამაც გვთხოვა, მათთვის ყველა ის ეთნიკური ქართველი გადაგვეცა, ვისაც სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში გადასვლა სურდა, ხელი არ შეგვეშალა მათთვის.

- ეს როგორ ხდებოდა?

- ჩვენი მხრიდან ეს მე მებარა, ქართული მხრიდან კი პირველ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ: ალექსანდრე ლომაია უშიშრობის საბჭოს მდივანი, გივი თარგამაძე, უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და მამუკა მუჯირი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სამნი იყვნენ, მაგრამ რატომღაც ყველა პროტოკოლს მხოლოდ მუჯირმა მოაწერა ხელი.

- რაზე შეთანხმდით?

- შევთანხმდით, რომ გავცვლიდით პრინციპით „ყველა ყველაზე“. ყველა ჩვენს მოქალაქეს დააბრუნებდნენ, ხოლო ყველა ქართველს, რომელსაც საქართველოში წასვლა უნდოდა დაუბრკოლებლად გავატარებდით. ერთმანეთში გავცვალეთ რა ინფორმაციაც გვქონდა: ჩვენ ჩვენი სია მივეცით, ვისაც ვეძებდით, მათ თავიანთი მოგვცეს. ვუთხარით, რომ არიან ევაკუაციის შემდეგ სოფლებში დარჩენილებიც, რომლებიც გამორჩათ და მათაც სურთ საქართველოში გადასვლა.

ბევრჯერ შევხვდით, მაგრამ უშუალოდ ხალხის გადაცემა ექვსჯერ მოხდა. პირველ შეხვედრაზე ავტობუსში სამოცამდე კაცი ჩავსვით, შსს-ში ვინც გვყავდა იმათგან. ქართველებმა ჩვენი სიიდან რვა კაცი გადმოგვცეს.

- ქართველების სიაში სულ რამდენი იყო?

- 43-45 კაცი.

- თქვენგან ხალხი ნებით მიდიოდა?

- რა თქმა უნდა, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა თომას ჰამერბერგი, ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებებში. ის რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან ვლადიმირ ლუკინითან ერთად ჩამოვიდა. განვმარტავ მაინცდამაინც ჰამერბერგი რატომ მოვიდა. 2008 წლამდე ჩვენ ყველა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციას მივწერეთ, ვჩიოდით, რომ სისტემატურად ირღვევა ჩვენი მოქალაქეების ეთნიკური ოსების უფლებები, ქართველი სამხედროების მიერ უკანონოდ დადგმულ საგუშაგოებზე. ვწერდით, რომ ომისთვის ემზადებოდნენ, მოვუწოდებდით, შეეჩერებინათ.

ევროსაბჭოს კომისარი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისთვისაც შეგვეძლო მიგვეწერა. ომის შემდეგ ჩამოვიდა და აქტიურად მონაწილეობდა იმ პროცესებში, რომელიც აღვწერე. მოინახულა ადგილები, სადაც ქართული სოფლების მკვიდრები იმყოფებოდნენ. იქ იყო, როცა ისინი ავტობუსებში ჩავსვით. მისი თანდასწრებით წერდნენ ხელწერილებს, ხედავდა, ვაიძულებდი მათ დაწერას თუ არა. ყველაფრის მოწმე იყო.

- რა ხელწერილებს?

- რომ არავინ აიძულებთ სამხრეთ ოსეთის დატოვებას, ნებით მიდიან საქართველოში. ამაში არაფერი უჩვეულო და საეჭვო არ იყო. რაც მოხდა იმის შემდეგ ვერ წარმომიდგენია, ვინმეს დარჩენა მონდომებოდა.

- თქვენ რაში გადანაშაულებენ?

- მოვიყვან სასამართლოს ციტატას: „როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში (სხვაგვარად ომბუდსმენი) 2005 წლიდან 2010 წლამდე, სანაკოევი მჭიდროდ თანამშრომლობდა სამხრეთ ოსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან. ანგარიშვალდებული იყო კოკოითის წინაშე“.

ასევე თითქოს: „ხელს უწყობდა მძევლად აყვანილი პირების საზოგადო მიზნებისთვის გამოყენებას, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადაცემას, ან სხვა სახით უწყობდა ხელს ამ დანაშაულს. 2008 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ხალხის გასათავისუფლებლად გამართულ მოლაპარაკებებში“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ამტკიცებენ, რომ ძალით გადავეცით ეს ხალხი, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთში დარჩენა სურდათ. თითქოს ყალბი ხელწერილები შევადგინე და თითქოს ექვსჯერ ვაიძულე საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთელი მსჯავრდებულები შეეწყალებინა და ჩვენთვის გადმოეცა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის, დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები 30 ივნისს გამოაქვეყნა.
ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის განცხადებაში წერია, რომარსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ეთნიკურ ქართველად აღქმული სამოქალაქო პირები დაკავებულ იქნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები შემდგომში დაპატიმრებულ იქნენ, ექვემდებარებოდნენ არასათანადო მოპყრობას და იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში ცხინვალის საპატიმრო დაწესებულებაში (.. „იზოლატორშიანკაპეზეში“). მოგვიანებით კი მოხდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი ზეწოლის იარაღად გამოყენება პატიმართა და ტყვეთა გაცვლის დროს. გაცვლის შედეგად, დაპატიმრებული პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთი ოსეთი“.
დავიდ სანაკოევს სავარაუდოდ, პასუხისმგებლობა ეკისრება ომის დანაშაულებზე (მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება), რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში.

XS
SM
MD
LG