Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინი გველია, გველს კი ვერ გაურიგდები“ - შონ მაკფეიტი, “ახალი სუნ ძი"


აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო სტრატეგი შონ მაკფეიტი. 2019 წ.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო სტრატეგი შონ მაკფეიტი. 2019 წ.

„ტრიუკი ისაა, რომ რუსეთს საკუთარი შიდა უსაფრთხოება გაუხდეს თავსატეხად და ამის შემდეგ თვითონვე გამოვლენ უკრაინიდანაც და საქართველოდანაც“, - ეუბნება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო სტრატეგი შონ მაკფეიტი რადიო თავისუფლებას. “მაკფეიტი ჩვენი დროის სუნ ძია” - ასე შეაფასა მაკფეიტის ბესტსელერად ქცეული წიგნი, “ომის ახალი წესები”, ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა. [სუნ ძის “ომის ხელოვნება” - ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში შექმნილი და დღემდე სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად აღიარებული ტრაქტატი - რ.თ.] “თანამედროვე სუნ ძი” ყოფილი სამხედრო, შემდეგ დაქირავებული მებრძოლი, ატლანტიკური საბჭოს საგარეო ურთიერთობების საკითხთა ექსპერტი და მხატვრული და დოკუმენტური ბესტსელერების ავტორია. ვაჟა თავბერიძესთან ვრცელ ინტერვიუში ის დეტალურად განიხილავს რუსეთის. უკრაინისა და დასავლეთის სამხედრო სტრატეგიებს, ხერხებსა და სტრატაგემებს - რა უნდა გავაკეთოთ, რომ პუტინს პუტინობაში ვაჯობოთ?

დასავლეთმა, და ამერიკამ „ბინძური წესებით“ თამაში უნდა გაიხსენონ - ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ - რა ჯობია, უღირსი მოგება თუ ღირსეული დამარცხება?..

რადიო თავისუფლება: მოდი, ასე დავიწყოთ - რა გვასწავლა უკრაინის ომმა? თქვენ მიერ შემოთავაზებული ომის ახალი წესებიდან რომელი განამტკიცა? ან იქნებ, გააბათილა? იქნებ ახალი წესებიც ვისწავლეთ?

შონ მაკფეიტი: როდესაც თებერვალში ომი დაიწყო, ბევრი ჩემი კოლეგა მეხუმრებოდა: ჰაჰაჰა, მაკფეიტ! ხომ გაიძახოდი, რომ ტრადიციული ომი მორჩა, მოკვდაო? ახლა რაღას იტყვი? მე კი ვამბობდი - დავიცადოთ, ომი ჯერ არ დამთავრებულა. ეს ის დრო იყო, როდესაც ხალხი ფიქრობდა, რომ ომი 3-4 დღეში ან ერთ კვირაში დამთავრდებოდა. და მართალი მე აღმოვჩნდი: ტრადიციულმა ომმა რუსეთისთვის არ იმუშავა, მეტიც, დანაკარგების მეტი არაფერი მოუტანია. 2014-ში ბევრად უფრო წარმატებულები იყვნენ, როცა არატრადიციული მეთოდებით იბრძოდნენ, წელს კი ადგნენ და 1940-იანი წლების ყაიდაზე მორგებული „ბლიცკრიგი“ შემოგვთავაზეს, რაც სრული კრახით დამთავრდა. სადღაც მარტის ბოლოსთვის თავადაც გაიაზრეს ეს და ტაქტიკა შეცვალეს, გადავიდნენ თანამედროვე „რუსულ ომზე“, რაც ძირითადად ნიშნავს მშვიდობიანი მოქალაქეების ამოხოცვას და ქალაქების მიწასთან გასწორებას, როგორც ეს გროზნოში და ალეპოში გააკეთეს. და ამავეს აკეთებენ დღეს უკრაინაშიც. ასე რომ, ვფიქრობ, რომ რაც უკრაინის ომმა დაამტკიცა, არის ის, რომ ტრადიციული ომი მოკვდა, მას ყავლი გაუვიდა, და რომ არსებობს ბევრად უფრო იოლი და ეფექტური ხერხები გამარჯვების მოსაპოვებლად. ტრადიციული ომი ზედმეტად მოუხერხებელია თანამედროვეობისთვის და ამის ყველაზე სიმბოლური მტკიცებულება ალბათ იყო ის 60-კილომეტრიანი რუსული კონვოი, რომელიც „კიევისკენ მიემართებოდა“ და ვერცკი ჩააღწია. რუსებმა იჩქარეს, იფიქრეს, რომ ერთი ხელის დაკვრით მოამთავრებდნენ ყველაფერს. ახლა რასაც აკეთებენ, ქალაქებში რომ ჭურვებს ისვრიან ერთი-მეორის მიყოლებით, ეს უკვე აღარ არის ტრადიციული ომი - ამას, სიმართლე გითხრათ, უფრო ტერორიზმის ელფერი დაჰკრავს.

რუსებმა 1940 წლის ყაიდაზე მორგებული ბლიცკრიგი შემოგვთავაზეს - რა გასაკვირია, რომ ეს სრული კრახით დამთავრდა?..

რადიო თავისუფლება: რუსეთის მიერ ტაქტიკის შეცვლაზე აუცილებლად გკითხავთ, მაგრამ მანამდე მინდა გავიხსენო თქვენი ერთი ციტატა, რომელმაც თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია: „დასავლეთს დაავიწყდა, თუ როგორ გაიმარჯვოს ომში.“ მაგრამ იმისთვის, რომ ომი მოიგო, პირველ რიგში, ბრძოლის სურვილი, ნება მაინც უნდა გქონდეს - ხედავთ დღეს ამ ნებას?

შონ მაკფეიტი: არა. უფრო სწორად... ეს იყო ჩვენი მეტოქეების სტრატეგიის ნაწილი, რუსეთისა და ჩინეთისა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ამერიკის და ევროპის მოსახლეობისთვის ომი მთავარი საზრუნავი გახდებოდა, მათი ყოველდღიურობის ნაწილი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ისინი უკან დაიხევდნენ, უკრაინის მხარდაჭერაზე უარს იტყოდნენ. კიდევ უკეთესი ვარიანტი იყო ის, რასაც რუსეთი აქამდე აკეთებდა - ომი თითქოს იყო, მაგრამ არც იყო, შენიღბული იყო „მშვიდობით“ - თუ ამას მოახერხებ, თუ ეს გაგდის, თუ შენი „პატარა მწვანე კაცები“ და დაქირავებული მეომრები იბრძვიან შენი ჯარების მაგივრად, ეს ბევრად უფრო კომფორტულია, უფრო მარტივად შეგიძლია პასუხისმგებლობას საერთოდ აარიდო თავი და ყველაფერი შეგრჩეს...

რადიო თავისუფლება: ჩრდილოვანი ომი, როგორც თქვენ უწოდებთ.

შონ მაკფეიტი: დიახ, თუმცა შეგიძლიათ, რაც გინდათ ის უწოდოთ. მთავარი ისაა, რომ დღეს ომები ასე უნდა მოიგო - უკანასკნელი რამ, რაც უნდა გინდოდეს, არის უზარმაზარი, საჯარო, კლასიკური სამხედრო შეჭრა, რომელიც ყველას ფეხზე დააყენებს, მთელ სამყაროს შენს წინააღმდეგ დარაზმავს. და როდესაც რუსეთმა ეს გააკეთა, მიიღო შესაბამისი „საჩუქრები“: შვედეთი და ფინეთი ნატოში, ნატო გახდა ბევრად უფრო ერთიანი, ვიდრე მანამდე იყო, იმის ნაცვლად რომ დაქსაქსულიყო, როგორც ეს რუსეთს სურდა. უფრო მზაკვრულად რომ ემოქმედათ, ვინ უწყის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ შავ დღეშიც არ იქნებოდნენ, როგორც დღეს არიან.

ბაიდენის ადმინისტრაციას სურს უკრაინა რუსეთისთვის ე.წ. კუპრის გუბედ აქციოს, იმად, რადაც საბჭოთა კავშირისთვის ავღანეთი იქცა - ჭაობად, რომელშიც რუსეთი ჩაეფლობა...

რადიო თავისუფლება: „პუტინს აქვს „დიდი რუსეთის“ "ცარისეული" ხედვა და [საჭირო] სტრატეგიული გონი ამის მისაღწევად“ - ამას 2015-ში წერდით. როგორ მოხდა, რომ ამ დიადმა სტრატეგიულმა გონმა ელემენტარული ვერ გათვალა და 1940 წლების თარგზე მოჭრილი შტურმი შემოგვთავაზა?

შონ მაკფეიტი: [ხელებს შლის] არ ვიცი. გულწრფელად გეტყვით - არ ვიცი. პუტინმა მაგრად მიქარა, სერიოზულად. და არ ვიცი, რატომ. არ ვიცი რა მოხდა იქ, პუტინ-ლენდში, პუტინოლოგიაში... ის ადგა და... 21 წელი ოსტატურად, ნელ-ნელა ფეხზე აყენებდა რუსეთის ძალას, 1999 წლის მდაბალი ნიშნულიდან ზემოთ და ზემოთ მიიწევდა... და შემდეგ - 2022. ყველაფერს წყალს ატანს ყოვლად ბრიყვული სტრატეგიით. ასე რომ - არ ვიცი.

რადიო თავისუფლება: იქნებ არ სჯერა თქვენი თეორიის, რომ ტრადიციული ომი მკვდარია, და ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა, მხოლოდ გაჭიანურებული პრელუდია იყო მთავარი აქტის, ფინალის, ტრიუმფალური ომის წინ?

შონ მაკფეიტი: რა გითხრათ... ტრადიციული, დიდი ომი მას უკრაინამდე არც უცდია. და როდესაც სცადა, ჩაფლავდა. ახლა ალბათ ამას ნანობს, ან შეიძლება გაიაზრა, რატომაც არ მუშაობს ტრადიციული ომი. მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას - რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. შესაძლოა, ერთი მიზეზი იყოს ის, რომ მისი შიდა წრე მხოლოდ კვერის დამკვრელებით - yes-men-ებით გაივსო. ასე მივდივართ ე.წ. “მიკერძოებულ დადასტურებამდე”, როდესაც რისი დაჯერებაც გინდა, მხოლოდ იმას გეუბნებიან და შენც ყურს უგდებ. მან ალბათ იფიქრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდება ისეთივე ადვილი იქნებოდა, როგორც ყირიმისა 2014-ში. ასე არ აღმოჩნდა. მან ვერ გათვალა ზელენსკის, როგორც პოლიტიკური ლიდერის შესაძლებლობები. და უკრაინელი ხალხის ნება-მზადყოფნა, საკუთარი მიწისთვის ებრძოლათ. ერთი სიტყვით, ყველა კლასიკური სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რაც კი შეეძლო, რომ დაეშვა. გარკვეულწილად, და ამის თქმა არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, ეს წააგავს ამერიკის შეჭრას ერაყში 2003 წელს. ორივე სტრატეგიული სიბეცის გამოვლინება იყო.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ ახლა, როდესაც პუტინმა იცის, რომ მისმა ბლიცკრიგმა ნაყოფი ვერ გამოიღო, ის ქალაქებს ამოიღებს მიზანში, ეცდება ისინიც ისე გაანადგუროს, როგორც გროზნო და ალეპო აქცია ნანგრევებად. თუ მის მიერ უკრაინის ენერგოსტრუქტურებზე მიტანილი იერიშებით ვიმსჯელებთ, შორს არ უნდა ვიყოთ ამ დღისგან. და თუ სწორედ ეს იქნა მისი შემდეგი ნაბიჯი, რა უნდა დაუპირისპიროს ამას დასავლეთმა და უკრაინამ?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, ამ ეტაპზე პუტინს პირველ რიგში რუსეთის უძველესი მოკავშირის - ზამთრის იმედი აქვს, მას უნდა უკრაინელები სიცივისგან კანკალებდნენ, უნდა, ისინი სულიერად გატეხოს, ბრძოლის სურვილი დააკარგვინოს. რა თქმა უნდა, მას საკუთარი ჯარებიც გაეყინება, მაგრამ ეს მისაღებია, რადგან იმედი აქვს, რომ დროს მოიგებს, რათა ახალი 100000-კაციანი არმია აღჭურვოს განახლებული იერიშისთვის გაზაფხულზე. იმასაც იმედოვნებს, რომ ამასობაში ევროპელებს ნირი წაუხდებათ და უკრაინას მხარს აღარ დაუჭერენ, რადგან სანქციებით ისინიც ზარალობენ. იმედი აქვს, რომ ამერიკელებს ან კიმ კარდაშიანის ახალი კაბისკენ გაექცევათ თვალი და [უკრაინის მიმართ] ინტერესს დაკარგავენ, ან კიდევ 2024 წლის არჩევნების სამზადისის პერიოდი იმხელა განხეთქილებას შემოიტანს ამერიკულ პოლიტიკაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა საკამათო საკითხი გახდება. ფაქტია, რომ უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ უკრაინის მხარდაჭერისას. ბაიდენის ადმინისტრაციას სურს უკრაინა რუსეთისთვის ე.წ. კუპრის გუბედ აქციოს, იმად, რადაც საბჭოთა კავშირისთვის ავღანეთი იქცა - ჭაობად, რომელშიც რუსეთი ჩაეფლობა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს - ზოგიერთები ყაბულს არიან ამაზე, მაგრამ ზოგი ამბობს - ეს ხომ შიდა გარჩევებია, არ უნდა ჩავერიოთ - თითქოს ოდესმე შეერთებული შტატები თავს იკავებდა სხვის ომებში ცხვირის ჩაყოფისგან. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკამათო საკითხად იქცა და ერთ წელიწადში, ანაც წელიწადნახევარშიც, არაა გამორიცხული, ვაშინგტონში პოლიტიკური კურსი შეიცვალოს, და შეიცვალოს ისე, როგორც ვლადიმირ პუტინს აწყობს. რა უნდა გააკეთოს უკრაინამ? უკრაინამ პოლიტიკური გამარჯვებების მოპოვება უნდა გააგრძელოს, ასე ვთქვათ, გაზეთების პირველ გვერდზე დარჩეს - უკრაინას, ჩემი აზრით, მოუწევს დაარწმუნოს აშშ, თამაშიდან არ გავიდეს. ამისთვის კი, როგორც აღვნიშნე - „გაზეთების პირველი გვერდიდან“ არ უნდა გაუჩინარდნენ, ისეთი რამეები უნდა ჩაიდინონ, რაც მათ ამ პირველ გვერდებზე, რომელსაც ყოველი ამერიკელი კითხულობს ხოლმე, ადგილს დაუბევებს. შესაძლოა, ეს იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსებისთვის პირში ჩალის გამოვლება - აუცილებელი არაა ეს იყოს დიდი ტაქტიკური გამარჯვება, მაგრამ ეს უნდა იყოს ეფექტური, იმიტომ რომ აქედან დიდებული სათაურები გამოვა. უკრაინა უნდა ჩაეჭიდოს დავითის და გოლიათის ნარატივს და გააგრძელოს თავხედური ტრიუკები - თუ ისინი რამეს „იცელქებენ“ მოსკოვში, რაც ყურადღებას მიიქცევს, ეს აჩვენებს, რომ ისევ თამაშში რჩებიან.

[უკრაინის] ომის მოგება შესაძლებელია გზებით, რომლისთვისაც არ დაგჭირდება ათასობით ჭურვი - მაგრამ დაგჭირდება ჭკუა...

რადიო თავისუფლება: აშშ-ის დახმარებაზე ვაპირებდი მეკითხა, მაგრამ მანამდე ზამთარზე ჩაგეძიებით, მის გავლენაზე - დიახ, ზამთარი რუსეთის უძველესი მოკავშირე იყო საუკუნეების მანძილზე, მაგრამ... ისიც ხომ ფაქტია, რომ ზამთარი არც უკრაინელებისთვისაა უცხო ხილი? ისინი არც ნაპოლეონის ჯარისკაცები არიან და არც გერმანელები.

შონ მაკფეიტი: დიახ, სწორად შენიშნეთ. ამას გარდა, განსხვავება უკრაინელსა და რუს ჯარისკაცს შორის ისაა, რომ რუსისთვის დეზერტირობა ბევრად უფრო მაცდური პერსპექტივაა - ეს არაა მათი ომი, მათ შეუძლიათ სადმე სხვაგან იყონ, უკრაინელები კი საკუთარი სახლისთვის, საკუთარი მიწისთვის იბრძვიან. და დიახ, უკრაინელებმა იციან, რა არის ზამთარი - სხვა რომ არაფერი, კარგად ახსოვთ 1932-33 წლების ზამთარი, როდესაც რუსებმა მათი შიმშილით ამოხოცვა სცადეს. შესაბამისად, მათთვის ისტორიულ მეხსიერებას მორალური ასპექტიც ემატება. ასე რომ, ვფიქრობ მართალი ხართ. რუსეთი კი ეცდება უკრაინელების გაყინვას, მაგრამ კრემლის მეტოქე ახლა არც ნაპოლეონია და არც ვერმახტი, არამედ უკრაინელები. ზემოთ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ უკრაინელებმა. მათ ასევე უნდა იმუშავონ ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე, რაც რუსებს დეზერტირობისკენ უბიძგებს - როცა რუსები გაიყინებიან, საჭმელი არ ექნებათ და გაიაზრებენ, რომ აქ საზარბაზნე ხორცად გამოუშვეს, რომ არავითარი ნაცისტები უკრაინაში არ არიან. ეს ყველაფერი უკრაინელებმა სათავისოდ უნდა გამოიყენონ, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით რუსებს დეზერტირობისკენ უბიძგონ.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო დახმარებას - რას ფიქრობთ გენერალ მილის ბოლოდროინდელ საკმაოდ საკამათო განცხადებებზე? ვგულისხმობ, როდესაც მან თქვა, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რომ შესაძლოა ეს იყო ის მომენტი, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დამჯდარიყო.

შონ მაკფეიტი: უკრაინის გადასაწყვეტია, დაჯდება თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან და როდის გააკეთებს ამას. გენერალ მილის განცხადება საკამათო იყო, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად აშშ-ის ჩართულობაზე უკრაინაში. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებშიც იპოვით ხალხს, ვინც ამბობს - განა დრო არ არის, ამ თამაშიდან გამოვიდეთ? ეს იმიტომ, რომ ამერიკა ფრთხილობს, ერიდება ჩათრეული აღმოჩნდეს სხვა ხალხის ომებში. ერაყი, ავღანეთი და ვიეტნამი მაინცდამაინც კარგად გასახსენებელი არ გამოდგა ამერიკელი ხალხისათვის.

ვფიქრობ, რომ ჩვენ - აი, მე და თქვენ, შესაძლოა ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ბირთვულ ომს მოვესწროთ...

რადიო თავისუფლება: თქვენივე ციტატას დაგესესხებით - როდის მერე აკავებს ეს ამერიკას სხვა ხალხის ომებში ჩარევისგან?

შონ მაკფეიტი: [იცინის] ჰაჰაჰა! ტუშე! დიდებული კითხვაა. მართლაც, განა როდის მერე გახდა ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრინციპი? მაგრამ ზოგს აფიქრებს ამერიკის მარაგები - ჩვენ აქ მხოლოდ ტყვია-წამალზე არ ვლაპარაკობთ; ჩვენ ულტრათანამედროვე რაკეტებსაც ვაგზავნით და სხვა რაღაცებსაც, რისი მარაგის განახლებასაც დრო და ფული ესაჭიროება. თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ - დიახ, რასაც ამერიკა უკრაინას უგზავნის, მილიარდებში იზომება, ეს დიდი ფულია, მაგრამ ეს მილიარდები ზღვაში წვეთია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტისთვის - მინიმუმ 780 [მილიარდი] წელიწადში! ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა - ეს მეტია, ვიდრე საუდის არაბეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი. მაგრამ რასაც ეს მილიარდები და ამ მილიარდებით შეძენილი ჭურვები თუ ტანკები არ გვეუბნება, არის ის, რომ ისინი ომების მოგების გარანტიას ვერ იძლევიან. დიახ, ომი შეიძლება მოიგო ტრადიციული მეთოდებით - ბრძოლის ველზე, მაგრამ ომის მოგების ბევრი სხვა ხერხიც არსებობს, რასაც ჭკვიანი სტრატეგები მიმართავენ ხოლმე. ომის მოგება შესაძლებელია გზებით, რომლებისთვისაც არ დაგჭირდება ათასობით ჭურვი - მაგრამ დაგჭირდება ჭკუა. ეს ისაა, რასაც სუნ ძი გვიქადაგებს თავის „ომის ხელოვნებაში“.

რადიო თავისუფლება: ერთ კონკრეტულ ინციდენტზე გკითხავთ - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკამ, სანამ უკრაინას HIMARS-ებს გადასცემდა, მათ მოდიფიკაციები ჩაუტარა, სასროლი მანძილი შეუმცირა, რათა უკრაინელებისთვის „ზედმეტი ცდუნება“ თავიდან აერიდებინა და მათ ჭურვები ზედმეტად შორს არ ესროლათ, რუსეთის ტერიტორიაზე. თქვენ მიერ შედგენილი ომის ახალი წესებიდან რომელი ფარავს ამ „მანევრს“?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, არცერთი, რადგან მე მიმაჩნია, რომ კონფლიქტებში ცალკეული სახელმწიფოების მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო კნინდება, ამის საპირისპიროდ კი იზრდება ბლოკების, კორპორაციებისა და ალიანსების როლი. სხვა საქმეა ბირთვული დაპირისპირების რისკი, რაც ალბათ იყო კიდეც ერთ-ერთი სარჩული ამ გადაწყვეტილებისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ - აი, მე და თქვენ, შესაძლოა, ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, ბირთვულ ომს მოვესწროთ. ეს შეიძლება იყოს შეუზღუდავი ბირთვული ომი - თუმცა, ვერავინ გეტყვით ზუსტად, როგორ გამოიყურება ეს, იმიტომ რომ მანამდე არასოდეს მომხდარა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია სწორად იქცევა, როცა რუსეთთან ბირთვულ რიტორიკაში ჩათრევას თავს არიდებს, რადგან არავის გვსურს აქაც დადგეს რაიმე 1914 წლის სარაევოს [პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი] მსგავსი მომენტი.

ფეხზე უნდა წამოვაყენოთ“ საქართველო, სომხეთიც... თავდაპირველად ეს ჩუმად, უხმაუროდ უნდა გაკეთდეს, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ თანდათან საქართველოს გაუჩნდეს საკუთარი ჯარი და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსაც შეუძლიათ წინ აღუდგნენ რუსეთის დომინაციას...

რადიო თავისუფლება: რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ ეს ომი იმ წესებით მოიგოს, რომლებსაც თქვენ ქადაგებთ, „ტყვიის გაუსროლელად“? თქვენ წერთ - „პუტინის დასამარცხებლად, პირველ რიგში მისი წესებით თამაში უნდა ვისწავლოთ“ - რა უნდა გავაკეთოთ, რომ პუტინს პუტინობაში ვაჯობოთ?

შონ მაკფეიტი: რამდენიმე რამ. პირველ რიგში, მე ვეცდებოდი უკრაინა რუსეთისთვის ამოუსვლელ ჭაობად მექცია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო ძალა გაიხარჯოს, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთის მოსახლეობამ თვალნათლივ იხილოს - მათი თითქოსდა ყოვლისშემძლე "ნეო-ცარი" დაუმარცხებელი არ არის. პუტინის ლეგიტიმაცია მის ძლიერ მარჯვენას ეყრდნობა, იმას, რომ რუს კაცს შეუძლია დასავლეთს შუა თითი აჩვენოს, რომ ის რუსეთს სუპერძალის სტატუსს დაუბრუნებს. თუ რუსებს ვაჩვენებთ, რომ მას ეს ა[ღა]რ ძალუძს, მაშინ მის ლეგიტიმურობას და პირად უსაფრთხოებასაც წყალი შეუდგება - როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე, დასავლეთისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი დაჯგუფებებისგან კრემლში. ეს ერთი. მეორე - როგორ გავარღვიოთ დეზინფორმაციის ის ქსელი, რომელიც სახელმწიფო მედიამ მოსახლეობას ჩამოუფარა? შეგვიძლია მეკობრული VPN-ების გამოყენება? შეგვიძლია ტექნოლოგიის, სტარლინკი იქნება ეს თუ სხვა რამ, გამოყენება, რათა რუსმა დაგუგლოს, რაც გაუხარდება? ნებისმიერი კითხვა დასვას? აუცილებელი არაა, კონტრპროპაგანდა გავაჩაღოთ, უბრალოდ მათ შესაძლებლობა უნდა მივცეთ, დასვან ისეთი კითხვები, როგორიცაა - ამას რისთვის ვაკეთებთ? და, მაგალითად, გავაგებინოთ, რეალურად რამდენია რუსული მხარის მსხვერპლი, რამდენია დეზერტირი? ვფიქრობ, კიევი ამ რიცხვებით „თამაშობს“. ჩვენ კი, თუ სწორ ინფორმაციას მივაწვდით - აი, ამდენი რუსი გაიქცა დღეს და ჩაბარდა, ან კიდევ გაუჩინარდა - ეს შედეგს გამოიღებს. არაა აუცილებელი, წმინდა წყლის სიმართლე ილაპარაკო, უბრალოდ საკმარისად სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყო, ყოველ შემთხვევაში, იმ სალაფავთან შედარებით, რითაც კრემლი კვებავს აუდიტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს უკვე აღარ ეცოდინება, ვის დაუჯეროს, არც არავის დაუჯერებს და მთელი ეს მცდელობა უნაყოფო გამოვა. ესეც მეორე რამ, რაც უნდა გაკეთდეს. მესამე: რუსეთი იმპერიაა, და შემორკალულია ქვეყნებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მოსკოვის იმპერიული უღლის ქვეშ იტანჯებოდნენ. ფეხზე წამოვაყენოთ ეს ქვეყნები. მოდით, დავეხმაროთ მათ უსაფრთხოების ძალებს, გავაძლიეროთ ისინი, რათა ისინი მუდმივ ეკლად იქცნენ რუსეთისთვის, რაც რუსეთს უფრო შინაური საქმეების მოგვარებისკენ უბიძგებს.

რადიო თავისუფლება: ფერადი რევოლუციები, ვერსია 2.0 - ამას გულისხმობთ?

შონ მაკფეიტი: ფერად რევოლუციებსაც, მაგრამ ასევე [მათთვის] ძლიერი არმიების ჩამოყალიბებას. ტრიუკი ისაა, რომ რუსეთს საკუთარი შიდა უსაფრთხოება გაუხდეს თავსატეხად და ამის შემდეგ თვითონვე გამოვლენ უკრაინიდანაც და საქართველოდანაც, რათა საკუთარი რეჟიმი დაიცვან, მოსკოვში.

რადიო თავისუფლება: იმ ქვეყნებში, რომელთაც „ფეხზე წამოყენებას“ უპირებთ, საქართველოც შედის?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, რომ კი.

რადიო თავისუფლება: სომხეთიც?

შონ მაკფეიტი: სომხეთიც.

რადიო თავისუფლება: და კონკრეტულად რას გააკეთებდით?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, ეს უნდა იყოს უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა - თავიდან ეს ძალიან უხმაუროდ, ჩუმად უნდა გაკეთდეს, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ თანდათან საქართველოს გაუჩნდეს საკუთარი ჯარი და საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებებიც, რომელსაც შეეძლება წინ აღუდგეს რუსეთის დომინაციას, თუნდაც ლოკალურად. ყოველ შემთხვევაში, უნდა კეთდებოდეს მეტი, ვიდრე ახლა კეთდება - მეტი, ვიდრე დიპლომატიური მხარდაჭერის სიგნალებია, რათა ამ ქვეყნებმა შეძლონ და გაუძალიანდნენ რუსეთის ე.წ. ზედამხედველობას.

ტრიუკი ისაა, რომ რუსეთს საკუთარი შიდა უსაფრთხოება გაუხდეს თავსატეხად და ამის შემდეგ თვითონვე გამოვლენ უკრაინიდანაც და საქართველოდანაც...

რადიო თავისუფლება: მოდით, უხეშად ამას რუსეთის სამეზობლოში „ჯანყის დათესვა“ დავარქვათ. და აქ არის ერთი ასპექტი, რაც ვფიქრობ, არ გიხსენებიათ - ნდობის ფაქტორი. ვინ დადებს თავს, რომ ამერიკა ბოლომდე ჩართული დარჩება მოვლენებში? დიახ, შესაძლოა, თქვენ ძალიან კეთილშობილური მიზნები გამოძრავებთ. ჩვენც გიჯერებთ, მაგრამ სადაა გარანტია, რომ რაღაც ეტაპზე აშშ არ „დაამუხრუჭებს“ და რუსეთთან მორიგ „გადატვირთვაზე“ არ დაფიქრდება? ვიყოთ გულწრფელები - მაინცდამაინც სუფთა რეზიუმე არ გაქვთ ამ კუთხით.

შონ მაკფეიტი: მართალს ბრძანებთ და ეს მართებული კითხვაა, რომელზეც, სამწუხაროდ, ვერაფრით დაგაიმედებთ. ყოველი საპრეზიდენტო ციკლის დროს ერთი და იგივე საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. ამას გარდა, დიახ, აშშ წარსულშიც მოქცეულა ასე - სხვა რომ არაფერი, გავიხსენოთ 90-იანები და ბუდაპეშტის მემორანდუმი, სადაც უკრაინას უთხრეს: დათმეთ ბირთვული არსენალი და უსაფრთხოების გარანტიებს მოგცემთო. შემდეგ ამ შეთანხმებას ყველამ თვალი აარიდა, მათ შორის ამერიკამაც. ეს პრობლემაა - და ეს პრობლემაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებს აქვს ნდობის პრობლემა. და განსაკუთრებით, ვაღიარებ, შეერთებულ შტატებს - ამიტომ მგონია, რომ მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვით, ეს ის საკითხია, რომელიც ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რას ნიშნავს „ფეხზე წამოყენება“, გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან? კვაზი ან მინი-ისრაელების გაჩენას რუკაზე?

შონ მაკფეიტი: ესეც საგულისხმო კითხვაა - ვის, როგორ და რით უნდა დაეხმაროს ხოლმე ამერიკა? მაგრამ ფაქტია, დიპლომატიური მხარზე მოთათუნებები გაეროს უსაფრთხოების საბჭოში საკმარისი არ არის - რეალური ცვლილებებია საჭირო ამ ქვეყნებში. მაგრამ ეს დიდი ხანია, პრობლემაა - გავიხსენოთ, ამერიკის მსგავსი მცდელობები მე-20 საუკუნეში ლათინურ ამერიკაში - ეს იყო სრული კრახი. შესაბამისად, ისმის კითხვა - კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი საქართველოში ან თუნდაც სომხეთში? ვერ გეტყვით, ამ საკითხს დაწვრილებით შესწავლა სჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თემები უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, დიდი სტრატეგია კი ასე გამოიყურება - რუსეთს სურს, ასე ვთქვათ, დემოკრატია „დაჰაკოს“. მოდით, ჩვენც ვცადოთ პასუხის დაბრუნება - ავტოკრატია ძლიერია, მაგრამ ამავდროულად ერთობ მყიფე. ავტოკრატი ყოველთვის ცალი თვალით ზურგს უკან იყურება, პირადი უსაფრთხოება აღელვებს. შეგვიძლია ამით მალულად მანიპულირება? შეგვიძლია მას ჩავაგონოთ, რომ მისი „ვეზირებიდან“ ზოგიერთს სურს, სასახლეს ახალი პატრონი ჰყავდეს, რომ ჩვენი საქმე გააკეთოს და თავისი ხელით გაასაღოს ისინი?

რადიო თავისუფლება: მაგალითად? პრიგოჟინი? შეიძლება თუ არა ის საფრთხედ იქცეს პუტინისთვის? სხვა რომ არაფერი, ძველ რომს - რომლის ისტორიითაც, როგორც ამბობენ, პუტინი გატაცებულია - ახსოვს დაქირავებული რაზმების მეთაურები, რომელთაც ცალი თვალი ტახტისკენ ეჭირათ...

შონ მაკფეიტი: სწორედ ასეა. ამიტომ ტყავიდან უნდა ვძვრებოდეთ, რათა პუტინი დავარწმუნოთ, რომ პრიგოჟინსა და მის ვაგნერის დაჯგუფებას თავად სურთ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. შეგვიძლია ამის გაკეთება, ამით მანიპულირება, პუტინის გაბრიყვება? მზაკვრობა, ცბიერება, ჭკუის გამოყენება ძალის ნაცვლად, ყალბი დროშის ოპერაციები - ყველაფერი, რაც რუსეთს შიგნიდან გამოუთხრის ნიადაგს, იქამდე, სანამ თავად იტყვიან - რა დროს ესაა, რა დროს უკრაინა და საქართველოა, ჯერ „სახლშია“ წესრიგი დასამყარებელი.

ახლა იმდენად ვფრთხილობთ, რომ ფაქტობრივად სტრატეგიული დამბლა დავმართეთ საკუთარ თავს...

რადიო თავისუფლება: საინტერესო სტატიის, ნახევრად სატირის ავტორი ხართ - „როგორ ჩავიგდოთ ხელში პატარა ქვეყანა ათი მარტივი ნაბიჯის მეშვეობით“ - შესაძლებელია თუ არა ამით პრიგოჟინის ან კადიროვის ცდუნება? რომ თავადვე გახდნენ ახალი "ცარები"? უკანასკნელის შემთხვევაში, „საკუთარ კარ-მიდამოში“ მაინც?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, რომ კი. პრიგოჟინი უკიდურესად ამბიციური კაცია. მე არ ჩავაბიჯებდი ამ დათვის ხაფანგში, რომელშიც რომის იმპერატორობის პრეტენდენტები აბიჯებდნენ, მაგრამ... როდესაც მე ეს სტატია დავწერე, ვხელმძღვანელობდი ჩემი საკუთარი გამოცდილებით აფრიკის ქვეყნებში - მეც ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, კერძო კონტრაქტორი ვარ. ის, რაც მუშაობს აფრიკაში, იმუშავებს თუ არა მოსკოვშიც? ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი განსხვავებები, მაგრამ რამდენიმე პრინციპის მისადაგება აქაც შეიძლება.

რადიო თავისუფლება: ვაგნერის დაჯგუფებაზე ცალკე მინდა გკითხოთ - როგორ შეაფასებდით მის მნიშვნელობას და გავლენას?

შონ მაკფეიტი: ვფიქრობ, ვაგნერის ჯგუფი... ასე ვთქვათ, დაკნინებულია. მისმა, როგორც პუტინის კოზირის რეალურმა გავლენამ, იკლო. დასაწყისში პუტინი მათ ეყრდნობოდა, რადგან ამით ომის ხარჯების - როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკურის - შემცირება იყო შესაძლებელი, ომისა, რომელიც მას ეგონა რომ იქნებოდა მარტივი და ხანმოკლე. ამიტომ ვაგნერი იდეალური კანდიდატი იყო - ამერიკელების მსგავსად, რუსებსაც არ უხარიათ, როდესაც მათი ჯარისკაცების ცხედრები სახლში ტომრებით უბრუნდებათ. აი, დაქირავებული მებრძოლები კი არავის ანაღვლებს. მაგრამ, ომის გაჭიანურებასთან ერთად, ვაგნერელებიც გამოილივნენ - დიდი ნაწილი უკრაინელებმა გაჟლიტეს, ნაწილი ჯერ კიდევ მალიში „საქმიანობს“, ელიტური კადრები კი ბრძოლის ველისთვის არ ემეტებათ. ამიტომ იყო, რომ ვაგნერის კადრები ციხიდან გამოყვანილი ყველა ჯურის ბოროტმოქმედით შეავსეს. ვრცელდება ხმები, რომ მალიში წასულები და რუსეთში დარჩენილი „ზემო რგოლი“ გაზაფხულზე დაგეგმილი იერიშის მეთაურებად მოგვევლინებიან, მაგრამ ვფიქრობ, დიდწილად ვაგნერმა თავისი როლი უკვე ითამაშა. ეს როლი იყო ომის შენიღბვა, მაგრამ ეს ციკლი პუტინისთვის მორჩა - მან უკვე გამოაცხადა მობილიზაცია.

რადიო თავისუფლება: დაქირავებული მებრძოლების საზარბაზნე ხორცი გამოილია, ახლა კი მობილიზაცია გაგზავნის საზარბაზნე ხორცს ფრონტზე. რას ცვლის ეს?

შონ მაკფეიტი: ეს პოლიტიკური რისკია. თავიდან პუტინი ეყრდნობოდა ვაგნერს და რუსეთის პერიფერიებიდან მოკრეფილ ხალხს. ახლა „შიდა რუსეთიდან“ უწევს ხალხის ფრონტზე წაყვანა და ეს უკვე შინ, სახლში ქმნის პოლიტიკურ რისკებს. ამას გარდა, მას მშვენივრად ახსოვს 80-იანი წლები და ავღანეთის ომი, ის ხომ კგბ-ს ოფიცერი იყო ამ დროს. ერთადერთი მასობრივი პროტესტი, რომელმაც რუსეთში შედეგი გამოიღო, იყო სწორედ რუსი დედების გამოსვლები ავღანეთის ომის წინააღმდეგ. ასე რომ, პუტინს მოუწევს თან გამარჯვება მოიპოვოს და თან დიდ დანაკარგებს ერიდოს - ის ბედს ეთამაშება.

რადიო თავისუფლება: და რა მოხდება თუ გამარჯვებაც გაჭიანურდება და თან მობილიზებულებიც ტომრებში გახვეულები დაბრუნდებიან რუსეთში?

შონ მაკფეიტი: მაშინ დიდ შარში იქნება, მის ჩანაცვლებას ან ერთი ფრთა მოინდომებს, ან მეორე, იმის მიხედვით, ვინ უფრო ძლიერი აღმოჩნდება. პირობითად მარჯვენა ფრთა წარმოდგენილია ისეთი ხალხით, როგორიცაა დუგინი და კომპანია, რომლებიც იტყვიან - პუტინი კაცი არ ყოფილა, ვერ ივარგა, ჩვენ მიგვიშვით. მეორე ჯგუფი კი იტყვის - აქ საერთოდ როგორ აღმოვჩნდით? ისევე, როგორც ამერიკელები ამბობდნენ - რა გვესაქმება ერაყში / ავღანეთში? ეს ხომ მოკლე და ადვილი ომი უნდა ყოფილიყო? ეკონომიკურად გავნადგურდით. არანაირი ნაცისტები უკრაინაში არ არიან. ასე რომ, მისი რეჟიმი და პირადად მისი ხელისუფლების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. და ახლა ორი მთავარი კითხვა ასე ჟღერს: რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მოიშორონ, ან გადადგომა აიძულონ? და მეორე კითხვა - რა მოხდება, თუ გადაწყვეტს ერთი ხელის მოსმით მოამთავროს ომი და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? მან თითქოს უკან დაიხია ამაზე, მისი ბირთვული ნარატივი შერბილდა, რაც იმედისმომცემია, მაგრამ მაინც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი რისკი არსებობს.

მზაკვრობა, ცბიერება, ჭკუის გამოყენება ძალის ნაცვლად, ყალბი დროშის ოპერაციები - ყველაფერი, რაც რუსეთს შიგნიდან გამოუთხრის ნიადაგს, იქამდე, სანამ თავად იტყვიან - რა დროს ესაა, რა დროს უკრაინა და საქართველოა, ჯერ „სახლშია“ წესრიგი დასამყარებელი...

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ ვაშინგტონის ინტერესებშია, უკრაინა რუსეთისთვის ჭაობად გადააქციოს. მაგრამ პუტინის ბოლო გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ - ისიც ემზადება ამ ჭაობისთვის. მან ღიად თქვა, რომ ოპერაციამ შეიძლება დიდხანს გასტანოსო და ამასთანავე, მიუთითა ანექსირებულ ტერიტორიებზე, როგორც რუსეთის ნადავლზე ამ ომში. განა ამან არ უნდა გააჩუმოს ის ხალხი, ვინც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ითხოვს? მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი არაფრით ეშვება ამ თემას.

შონ მაკფეიტი: ასეა - მე არ ვეთანხმები მაკრონს. პუტინმა უკვე დაამტკიცა, რომ გველია და გველს ვერაფერზე გაურიგდები, მისგან გარანტიებს ვერ მიიღებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი კიდევ კარგა ხანს გასტანს - არც გაზაფხული და არც ზაფხული გადამწყვეტი არ იქნება. და ვფიქრობ, რომ პუტინი ეცდება, უკრაინა ჩაკეტილ ქვეყნად [landlocked country] აქციოს, რომელსაც სამი მხრიდან რუსეთი ექნება სარტყელივით, და შემდეგ ასე, ალყაში მოქცეული ამყოფოს რამდენიმე წელი. თუ ის ამას მოახერხებს, მე ვერ ვხედავ ნატოს მხრიდან ვერანაირ სურვილს ამაში ჩაერთოს. თუ ამას მოახერხებს, თუ ხელში ჩაიგდებს სახმელეთო ზოლს ყირიმსა და ოდესას შორის და მოახერხებს ეს მონაკვეთი ჩაკეტოს, უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი ამოუკეტოს ისე, რომ მხოლოდ დასავლეთით ჰყავდეს ნატო მეზობლად, ეს არ იქნებოდა ყველაზე ცუდი სცენარი მისი გადმოსახედიდან.

რადიო თავისუფლება: და ანტიდოტი, რომ პუტინმა ეს ვერ შეძლოს, თქვენი გადმოსახედიდან, არის ე.წ. მუხანათური ომი?

შონ მაკფეიტი: დიახ. საბოლოოდ, რისი გაკეთებაც მოგვიწევს - დასავლეთი იქნება ეს თუ ამერიკა, არის ის, რომ „მუხანათური ხრიკებით“ თამაში ვისწავლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკამ რუსეთივით უნდა იბრძოლოს, არა - მან თავისი ვერსია უნდა იპოვოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. და აი რატომ - ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ასეთი ომისა არის ის, რომ დემოკრატიებს საიდუმლოს შენახვა უჭირთ. და ისიც, რომ როდესაც მათ ამ „ბნელი ჯადოქრობებისკენ“ წაუცდებათ ხელი, არის რისკი, რომ დემოკრატიიდან ავტოკრატიაში გადააბიჯონ. ისტორიას ამის საკმარისზე მეტი მაგალითი ახსოვს. მაგრამ ახლა შევხედოთ მეორე პრობლემას - რა მოხდება, თუ არ ვცდით ამას? ახლა ამას არ ვაკეთებთ - არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ ნება არ გვაქვს. შეიძლება რაღაცებს ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ ამერიკას უნდა რუსეთს, ან ჩინეთს წინ აღუდგეს, მაშინ თავიანთ არსენალს ეს არასწორი ილეთები უნდა დაუმატონ. იმიტომ რომ, რასაც ახლა ვაკეთებთ, არც რუსეთის შესაჩერებლადაა საკმარისი და არც ჩინეთისა. ჩვენ ვიყენებდით ასეთ ილეთებს ცივი ომის დროს, მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ დაგვევიწყებინა ისინი ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კვინტესენციური კითხვა - მაინც რა სჯობს - უღირსი მოგება თუ ღირსეული დამარცხება?..  

რადიო თავისუფლება: ანუ, ფაქტობრივად, ამერიკა უნდა იყოს პუტინზე უარესი - უფრო ცინიკური, უფრო დაუნდობელი, ნაკლები მორალური ბარიერებით. სად მიგვიყვანს ეს - არ არის ამ გზაზე ე.წ. “ჩასავარდნი ორმოები”?

შონ მაკფეიტი: რა თქმა უნდა, უამრავი საფრთხეა. მე გულუბრყვილო არ ვარ და არც საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობ. თუ ჩვენ მუხანათურად ვიბრძოლებთ, ჩხუბის ბინძური წესებით, ეს ნიშნავს რომ ჩვენს დემოკრატიულ სულისკვეთებას ვრისკავთ, და რასაც მოვიმკით, შეიძლება უმოქმედობაზე უარესი იყოს. მაგრამ ამას თან ახლავს მეორე პრობლემაც - ხალხისთვის ოპტიმალური გამოსავალი სტატუს-კვოა, საერთოდ არ უფიქრდებიან იმას, რომ სხვა, ალტერნატიული გზებიც არსებობს იმის მისაღწევად, რისი მიღწევაც გვსურს. თანაც იმის ფონზე, რომ რასაც ვაკეთებთ, იმით სასურველს ნამდვილად ვერ ვაღწევთ. აშშ-ის სამხედრო ძალები ყიდულობს კიდევ უფრო მეტ ავიამზიდს - 13 მილიარდს იხდის თითოში. ეს არავის შეაჩერებს, ისეთი ომი არ დაიწყება, სადაც ამის გამოყენება მოგვიწევს. რატომ ვაკეთებთ ამას? და ამას გარდა, ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კვინტესენციური კითხვა - მაინც რა ჯობია - უღირსი მოგება თუ ღირსეული დამარცხება?

რადიო თავისუფლება: ძალიან კარგი. ბოლო კითხვა - იმედია არ მიწყენთ, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული ბევრი ხერხი თუ სტრატეგმა უფრო კომპიუტერულ თამაშს მოუხდებოდა, ვიდრე რეალურ სამყაროს - თქვენ ამბობთ: მოვაწყოთ რევოლუცია, ჩავაგონოთ პუტინის გენერლებს, რომ აჯანყდნენ და ა.შ. და ამას ისე იოლად ამბობთ, თითქოს მაუსის ერთი დაწკაპუნება სჭირდებოდეს - ისე, როგორც „ჯვაროსან მეფეებში“ [კომპ. თამაში, გლობალური სტრატეგია - რ.თ] მეტოქე ტახტის მემკვიდრის მოწამვლის ორგანიზებას ან კიდევ მეზობელ პროვინციაში შეთქმულების მოწყობას. მაშ, რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოყენება იმ შეუდარებლად რთულ და დელიკატურ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ?

შონ მაკფეიტი: აბსტრაქტულად მსჯელობა ყოველთვის ადვილია და პრაქტიკული გამოყენება კი წარმოუდგენლად რთული. ე.წ. უკუდარტყმის რისკი ძალიან დიდია. მუშაობს „გაუთვლელი შედეგების კანონიც“ - ყველაფერი ეს ართულებს შედეგის პროგნოზირებას. მე არ ვარ გულუბრყვილო - როგორც გითხარით, თავად ვიყავი „ოპერატიული მუშაკი“. მაგრამ განსხვავება დღევანდელობასთან იმაშია, რომ ახლა იმდენად ვფრთხილობთ, რომ ფაქტობრივად სტრატეგიული დამბლა დავმართეთ საკუთარ თავს. და ვფიქრობ, ეს ცუდ სამსახურს გვიწევს. ჩვენს თავშეკავებას რუსეთი და ჩინეთი ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებენ. და იმასაც არ ვამბობ, რომ აუცილებელია ეს ყველაფერი გავაკეთოთ - რასაც მე ვცდილობ, არის ის, რომ ხალხმა ამ გზებზე თუნდაც ფიქრი დაიწყოს. იმასაც ვფიქრობ, რომ ე.წ. „საომარი თამაშების“ ლოგიკა არც ისე მოურგებელია რეალობასთან, უბრალოდ ვაშინგტონმა არ იცის, ეს თამაში როგორ ითამაშოს და არასწორი დასკვნები გამოაქვს. მაგრამ ვფიქრობ, თქვენი კითხვა მართებული კითხვაა და ეროვნული უსაფრთხოების დებატებზე ასეთი კითხვები უნდა დაისვას და არა ის, კიდევ რამდენი F-35 უნდა ვიყიდოთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG