„სევდის სამკუთხედი“ (შვედეთი, 2022, რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი)
„სევდის სამკუთხედის“ ნახვა დიდ ეკრანზეც გახდა შესაძლებელი. ფილმი, რომელიც კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა, ცხადია, არ უნდა გამოტოვოთ. სხვა რომ არაფერი, იმას დაინახავთ, თუ რაზეა დღეს მოდა თანამედროვე კინოში, რა აწუხებთ კინემატოგრაფისტებს და იმასაც, თუ საით მიდის მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმი... სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღოთ, სწორედ ის ჯილდო, რომელსაც ვერც ჰიჩკოკი ეღირსა, ვერც ჩაპლინი, ვერც ალმოდოვარი. მაგრამ მოიპოვა რუბენ ოსტლუნდმა. თანაც უკვე მეორედ.
შეყვარებულები, ახალგაზრდა მოდელები, კაცი და ქალი, ჯერ ერთმანეთთან არკვევენ ურთიერთობას (პირველი ნაწილი), შემდეგ ჯილდოვდებიან და ფეშენებულ გემზე აღმოჩნდებიან, კრუიზზე, მდიდარ კაპიტალისტებთან ერთად (რომელთაგანაც ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენია). გემი მიცურავს. თუმცა საშიშროებას მალევე იგრძნობს მაყურებელი - კაპიტანი ამერიკელი კომუნისტი ჰყავს, რომელსაც სძულს მდიდრები და ის ხალხი, ვისაც ემსახურება (მეორე ნაწილი)... ხვდებით ალბათ, რა იქნება მერე - გემი იძირება და გადარჩენილი გმირები უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. მომსახურე პერსონალი, რომელსაც ჩაგრავდნენ მდიდრები, ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ეს უკვე მესამე ნაწილი გახლავთ. დანარჩენს თავად იხილავთ. პრინციპში მე ახლა „დაგასპოილერეთ“. ფილმის მთავარი პრობლემა სწორედ ეს „დანარჩენია“. პირველ რიგში მისი კონსტრუქცია - სამი ისტორია ისეა შეზრდილი („მიწებებული“), რომ მათ შორის არ მყარდება არანაირი კონტაქტი - არც მთლიანობა გვაქვს, არც დაპირისპირება. პირველი ნაწილის გმირები, ახალგაზრდა შეყვარებულები მოდის სამყაროდან, თითქმის იკარგებიან მესამე ნაწილში. ეს როგორაა, იცით? სტუდენტებს რომ ვთხოვ ხოლმე, დავალება ერთ დღეში (ან ღამეში) დაწერონ, რათა ტექსტმა ნაწვალების შთაბეჭდილება არ დატოვოს და სრულიად განსხვავებული განწყობილება არ მოიცვას. აქაც სატირა მომხმარებელ საზოგადოებაზე ნელ-ნელა იძენს დაზიანებული კანალიზაციის ფორმას.
კომიკურის ტემპი ვარდება, როცა სრულდება პირველი ნაწილი (მოდის სამყაროსა და სექსიზმზე ქილიკი). მერე იწყება ბურლესკი. მესამე ნაწილში კი არაფერი არც იწყება და არც მთავრდება.
რუბენ ოსტლუნდს ყოველთვის უჭირდა ფინალში. წინა ფილმებშიც კარგად იღებდა სიჩქარეს და ფინალში იბნეოდა. მაგრამ „სევდის სამკუთხედში“ მისი სტილის სიხისტე და სწორხაზოვნება, არამუსიკალურობა და ორგანულობის რაღაცნაირი ინფანტილური შეუგრძნებლობა პიკს აღწევს; ასეთი ჯერ არ გაუკეთებია - „აპოკალიფსი“, რომელიც საერთოდ აღარ მოქმედებს ემოციებისგან (და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, სიცილისგანაც) დაღლილ და გამოფიტულ მაყურებელზე.
„სევდის სამკუთხედი“ ჰგავს „რეალიტი შოუს“, რომელსაც თითქოს აკრიტიკებს, მაგრამ სინამდვილეში იმას ქმნის, რაც არ მოსწონს. ერთი მხრივ, ფულზე გადარეულ სამყაროს აკრიტიკებდე და, მეორე მხრივ, 10 დღით ქირაობდე უძვირფასეს გემს იმისთვის, რომ ათასჯერ გადაღეჭილი „იდეოლოგიური ხაზი“ გაატარო, არ გამოდის რაღაცნაირად (ფილმის ბიუჯეტი 12,5 მილიონი ევროა). ეგრევე შენს გულწრფელობაში გვეპარება ეჭვი. მით უმეტეს, თუკი შენამდე ეს სხვებს გაუკეთებიათ, უფრო ღრმად, უფრო სახიერად, მეტი ტკივილით და თანაგრძნობით - ლუის ბუნუელს, ფედერიკო ფელინის, მარკო ფერერის, სტენლი კრამერს...
სწორედ სტენლი კრამერი წერდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში, რომ ხასიათების, ატმოსფეროს ზედაპირულობა, როგორი აქტუალური და მწვავეც არ უნდა იყოს ავტორის პოზიცია, საბოლოოდ ავტორის პოზიციას აზარალებს ყველაზე მეტად. თავად განსაჯეთ - შვედი რეჟისორი ერთი შეხედვით მკაცრად იცავს სატირის კანონებს - „სევდის სამკუთხედში“ ყველაფერი - სცენარი, სახვითი გადაწყვეტა, კონფლიქტები - ემორჩილება ჟანრის ბუნებას მომხმარებლური საზოგადოების პორტრეტის გამოსახატავად. კი, შეიძლება საეჭვოდაც მოგვეჩვენოს ოსტლუნდის, როგორც მემარცხენეობაზე პრეტენზიის რეჟისორის პოლიტიკური პოზიცია - ღარიბები აქ ისეთივე გაიძვერები აღმოჩნდებიან, როგორც მდიდრები, ქალები კი არარაობები, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან მანიპულაციას... უცნაური აჯაფსანდალი იქმნება - ერთი მხრივ, მანიქეისტური გაგება სამყაროსი და, მეორე მხრივ, თავად ავტორის პოზა... დიახ, არა იმდენად პოზიცია, რამდენადაც პოზა, რომელიც ყველა პერსონაჟზე მაღლა აყენებს ავტორს (ბუნუელის თუ ფელინის თვითირონიას ამ კაცს ნუ მოსთხოვთ), რომელსაც სურს გააქილიკოს ბურჟუაზია, მაგრამ გამოსდის ზოგადად, ადამიანის მოძულე სატირა.
რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ისაა, რომ რუბენ ოსტლუნდს ყველაფერთან ერთად არც კინო ეხატება გულზე - არ ესმის, რა არის ნიუანსი და ნახევარტონი. რადგანაც ხასიათების ნაცვლად „ნიშნები“ გვაქვს მხოლოდ, ერთგვარი მოდელები (ბრესონის მოდელებში არ აგერიოთ!), ეს ვულგარული მიზანთროპია, სარდონიკული დამოკიდებულება ყველა თავისი პერსონაჟის მიმართ ბოლოს ძალიან მოსაწყენი ხდება როგორც კინო, როგორც ხელოვნება, როგორც მხატვრული ნაწარმოები. და სწორედ „აპოკალიფსის“ ეპიზოდებში გიჩნდება აზრი, რომ ყველაზე სასაცილო ოსტლუნდის ფილმის ისტორიაში ფინალია - „ოქროს პალმა“ კანის კინოფესტივალზე.
„ლიბერალურ სამყაროს ნათელი მომავალი უნდა ვუწინასწარმეტყველოთ, თუკი კინო მას ასეთი უმწეობით დაუპირისპირდება - ფილმით, რომელიც მთელ სამყაროს ამხელს, მაგრამ კონკრეტულად არავის ეხება, რათა არ აწყენინოს“, - დაწერა ფრანგმა კრიტიკოსმა პიერ შარპიომ.
ასე რომ, აპიკალიფსი არ გველის. ყველაფერი ძველებურად დარჩება.