რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 16 ნოემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლონეთში არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა ჩავარდა.
„15 ნოემბრის საღამოს პოლონეთში გამოქვეყნებული ნამსხვრევების ამსახველი ფოტოების მიხედვით, რომელიც აღმოჩენილია დასახლებულ პუნქტ პშევოდუვში, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის (ОПК) სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია ერთმნიშვნელოვნად, როგორც უკრაინის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო მართვადი C-300 რაკეტის ელემენტები“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან 15 ნოემბერს დარტყმები განხორციელდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან არაუმეტეს 35 კილომეტრის დაშორებით არსებულ სამიზნეებზე და ყველა რაკეტა ზუსტად განსაზღვრულ სამიზნეებს მოხვდა.
საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, შესაძლოა უკრაინულ საჰაერო თავდაცვას ეკუთვნოდეს.
ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებში გაკეთებულ სხვა ანონიმურ კომენტარს იმის შესახებ, რომ რუსულმა რაკეტებმა პოლონეთის საზღვარი სამშაბათს, 15 ნოემბერს გადალახეს.
ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახური გამოძიებას აწარმოებს 15 ნოემბერს უკრაინის ქალაქებში რუსეთის არმიის მასირებული თავდასხმის ბრძანების გამცემის გამოსავლენად. უკრაინული მედია უწყების ხელმძღვანელზე, ვასილი მალიუკაზე დაყრდნობით წერს, რომ 15 ნოემბერს უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ სარაკეტო თავდასხმაში რუსეთის ფედერაციის 184-ე და 52-ე მძიმე ბომბდამშენი ავიაციის პოლკების სამხედრო პერსონალი მონაწილეობდა. ახლა გამომძიებლები ადგენენ ყველა შესაძლო დამნაშავეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა. მან დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია მომხდარის გამოსაძიებლად.
უკრაინის საჰაერო ძალები კი გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს გამოძიებას პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ სიმართლის დასადგენად. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ტელეკომპანია 24-ის ეთერში განაცხადა.
„მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება, საჰაერო ძალები შეძლებისდაგვარად შეიტანენ წვლილს. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან სპეციალისტები და გადავცემთ გარკვეულ მასალებს. იმიტომ რომ სიტუაცია მართლაც რეზონანსულია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ მოლდოვაში ინციდენტი მოხდა - რუსული რაკეტები, რომლებიც თავს დაესხნენ უკრაინას, შეფრინდნენ მოლდოვის სუვერენული რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა იური იგნატმა.
საჰაერო თავდაცვის ძლების სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდარს მალე მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად საიდან გაჩნდა პოლონეთში სამშაბათს საღამოს ჩამოვარდნილი რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისი თქმით, არსებობს ძლიერი ეჭვი, რომ ის რუსებმა გაისროლეს. „შესაძლოა, ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც ცდილობდა ხელი შეეშალა რუსეთის დაბომბვისთვის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება“, - ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, „დაკეტონ ცა“ უკრაინის თავზე, რასაც უკრაინელები ომის დაწყებიდან ითხოვენ.
"არ არის საჭირო საბაბების ძებნა და ძირითადი გადაწყვეტილებების გადადება. დროა, ევროპამ დახუროს ცა უკრაინის თავზე, მათ შორის - საკუთარი უსაფრთხოებისთვის", - ამბობს პოდოლიაკი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "დიდი შვიდეულის" (G7) და ნატოს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ - ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ნატოელმა წყარომ აცნობა ოთხშაბათს.
აფეთქებამ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გლობალური შეშფოთება გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გაფართოების შესაძლებლობაზე.
როგორც ინდონეზიაში მყოფმა ბაიდენმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, ნაკლებად სავარაუდო იყო ის, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
15 ნოემბერს პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა "გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით".