საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სარჩელი. გადაწყვეტილება ოთხი მოსამართლის: ვასილ როინიშვილის, ევა გოცირიძის, გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის სახელით გამოცხადდა 4 ნოემბერს.
შალვა ნათელაშვილი მიიჩნევდა, რომ მას პარლამენტმა დეპუტატის მანდატი არაკონსტიტუციურად შეუწყვიტა - გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ივნისს მიიღო.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც შალვა ნათელაშვილი სარჩელში ამახვილებს ყურადღებას, მისი მანდატის შეწყვეტასთან ერთად მისი პარტიისთვის შეჩერებული დაფინანსებაა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარლამენტში აღარ აგრძელებს საქმიანობას რომელიმე პარტიის სიით არჩეულ დეპუტატზე ნახევარზე მეტი, ეს პარტია დაფინანსებას კარგავს. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ გუნდს მხოლოდ ერთი მანდატი ჰქონდა მიღებული 2020 წლის არჩევნებით.
"მოსარჩელის პოზიციით, ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა ობიექტური საჯარო ინტერესების შესაბამისად", - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.
შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მან საჯაროდ თქვა, რომ მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამის გამო მას უფლებამოსილება არ უნდა შეჩერებოდა.
ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყო რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიც.