Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს


ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დაფინანსება დაკარგა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ ცესკოში.

ცესკოში აღნიშნავენ, რომ "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ 1 მარტის შემდეგ. საუბარია ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.

1 თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.

2020 წლის არჩევნების შედეგებით, "ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, "ლელომ" კი - ოთხი. "ლელოს" სიით არჩეულმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პარლამენტი, ბადრი ჯაფარიძეს კი უფლებამოსილება 15 თებერვალს შეუწყვიტეს - ამიტომ პარტიას ორი დეპუტატი დარჩა. ამავე დღეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილსაც.

პარტიები ბიუჯეტიდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ. მათი ყოველწლიური შემოსავალი დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზე. პირველი 50 ათასი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის პარტია 15 ლარს იღებს, ყოველ შემდეგ ხმაზე - 5 ლარს.

2020 წლის არჩევნებზე "ლეიბორისტულმა პარტიამ" 19 314 ხმა მიიღო, "ლელომ" - 60 712 ხმა. შესაბამისად, "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებდა 289 710 ლარს, "ლელო" კი - 803 560 ლარს.

XS
SM
MD
LG