Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციომ ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე სარჩელი განსახილველად მიიღო


შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე
შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის საქმე. ის ასაჩივრებს საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვალს მიღებულ დადგენილებას, რომლითაც მას სადეპუტატო მანდატი შეუწყდა. სარჩელის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ივნისს მიიღო.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მას უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად შეუწყდა.

"მოსარჩელის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა არა უბრალოდ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომების არდასწრებას, არამედ იგი იმყოფებოდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. ამასთან, მას საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა პარლამენტისათვის დიდი ხნის წინ, რაზეც უარი ეთქვა. ხოლო მას შემდეგ, რაც დასრულდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმი და მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტში საკუთარი საქმიანობის განხორციელება გადაწყვიტა, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება", - აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც შალვა ნათელაშვილი სარჩელში ამახვილებს ყურადღებას, მისი მანდატის შეწყვეტასთან ერთად მისი პარტიისთვის შეჩერებული დაფინანსებაა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ პარლამენტში აღარ აგრძელებს საქმიანობას რომელიმე პარტიის სიით არჩეულ დეპუტატზე ნახევარზე მეტი, ეს პარტია დაფინანსებას კარგავს. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკურ გუნდს მხოლოდ ერთი მანდატი ჰქონდა მიღებული 2020 წლის არჩევნებით.

"მოსარჩელის პოზიციით, ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა ობიექტური საჯარო ინტერესების შესაბამისად", - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი აკმაყოფილებდა მისი განხილვისთვის საჭირო კრიტერიუმებს და დასაშვებად ცნო. როდის გაიმართება საქმის არსებითი განხილვა, უცნობია.

შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მან საჯაროდ თქვა, რომ მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამის გამო მას უფლებამოსილება არ უნდა შეჩერებოდა.

ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის იყო რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიც.

XS
SM
MD
LG