უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International-ი წერს, რომ უკრაინის მოსახლეობის ძალით გადასახლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან ომის დანაშაულს.
ამის შესახებ უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს ახალ ანგარიშში. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხალხის ძალით გადასახლება, რასაც ანგარიში დეპორტაციას უწოდებს, და რუსეთის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება უკრაინელების ე.წ.ფილტრაციისას, შეიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებს. ისინი მოითხოვენ რუსეთის ხელისუფლებისგან, შეწყვიტოს ასეთი ქმედება.
ანგარიშის მომზადებისას უფლებადამცველებმა გამოჰკითხეს უკრაინის 88 მშვიდობიანი მოსახლე. მათგან 48 ომის დაწყებამდე ცხოვრობდა ახლა ანექსირებულ მარიუპოლში, დონეცკის ოლქში.
თითქმის დანგრეული ქალაქის ოკუპაციის შემდეგ, რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე გადასვლის ნებას არ რთავდნენ. ზოგიერთმა გამოკითხულმა Amnesty International-ს უთხრა, რომ რუსი სამხედროები ძალით სვამდნენ „საევაკუაციო“ ავტობუსებში, რომლებსაც ხალხი სეპარატისტულ რეგიონებში გადაჰყავდა. ბევრი მათგანი შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
არაერთი გამოკითხული რუსეთის მიერ რეგიონის ოკუპაციის შემდეგ შექმნილ ვითარებას უწოდებს „იძულებითს“, როცა მათ არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება, სად წასულიყვნენ. ამის გამო ბევრი ბავშვი მოწყვიტეს მშობლებს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.
უფლებადამცველებმა გამოჰკითხეს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მშვიდობიანი მოქალაქეები. Amnesty International-ი აღწერს, როგორ ახდენდნენ იძულებით გადაადგილებული უკრაინელების ფილტრაციას. ამ პროცესს, მათი მონათხრობის თანახმად, ახლდა სასტიკი მოპყრობა და წამებაც.
ანგარიშის ავტორები გამოდიან მოწოდებით, ჩატარდეს უკრაინის მოსახლეობის ძალით გადაადგილების საერთაშორისო გამოძიება.