ყარაჩაელები გახდნენ პირველები ჩრდილოეთკავკასიელ ხალხთა შორის, რომლებიც 79 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ ოკუპანტებთან „მასობრივი თანამშრომლობის“ საბაბით ჩრდილოეთ ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადაასახლა.
„ყველა ყარაჩაელი, რომელიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გადასახლდეს სსრკ-ის სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაელთა ავტონომიური ოლქი გაუქმდეს“, - ნათქვამი იყო საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მიერ 1943 წლის 12 ოქტომბერს გამოცემულ დადგენილებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ყარაჩაელთა მასობრივ დეპორტაციას“, - ამბობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი, ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩიგაევი.
საბჭოთა ხელისუფლებამ 1943 წლის 2-5 ნოემბერს 70 ათასამდე ყარაჩაელი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში გადაასახლა საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვაგონებით. მოსკოვი მათ ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.
ამ „ტოტალური დეპორტაციის“ ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, ლავრენტი ბერია, რომლის ინიციატივით ყარაჩაელთა ავტონომიური ოლქი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო ყარაჩაელთა სახლ-კარი და ქონება ამ ტერიტორიაზე მეზობელი რეგიონებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასახლებულ ადამიანებს გადაეცათ.
„სახელმწიფომ მათ სამშობლო წაართვა და ოჯახები გადაუსახლა“
1943 წლის 9 ოქტომბერს ყაზახეთის ხელისუფლებამ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მითითებით დაავალა რიგი ოლქების ხელმძღვანელებს, რომ მომზადებულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადასახლებულთა მისაღებად.
პირველ დეპორტირებულ ხალხად იქცნენ ყარაჩაელები. მათი „ტოტალური დეპორტაციის“ მიზეზად კი გამოცხადდა ყარაჩაელთა ტერიტორიის ოკუპაციის წლებში ფაშისტებთან მასობრივი თანამშრომლობა, ხოლო საბჭოთა არმიის მიერ ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, თითქოს ყარაჩაელები ასევე მასობრივად ამბობდნენ უარს მათ გაცემაზე, ვინც ფაშისტებს ეხმარებოდა.
„ეს ხალხები გადაასახლეს და მათი დეპორტაცია მოხდა არა იმიტომ, რომ, როგორც საბჭოთა პროპაგანდა აცხადებდა, მათ განსაკუთრებით უარყოფითი როლი ითამაშეს ნაცისტების მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციის დროს. არამედ ასეთი იყო დაშინების პოლიტიკა, რომლითაც მოსკოვს, კრემლს სურდა ეჩვენებინა, რომ ომის დროსაც კი შეუძლიათ მათთვის მიუღებელი ხალხისაგან მთელი რეგიონების გაწმენდა. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ ყარაჩაელების და სხვა ხალხების დეპორტაცია თითქოს გერმანელებისადმი მათი ლოიალური დამოკიდებულებით იყო განპირობებული, რეალური სტატისტიკიდან უნდა გამოვდიოდეთ. მთელი 1943 წლის განმავლობაში ყარაჩაელების წინააღმდეგ ჯამში აღძრული იყო 250-270 სისხლის სამართლის საქმე სწორედ ანტისაბჭოთა საქმიანობის მუხლით, რაშიც არ იგულისხმებოდა აუცილებლად გერმანელებთან თანამშრომლობა. ასე რომ, არ ყოფილა ყარაჩაელთა მხრიდან არავითარი მასობრივი თანამშრომლობა გერმანელ ოკუპანტებთან და თუ იყო, ის არ იყო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიაზე. გავიხსენოთ, თუ რამხელა ტერიტორია ჰქონდათ 1943 წლისთვის ოკუპირებული გერმანელებს - უკრაინა, ბელარუსი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაკავებული ჰქონდათ სტალინგრადი, ლენინგრადი და მოსკოვამდე ჩავიდნენ. მაგრამ რატომღაც გაასახლეს გარკვეულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხები, ხოლო ყარაჩაელები მათ შორის პირველები იყვნენ“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის არმიამ საბჭოთა ეშელონირებული თავდაცვის ხაზი გაარღვია 1942 წლის 15 ივლისს და ფართო ფრონტით, რომელიც 500 კილომეტრს მოიცავდა, კავკასიისკენ დაიძრა. უკვე 1942 წლის 21 აგვისტოს გერმანელმა სამხედროებმა დროშა იალბუზზე აღმართეს. (ეს დროშა იალბუზზე აღმართული იყო 1943 წლის 17 თებერვლამდე, ვიდრე ის საბჭოთა ჯარისკაცებმა არ ჩამოაგდეს). 25 ოქტომბერს გერმანელებმა ხელთ იგდეს ნალჩიკი და ბრძოლებით მიუახლოვდნენ ვლადიკავკაზსა და მალგობეკს.
ოკუპაციის დაწყებისა და დასასრულის თარიღების გათვალისწინებით, გერმანელები რეგიონში მხოლოდ 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მაირბეკ ვაჩიგაევის თქმით, საეჭვოა, რომ ამ ხნის განმავლობაში მთელი ხალხები ჩაფლულიყვნენ გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, მით უფრო, რომ მცირერიცხოვანი ყარაჩაელი ხალხის დიდი ნაწილი ამავე პერიოდში საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა სამშობლოს დასაცავად.
„ყარაჩაელები იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. ჯამში მთელ კავშირში 80 ათასი ყარაჩაელი ცხოვრობდა, საკუთრივ ყარაჩაი-ჩერქეზეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა 68 ათასი ადამიანი. მიუხედავად ასეთი სიცოტავისა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ საბრძოლველად ფრონტის ხაზზე რესპუბლიკიდან 12-დან 15 ათას კაცამდე გაეშურა. ეს ძალიან დიდი რიცხვი ასეთი პატარა ხალხისთვის. მაგრამ ამ ტრაგედიას გაგრძელება ჰქონდა. როდესაც დეპორტაცია დაიწყო, ყარაჩაელებს ფრონტიდან ხსნიდნენ და ეუბნებოდნენ, თქვენ ახალი საცხოვრებელი მისამართები გაქვთ, ყაზახეთში უნდა წახვიდეთო. და ადამიანები მხოლოდ გზაში იგებდნენ , რომ იმ დროს, როდესაც ისინი ამ ქვეყნისათვის იბრძოდნენ და თავის სწირავდნენ, ამ ქვეყანამ, ამ სახელმწიფომ, მათ სამშობლო წაართვა და ოჯახები გადაუსახლა. საბჭოთა ხელისუფლება შიშობდა, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი ყარაჩაელები გაიგებდნენ თავიანთი ნათესავების გადასახლებას და რაიმეს მოიმოქმედებდნენ - ვინმეს მოკლავდნენ, ან ამბოხებას მოაწყობდნენ“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
„ლავრენტი ბერია პირადად იღებდა მონაწილეობას ყარაჩაელების დეპორტაციაში“
საბჭოთა ხელისუფლებამ 1943 წლის 2-5 ნოემბერს 70 ათასამდე ყარაჩაელი ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში გადაასახლა საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვაგონებით. დეპორტირებული ყარაჩაელებით სავსე პირველი შემადგენლობა ჩრდილოეთ ყაზახეთში 5 ნოემბერს ჩავიდა. კვირაზე მეტი ხანი ისინი იყვნენ გზაში, საშინელ სიცივესა და შიმშილში. ბევრი მათგანი გზაში დაიღუპა და ახლობლებს მათი დაკრძალვის საშუალებას არ აძლევდნენ.
„არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა გზაში 68 000 დეპორტირებულიდან. თავის ანგარიშში ბერია ოფიციალურად ლაპარაკობს გზაში გარდაცვლილ რამდენიმე ასეულ ადამიანზე და აღნიშნავს, რომ ეს ნორმალურია, ეს რომ მოხდებოდა, ამას ჩვენ წინასწარ ვპროგნოზირებდითო. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ დეპორტირებულ ყარაჩაელთა დაახლოებით მეოთხედი გზაში დაიღუპა“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
გასახლების თარიღიც არ ყოფილა შემთხვევით შერჩეული. დეპორტირებულ ხალხებთან მიმართებით არჩევდნენ წინასადღესასწაულო დღეებს - ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია 1994 წლის 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს დაამთხვიეს, 1943 წლის 2 ნოემბერი კი რევოლუციის დღეს, 7 ნოემბერს უკავშირდება. ანუ სადღესასწაულო დღეებთან ასეთი „ტოტალური დეპორტაციის ოპერაციების“ დაკავშირება იყო ერთგვარი საჩუქარი სტალინისთვის. ყარაჩაელები კი დეპორტირებული ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების სიაში პირველები მათი მცირერიცხოვნობის გამო აღმოჩნდნენ.
„ყარაჩაელთა გასახლების შემდეგ ბერია თავის დეპეშაში სტალინს მოახსენებს, რომ ახლა ჩვენ უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ამ პროცესის ორგანიზება ისე, რომ არ იყოს რაიმე ნაკლოვანება გასახლების დროსო. რამდენი ჯარისკაცი უნდა გამოვიყენოთ, საიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ისინი, რამდენი ეშელონია საჭირო და ასე შემდეგ. ანუ ყარაჩაელები გახდნენ საბჭოთა ხელისუფლების ამ დანაშაულებრივი ქმედების პირველი მსხვერპლი.
ბერიას ანალოგიური დეპეშა ჩეჩენთა დეპორტაციის შემდეგაც აქვს გაგზავნილი სტალინისთვის, რომელშიც ამბობს, რომ გზაში ჩვენ მხოლოდ 1100 ადამიანი დაგვეღუპა, რაც ჩვეულებრივი ნორმაა და არაფერი აქ უცნაური არ არისო. მაგრამ, იღუპებოდა არა ასობით ადამიანი, არამედ იღუპებოდა გაცილებით მეტი და ამ დაღუპული ადამიანების ცხედრებს მატარებლის გაჩერებაზე კი არ ტოვებდნენ, არამედ მატარებლებს აჩერებდნენ ტრიალ მინდორში და აიძულებდნენ დაღუპულთა ჭირისუფლებს, რომ ახლობლების გვამები პირდაპირ ვაგონის ღია კარებიდან გადაეყარათ. თუმცა, ზოგიერთი მაინც ცდილობდა, ცხედარი დანიშნულების ადგილამდე ჩაეტანათ და იქ დაეკრძალათ“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
ჩრდილოეთ ყაზახეთსა და ყირგიზეთში დეპორტირებული ყარაჩელების მიერ ცხოვრების ხელახლა დაწყება ძალიან რთული აღმოჩნდა. ისინი უკაცრიელ ადგილზე, რომ იტყვიან, ცარიელ-ტარიელები ჩავიდნენ.
„უკვე გასახლების წინ ბევრი ფიქრობდა, რომ მათ, როგორც 1920-30-იან წლებში ხდებოდა, ე.წ. პოვოზკებით წაიყვანდნენ გადასახლებაში და ამიტომ ხარებსა და ცხენებს იმარაგებდნენ. მაგრამ სტალინური დეპორტაციის დროს გამოიყენებოდა სწორედ რკინიგზის შემადგენლობა. ეს იყო არა სამგზავრო ვაგონები, არამედ სპეციალურად შეარჩიეს საქონლის გადასაყვანი ვაგონები, რომლებშიც გაკეთებული იყო ორი-სამი თარო ბარგის შესანახად და დასაძინებლად. ასეთ ვაგონში შეყარეს დაახლოებით 60 ადამიანი, ბავშვები, მოხუცები, ქალები და კაცები. არავითარი ტუალეტი შიგნით არ იყო, ვაგონის კუთხეში იყო უბრალოდ იატაკი გაჭრილი, სადაც დეპორტირებული საჭიროებას იკმაყოფილებდა. მათ მთელი სარჩო-საბადებელი სახლებში დაატოვებინეს, უფლება მისცეს თან წაეღოთ მხოლოდ მცირე ხელბარგი და საკვები, რათა გზაში თავი გამოეკვებათ, ზოგიერთმა მამაკაცმა ტრადიციული ხანჯალი წაიღო, რომელიც "ენკავედეს" თანამშრომლებმა გზაში წაართვეს. მაგრამ ეს ხდებოდა ნოემბერში, როცა რუსეთის ტერიტორიაზე საკმაოდ ცივა. ეტაპირებისთვის განკუთვნილი ვაგონები კი საერთოდ არ თბებოდა. სიცივე რომ გადაეტანათ, ადამიანები ერთმანეთს ეკვროდნენ. სივიწროვის გამო ვაგონში მყოფებს მორიგეობით ეძინათ, გამონაკლისს მხოლოდ ავადმყოფები და მოხუცები წარმოადგენდნენ“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
ვიდრე ახალ ადგილზე დამკვიდრდებოდნენ, 1943-დან 1949 წლამდე გადასახლებულ ყარაჩაელთა დეპორტაციის ადგილზე დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამავე პერიოდში დაბადებულებისა. და მხოლოდ 1949 წელს გათანაბრდა ეს ორი რიცხვი. ხოლო 1957 წელს, უშუალოდ სამშობლოში რეპატრიაციის დაწყების წინ, ყარაჩაელთა რაოდენობა დეპორტაციამდელ დონეს გაუთანაბრდა. ანუ 16 წელს დასჭირდა იმას, რომ ყარაჩაელთა რაოდენობა კვლავ გამხდარიყო 60 ათასი.
„მათ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამთ ქართველების მისამართით“
ყარაჩაელთა დეპორტაცია ყაზახეთისა და ყირგიზეთის სტეპებში 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. საბჭოეთის ტირან იოსებ სტალინის ბრძანების შესასრულებლად მობილიზებული იყო 53 347 მოქმედი ჯარისკაცი, რომლებიც ფრონტიდან მოხსნეს. ყარაჩაელთა იმდროინდელი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ეს უდრიდა ერთ ჯარისკაცს 1,23 მშვიდობიან ყარაჩაელზე. მთლიანობაში შუა აზიაში გაიგზავნა 32 ეშელონი, თითოში დაახლოებით 2000-2100 ადამიანი უნდა ყოფილიყო. ვაგონში საშუალოდ 58 ადამიანი.
„ყარაჩაელებისა და ჩეჩნების დეპორტაციაში პირადად იღებდა მონაწილეობას ლავრენტი ბერია. მეორე წარმოშობით ქართველი, მიხეილ გვიშიანიც მასთან ერთად იყო, თუმცა ის უფრო მეტად შემდეგ უკვე ჩეჩნების დეპორტაციაზე იყო პასუხისმგებელი და პირადად უგზავნიდა პატაკებს ლავრენტი ბერიას. ისტორიკოსთა შეფასებით, კავკასიის ხალხების გადასახლების დროს გამოყენებული იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (NKVD) ძალები, რომლებიც თითქოს ფრონტიდან მოხსნეს. მაგრამ ისინი ფრონტზე არასოდეს ყოფილან, უფრო ზუსტად, ნაცვლად იმისა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ებრძოლათ, ამ დროს ისინი გადაისროლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, მშვიდობის მოსახლეობის წინააღმდეგ. თანაც ეს იყო სომხეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის ცენტრალური ნაწილიდან ჩაყვანილი „ენკავედეს“ ნაწილების ერთგვარი ნაკრები“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი.
მაგრამ მთელი ამ ტოტალური დეპორტაციის შემოქმედი იყო საბჭოთა ტირანი იოსებ სტალინი, რომლის ბრძანებითაც ერთიმეორის მიყოლებით გამოცხადდა საბჭოთა კავშირის მტრებად საბჭოთა კავშირში მცხოვრები ათი ხალხი: ყარაჩაელები, ყალმუხები, ჩეჩნები, ინგუშები, ბალყარელები, ყირიმელი თათრები, მაჰმადიანი მესხები, გერმანელები და კორეელები.
ყარაჩაელთა გასახლების შემდეგ, როგორც ამბობენ, თავდაპირველად ლავრენტი ბერიას სურდა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს გადასცემოდა.
„მაგრამ ქართველები ჩაასახლეს მხოლოდ მთიან ნაწილში, ძირითადად კი იქ ჩაიყვანეს მეზობელი ხალხები, მეტწილად რუსეთის რეგიონის წარმომადგენლები, პირდაპირ ვთქვათ - რუსები. იგივე განმეორდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის დეპორტაციის შემდეგ, როდესაც რესპუბლიკა გაჰყვეს საქართველოს, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის. ანუ მთიანი ნაწილი, რომელიც საქართველოს ესაზღვრებოდა, ანუ კავკასიონის ქედი, ბერიას ჩანაფიქრით უნდა გადასცემოდა საქართველოს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღესდღეობით არცერთი დეპორტირებული ხალხების წარმომადგენლებს - არც ყარაჩაელებს, არც ჩეჩნებსა და ინგუშებს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამთ ქართველების მიმართ. მით უფრო, რომ როდესაც დეპორტირებული ყარაჩაელები უკან დაბრუნდნენ, მათ ადგილას ჩასახლებულმა ქართველებმა ყველაფერი უკლებლივ უკან დაუბრუნეს - სახლ-კარიც და ცხვარ-ძროხაც. ეს იყო ძალიან ლამაზი ჟესტი, კეთილშობილური ჟესტი, რომელიც ყოველთვის აღინიშნება დღეს ყველა დეპორტირებული ხალხების მხრიდან“, - ამბობს მაირბეკ ვაჩიგაევი და დასძენს, როგორც ყარაჩაელები, ასევე სხვა რეპრესირებული კავკასიელი ხალხები - ჩეჩნები, ინგუშები - არასოდეს აიგივებდნენ საბჭოთა ჯალათებს - სტალინს, ბერიასა და გვიშიანს ქართველ ხალხთან.
ყარაჩაელთა დეპორტაციის ერთი წლის თავზე, 1944 წლის 21-23 თებერვალს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში დეპორტირებულ იქნა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი.
ასეთი მასობრივი დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად იქცა „ფაშისტი ოკუპანტებისათვის ხელშეწყობაში“ მათი დადანაშაულება. ყარაჩაელების მსგავსად, ჩეჩნებმა და ინგუშებმაც 1957 წელს მიიღეს სამშობლოში დაბრუნების უფლება.
ისტორიკოსების შეფასებით, გადასახლების ადგილებში შექმნილი უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები ათიათასობით ჩეჩნისა და ინგუშის სიკვდილის მიზეზად იქცა.