Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს


ფოტოკოლაჟი: სოფო ზედელაშვილი, იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე
ფოტოკოლაჟი: სოფო ზედელაშვილი, იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლების, იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართავს. გათავისუფლებამდე ისინი ტელევიზიაში "შავი სიების" არსებობაზე საუბრობდნენ.

"საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში", ორგანიზაციაში, რომელიც გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს იცავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პირთა სამსახურში მიღებისა და გაშვების გადაწყვეტილებას იღებს, მასალის მომზადების ეტაპზე დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებით, 1 მაისიდან ტელევიზიიდან გაათავისუფლეს ის სამი თანამშრომელი, რომლებიც არხზე ე.წ. შავ სიასა და ცენზურაზე საუბრობდნენ.

ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად არხის დირექტორმა ბრძანებაში "საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებები" დაასახელა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე არხის თანამშრომლები თებერვლიდან საუბრობდნენ. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

XS
SM
MD
LG