Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა


აქცია თბილისის მერიასთან
აქცია თბილისის მერიასთან

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვაზე პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა. ორგანიზატორები რამდენიმე პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა იყვნენ.

აქციაში სულ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თბილისის მერიის შენობასთან კი რამდენიმე ათეული პოლიციელი იდგა.

აქცია თბილისის მერიასთან
აქცია თბილისის მერიასთან

"ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები არიან: "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა, "შეცვალე" და "ჯიუტი".

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

მათ შორის 13 წლის მარტია მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

XS
SM
MD
LG