Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არც მიფიქრია, რომ დენი იყო" - რას ჰყვება მებაღე, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა


დევი მეზურნიშვილი
დევი მეზურნიშვილი

ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია კაცი, რომელმაც გუშინ შადრევნიდან სამი არასრულწლოვანი ამოიყვანა. მეზურნიშვილი ჟურნალისტებს დილიდან უყვება, როგორ ცდილობდა შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ბავშვების გადარჩენას, რომლებმაც დენის დარტყმისგან გონება დაკარგეს.

"შველას ითხოვდნენ. მე ახლოს ვიყავი, ჩემს სამუშაოს ვასრულებდი. ყვირილის ხმა გავიგე - შველას ითხოვდა ყველა, ბავშვებიც. "ბავშვები ვერ ამოდიან წყლიდან, შველა უნდათ". ჩავედი წყალში და დავინახე შიგ ჩაძირული ბავშვები.

ჩემი სამუშაო ტანსაცმლით ჩავედი. არც მიფიქრია, რომ დენი იყო, მაგრამ ჩავედი, მივხვდი, რომ დენი იყო. რასაც გავუძელი, იძულებით მივუახლოვდი და კინაღამ დავრჩი შიგ იმ ორი ბავშვის გადარჩენის გამო.

სამივე ბავშვი წყალში იყო. ესენი იყვნენ ჩაძირულები და უგონოდ.

მაღლა არ ამოვსულვარ, ხალხმა გამომართვა ბავშვი. მერე შევბრუნდი, ვცდილობდი მეორესთან მიახლოებას. დრო დამჭირდა, დენი არ მიშვებდა. შევძელი მისი გამოყვანაც. შევბრუნდი მესამის გამოსაყვანად და დროც იკარგებოდა.

მესამე ბავშვის გამოყვანის დროს დენი გაითიშა. ხალხი ყვიროდა და ითხოვდა შადრევანი ჩაექროთ. შეუძლებელი იყო იქამდე მისვლა და მიღწევა. ვეღარ მივდიოდი იქამდე", - უთხრა მან "ფორმულას".

გუშინ, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

მათგან ერთი გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გამოკითხვები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG