Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაკის პარკის საქმეზე" ასამდე პირი გამოკითხეს - შსს


კახა მურადაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
კახა მურადაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა მედიას გააცნო „ვაკის პარკის საქმეზე" ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. მისი განცხადებით, უკვე გამოიკითხა ასამდე პირი.

„გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით, 100-მდე პირია ამ დრომდე დაკითხული. გამოძიება სწავლობს თბილისის საქალაქო სამსახურიდან და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიიდან ამოღებულ დოკუმენტაციას. გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ წუთშიც ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩვენი ინტერესიც არის სწრაფად და მალე გავარკვიოთ მიზეზი რა მოხდა. გამოძიების შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ“, - თქვა მურადაშვილმა.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე ბავშვი კი მკურნალობას "ნიუ ჰოსპიტალში" განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

XS
SM
MD
LG