სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებით ეხმაურება თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის მოზარდის დაღუპვას. ის მოითხოვს დროულ და ეფექტიან გამოძიებას.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.
შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.
აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).
მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".