Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"[შადრევანი] შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც" - მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოძიებამ გამოჰკითხა


 მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი
მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი

თბილისში, ვაკის პარკში, მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოჰკითხა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი. მისი თქმით, ვაკის პარკის შადრევანი, რომელშიც 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა და მათგან ერთი გარდაიცვალა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.

"შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად", - უთხრა პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს გიგა გიგაშვილმა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად წმენდდნენ შადრევანს როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.

"დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც. რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.

დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც" - ამბობს გიგაშვილი.

13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის პარკის შადრევანზე "გრინსერვის+" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოსაა ჩატარებული.

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). ამ დროისთვის ვაკის პოლიციაში მიმდინარეობს გამოკითხვები.

XS
SM
MD
LG