ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინა დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, როცა ეს უსაფრთხო იქნება.
საელჩოს მიერ დღეს, 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა შეუტია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამთავრობო ობიექტებს კიევსა და სხვაგან. საელჩოს თანახმად, რუსეთის მიერ დარტყმების გაგრძელება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.
დღეს დილიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა საშუალებით შეუტიეს უკრაინის ქალაქებს. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, დილით, აგრესორმა ისროლა 75 რაკეტა და მათგან 41 გააუვნებელყო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.
უკრაინის ტერიტორიაზე დღევანდელ ინტენსიურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.