უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დღევანდელ თავდასხმებს ორი სამიზნე აქვს - ენერგოობიექტები და ადამიანები. უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე შეტევების დროს ზელენსკიმ თანამოქალაქეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან მიმართა.
„მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათეულობით რაკეტა, ირანული შაჰიდები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ერთი სამიზნეა ენერგოობიექტები მთელ ქვეყანაში - კიევსა და ხმელნიცკში, ლვოვსა და დნეპრში, ვინიცაში, ზაპოროჟიეში, სუმიში, ხარკოვში, ჟიტომირსა და ქვეყნის სამხრეთში. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთს სურს პანიკისა და ქაოსის გამოწვევა და ენერგოსისტემის განადგურება, მაგრამ უიმედონი არიან.
ზელენსკის განცხადებითვე, მეორე სამიზნეა ადამიანები, ამიტომ საგანგებოდ შეარჩიეს ისეთი დრო და ადგილები, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინათ. უკრაინის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს მიმართა, თავშესაფრებში დარჩნენ, უსაფრთხოების წესები დაიცვან და ახსოვდეთ, რომ უკრაინა იყო მტრის გამოჩენამდე და იქნება მის შემდეგაც.
დღეს დილიდან, რუსეთის სამხედრო ძალები სხვადასხვა საშუალებით უტევენ უკრაინის ქალაქებს. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, დილით, აგრესორმა ისროლა 75 რაკეტა და მათგან 41 გააუვნებელყო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.
უკრაინის ტერიტორიაზე დღევანდელ ინტენსიურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.