Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქამელეონის გაცოცხლება


Moonage Daydream (აშშ, 2022, რეჟისორი ბრეტ მორგენი)

საქართველოს კინოთეატრებში გადის ფილმი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, დევიდ ბოუის მოყვარულებს დიდი მუსიკოსის ეს ახალი დოკუმენტური კინოპორტრეტი არ გამორჩენიათ. ზოგმა ალბათ უკვე რამდენჯერმეც ნახა. თუმცა ჩემ ირგვლივ ვერ ვიხსენებ ადამიანს, რომელიც ბოუის ნიჭს არ აღიარებდეს. ბოლოს და ბოლოს იმდენად მრავალფეროვანი იყო როკის ვარსკვლავის შემოქმედება, იმდენად ხშირად იცვლიდა სასცენო სახეებს, რომ ყველა რაღაც თავისას აუცილებლად აღმოაჩენდა ბოუის მუსიკაში. ეგაა, რომ ბევრს ყელში ამოუვიდა დოკუმენტური ფილმები დიდ არტისტებზე, გაუთავებელი ინტერვიუებით და მოკლე-მოკლე საარქივო გადაფარვებით. არსებითად დოკუმენტური კინოს ამ ჟანრის კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი დაემსგავსა ჩვეულებრივ ტელეგადაცემას, მეტ-ნაკლებად კარგად აწყობილს. გარწმუნებთ, „Moonage Daydream“ სულ სხვა მასშტაბის სურათია - აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეოდოკუმენტებით (ბოუის საოჯახო არქივი) და ახალი ტექნოლოგიებით „გაფილტრული“ როკვარსკვლავის საკონცერტო ჩანაწერებით. რა კარგია, რომ ქართველ მაყურებელს წლის ერთ-ერთი მთავარი კინემატოგრაფიული მოვლენის ნახვის საშუალება სწორედ დიდ ეკრანზე აქვს!

ბრეტ მორგენი 5 წელი მუშაობდა ამ არქივებზე. თავიდანვე განაცხადა, რომ ერთადერთი მიზანი აქვს - სურს მაქსიმალურად ზუსტად გამოხატოს ბოუის ქარიზმა, გაგვაცნოს ადამიანი, რომელიც ქამელეონს უფრო ჰგავს და სხვა მეგავარსკვლავებისგან განსხვავებით, არ სურს იცხოვროს მხოლოდ იმ იმიჯით, რომელმაც წარმატება მოუტანა.

დიახ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ბრეტ მორგენს საგანმანათლებლო ფილმი არ გადაუღია. თუკი წარმოდგენა არ გაქვთ დიდ არტისტზე, ფილმის მუსიკალურ-ვიზუალური ქაოსის აღქმა შეიძლება გაგიჭირდეთ. ბოუი ისე გვიამბობს თავის თავზე, როგორი მუსიკაც უყვარს - ჟანრებს ურევს. მეტიც, არ იზღუდება მხოლოდ მუსიკით და გვაცნობს თავის ნახატებს, ქანდაკებებს. ამას დაუმატეთ მისი, როგორც თეატრისა და კინოს მსახიობის ოსტატობა და... არ ვაჭარბებ, ბოუი გადაიქცევა „რენესანსული გაქანების“ არტისტად, რომელსაც აქამდე, შესაძლებელია, მისი ფანებიც კი კარგად არ იცნობდნენ. გასაგებია, რომ ბიოგრაფიული კინოს მოყვარულებს დარჩებათ უკმაყოფილების განცდა - ფილმში მინიმუმამდეა დაყვანილი ბოუის პირადი ცხოვრების ეპიზოდები, მისი დაძაბული ურთიერთობა დედასთან, მეგობრობა ძმასთან (სერიოზული ფსიქიკური პრობლემებით), მისი ქორწინება. უპირატესობა ენიჭება იმის ჩვენებას, თუ ვისი გავლენა განიცადა მეგავარსკვლავმა. სია გრძელია - დაწყებული ბეროუზიდან და გერმანული ექსპრესიონიზმიდან, დამთავრებული ბუნუელით და კუბრიკით. მაგრამ არსად, ფილმის არც ერთ ეპიზოდში ეს „პოსტმოდერნისტული ჩართვები“ არ ქმნის პრეტენზიულობის შთაბეჭდილებას. მეტიც, ფილმის პირველი ნახევარი, როცა ლიტერატურული, კინემატოგრაფიული, ფერწერული სახეების მონაცვლეობა წყვეტილია, რაღაცნაირ გაშმაგებულ რიტმზე აგებული, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ბოლო ნაწილი, როცა რიტმი მშვიდდება, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს სათქმელიც გამოელია და საარქივო მასალაც.

მორგენმა ფილმი ბოუის 1971 წელს ჩაწერილი სიმღერის სახელწოდებით დაასათაურა. „Freak out in a moonage daydream“ - ეს სიტყვები მეორდება მისამღერში. და თითქოს სწორედ ეს სიტყვები განსაზღვრავს მორგენის ფილმის ჟანრსაც, უფრო სწორად, წარმოგვიდგენს ნაწარმოებს, რომელშიც ჟანრის კანონებზე უარია ნათქვამი. სამაგიეროდ გამოყენებულია ლამის ყველა ტექნოლოგიური ხერხი, რომელსაც თანამედროვე კინოხელოვნება ფლობს - ხმის მუდმივი დამუშავება, მისი სივრცეში განფენა ტექნიკური ტრიუკია, თუმცა ხმის დონეების მუდმივი ცვლა და გამდიდრება ნიუანსებით საარქივო გამოსახულებასაც კი სიღრმეს ანიჭებს. რომ აღარაფერი ვთქვათ მონტაჟზე. ის შემთხვევა, როცა თავად კინო უტოლდება ბოუის ხელოვნებას.

„მე კოლექციონერი ვარ, მე ვაგროვებ პიროვნებებს და იდეებს“, -ამბობს ფილმის გმირი. კოლექციები კი საცავში, სკივრში ინახება. იშვიათადაა პედანტურად დალაგებული. ყოველ შემთხვევაში ბოუის „სკივრში“ - არასდროს. აქ ყველაფერი არეულია, მათ შორის მარგალიტები და ნაგავი... შესაბამისად, ეს ფილმიც მუსიკალური სახეების კალეიდოსკოპია, ფსიქოდელიური მოგზაურობა, ერთგვარი კოლაჟი (არა კლიპი!), ფორმა, რომელიც მორგენის პრინციპული არჩევანია. ავტორი არ მიჰყვება ბოუის ცხოვრებას ქრონოლოგიურად, რაღაც ეტაპების მიხედვით. „Moonage Daydream“ უფრო რეჟისორის დემონსტრაციული ჩარევაა ბოუის ხელოვნებაში, რაც საკმაოდ სარისკოა - ამან შეიძლება გააღიზიანოს მუსიკოსის ის ფანები, რომლებიც თავიანთი კერპის ბიოგრაფიას უკვე განიხილავენ, როგორც ხელოვნებას. თუმცა მორგენი სხვაგვარად ფიქრობს - მისთვის მთავარი ამ „არასტაბილური“ ტალანტის შემოქმედებაა - იმპულსური, ხანდახან მორცხვი, ხანდახან მეტისმეტად თავდაჯერებული, ნერვიული, სასოწარკვეთილი, ზოგჯერ დეპრესიული („ბედნიერის“ ნიღბით)... ბოუი თავის თავს უსვამს კითხვებს და პასუხს ფაქტობრივად ჩვენ, მაყურებელს გვთხოვს... არადა, არაა ადვილი საპასუხო. ფიქრია საჭირო. ფიქრი როკის გენიოსის მუსიკის ფონზე. ამის სურვილი თუ გაგიჩნდათ, თავად ააწყობთ ქაოსს, რომელიც თითქმის ორსაათ-ნახევარი გრძელდება. ხომ გახსოვთ, როგორაა აწყობილი ბოუის „Space Oddity“? მუსიკალური ქაოსით იწყება და სრულდება აბსოლუტური ჰარმონიით.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG